ავტორი:

"რუსეთმა თამასა დაწია, გამორიცხულია უკვე კიევის აღება... რუსებმა დიდი დანაკარგი მიიღეს და დაწყებულია ფარული მობილიზაცია" - გენშტაბის ექსუფროსი

"რუსეთმა თამასა დაწია, გამორიცხულია უკვე კიევის აღება... რუსებმა დიდი დანაკარგი მიიღეს და დაწყებულია ფარული მობილიზაცია" - გენშტაბის ექსუფროსი

ახლა უკვე გააჩნია, რას დაისახავს მიზნად რუსეთი. გამორიცხულია უკვე კიევის აღება და უკრაინის ოკუპაცია, რაც თავიდან ჰქონდა გეგმებში გამორიცხულია, რუსებმა თამასა დაწიეს , - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთმა დიდი დანაკარგი მიიღო და დაწყებულია ფარული მობილიზაცია მის შესავსებად.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთმა დიდი დანაკარგი მიიღო, ტექნიკური თუ ადამიანური, შესაბამისად, ზარალის შესავსებად ფარული მობილიზაციაა დაწყებული. მობილიზაცია ძირითადად ჩრდილო კავკასიის, კრასნოდარის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ხორციელდება, ვინაიდან, ცენტრალური რეგიონებიდან მოსახლეობის მხრიდან ზედმეტი წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს.

25 მარტს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გამოსვლა იყო, რომელმაც პირდაპირ განაცხადა: „ჩვენ არ ვაპირებდით დიდი ქალაქების აღებას, ჩვენი ამოცანა არის დონბასის საზღვარზე გასვლა". ამან უკვე აჩვენა ის, რა მიზნებამდე დავიდნენ ამ ეტაპზე. ზუსტად იმიტომ, რომ ის დანაკარგი ნახეს, რაც მათ მიიღეს, სადაც 30%-მდე დანაკარგი აქვთ. 11 არმიიდან 9 თუ 10 არმია უკვე ჩართულია საომარ მოქმედებებში. რეზერვით ისინი ვერ გააძლიერებენ ვერავითარ შემთხვევაში ამ დაჯგუფებას, შეავსებენ დანაკარგს, ისეთ დაჯგუფებას ვეღარ შექმნიან როგორიც ომის დასაწყისში შექმნეს. შესაბამისად, ამოცანების შემცირებულია. თანამედროვე ტიპის შეიარაღება მათაც უმთავრდებათ, რესურსი გამოულეველი არ ჰქონიათ, თუმცა საწყობები სავსე აქვთ წინა თაობების აღჭურვილობებით“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდა და სხვა ევროპული ქვეყნების ჩართვა მოსალოდნელი არ არის, თუმცა თუ რუსეთს გაუჭირდება, შესაძლებელია კონფლიქტში ბელარუსიაც ჩაერთოს.

"როცა გაუჭირდება რუსეთს, მე მაინც მგონია, რომ ომში ბელარუსია ჩაერთვება, რუსეთის სასარგებლოდ. რუსეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ტყუილად არ იყო. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ლუკაშენკო გადაჰყვება კიდეც პუტინს. ნატო-ს ჩართულობის შესაძლებლობას მე ჯერ ვერ ვხედავ ამ ომში. არ სჭირდება უკრაინას ზოგადად ამის ჩართულობა. რუსეთსაც არ სჭირდება ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მიმართულებით დარტყმების განხორციელება. უკრაინა, რაც მას სჭირდება ნატო-სგან, იარაღის მიწოდება, იღებს ფაქტობრივად.

ლუკაშენკოსთვის ფასი იქნება ის, რომ თვითონ წავა ციხეში, აუცილებლად შეიცვლება ბელორუსიაში ხელისუფლება, ამის ნიშნები იყო კიდეც და რუსეთმა გადაარჩინა. იმდენად გარემოცულია ბელორუსია ევროპული დემოკრატიული ქვეყნებით, რომ რუსეთის ნებისმიერი დასუსტება მასზე აისახება და შეიცვლება ანაქრონიზმი ლუკაშენკოს სახით“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძე გადაცემაში საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ტერმინ გენოციდის გამოყენებისას ფრთხილი იქნება, რადგან „ეს ორი ხალხი ძმები არიან“.

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, მომხდარს ზუსტ დასახელებას საერთაშორისო სასამართლო მისცემს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ის, რომ ფრანგულ-გერმანული პოზიცია რუსეთის მიმართ არის უფრო რბილი, თუმცა გერმანული იცვლება, მაგრამ ფრანგული დარჩა რბილი და ფრთხილი. საფრანგეთი მაინც ცდილობს, რომ გარკვეულწილად შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან. რაც შეეხება ტერმინ გენოციდს, არსებობს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ზუსტად მიცემს ამას თავის დასახელებას. მაკრონმა არ იცის ეტყობა კარგად, ან ალბათ იცის, მაგრამ... რუსეთი არ არის მარტო რუსების ქვეყანა, ჩეჩენი როგორ არის უკრაინელის მოძმე ან ბურიატი? არ არის რუსეთი რუსების ქვეყანა, იქ არის ბევრი ხალხი გაერთიანებული“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ამასთან, ვახტანგ კაპანაძის თქმით, თუკი დამტკიცდა რომ გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, ეს უკვე სამხედრო დანაშაულის ტოლფასია.

„ეს არის სამხედრო დანაშაული. აუცილებლად ეს უნდა იყოს დამტკიცებული, მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორის ბომბებმაც, რომელსაც იყენებს რუსეთი. აფეთქებების შემდეგ ნამწვის დაგროვებამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები ადამიანში. მაგრამ თუკი დამტკიცდა, რომ გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, ეს უკვე სამხედრო დანაშაულის ტოლფასია. ეს თუ დადასტურდა დაემატება იმ უბედურებებს და საშინელებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.