ავტორი:

"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემას ეხმაურება. ის პარალელს ავლებს სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებით ორივემ შეცდომა დაუშვეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა და ამ საკითხზე გულგრილობა არ შეიძლება.

"იმედია, ეს ორი მოვლენა ტრაგიზმით არ დაემსგავსება ერთმანეთს, მაგრამ ანალოგიას მაინც ვიპოვით: პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. ის მოკლეს (ალყაში მოქცეულის თვითმკვლელობა - თუკი ეს თვითმკვლელობა იყო - მკვლელობაა).

პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. მის დიაგნოზს ის სიკვდილამდე მიყავს და თუკი ეს მკვლელობა არაა, უთუოდ სიკვდილის ხელშეწყობაა.

ისინი თუნდაც დაბრუნების შეცდომით გვანან ერთმანეთს.

პირველიც საკამათო ფიგურა იყო იმ დროის ქართველებისთვის და მეორეც საკამათოა ამ დროის ქართველებისთვის. მაგრამ საკამათო არაა შეცდომა, რომელიც იმ დროის ქართველებმა დაუშვეს და შესაძლოა ამ დროის ქართველებმაც დავუშვათ:

ეს შეცდომა გულგრილობა, "ეს მე არ მეხება" პოზიცია და კვაზიპოლიტიკურ ემოციურ არგუმენტად ქცეული გაღიზიანებაა ისტორიულ-პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომელიც სწორედ ისტორიულად არ იმსახურებს ქვეყნისგან ასეთ უპასუხისმგებლო და სანანებელ დამოკიდებულებას. ხომ ჯობდა, რომ გამსახურდიას ეცოცხლა? ჯობდა.

ჰოდა, 30 წელი უნდა გავიდეს, რომ სააკაშვილზეც იგივე ვთქვათ? დაგვიანებული არ იყოს" - წერს ბუღაძე.