ავტორი:

"ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა, სოსო პავლიაშვილი" - ოდესღაც თავისუფლებაზე მომღერალი რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსებს კონცერტზე ასე ეპატიჟება: ნახეთ, რას ამბობდა ის 2008 წლის ომზე?

"ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა, სოსო პავლიაშვილი" - ოდესღაც თავისუფლებაზე მომღერალი რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსებს კონცერტზე ასე ეპატიჟება: ნახეთ, რას ამბობდა ის 2008 წლის ომზე?

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპის შუაგულში დამპყრობლური ომი გააჩაღა, სოსო პავლიაშვილი რუსეთში მყოფი ქართველი მომღერლებიდან ერთ-ერთია, რომელმაც დუმილი არჩია. ორი თვის შემდეგ კი საკონცერტო ანონსით გამოჩნდა. გავრცელებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ 24 აპრილს სოლო კონცერტი ექნება მოსკოვის "ლუსტრა ბარში".

"ჩემო ძვირფასებო, ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა, სოსო პავლიაშვილი. 24 აპრილს ყველას გეპატიჟებით ჩემს სოლო კონცერტზე. შესანიშნავ დაწესებულებაში "ლუსტრა ბარში". მუდამ თქვენი სოსო პავლიაშვილი...“ - ამბობს პავლიაშვილი ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში "აგვისტოს ომი“ მომღერალმა ასე შეაფასა:

- რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა. არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსებისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებაც იყო... არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, სიგიჟესთან გვქონდა საქმე. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!

- ვის გულისხმობთ?

- სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას!

- რუსეთი ოკუპანტია, თუ - არა?

- მათ საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ დამწყვდეულ დათვს გალიაში ხელს რომ შეუყოფ, ხომ წინასწარ იცი, რომ მოგაჭამს და ვისი ბრალი იქნება ეს - დათვის?!