ავტორი:

არეულობა ერევანში, დაკავებულია 200-მდე პროტესტანტი, მათ შორის ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის ვაჟი - "ზუსტად იციან, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას დღეს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ..."

არეულობა ერევანში, დაკავებულია  200-მდე პროტესტანტი, მათ შორის ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის ვაჟი - "ზუსტად იციან, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას დღეს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ..."

ერევანში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის აქცია გრძელდება. პროტესტანტებმა დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას აცნობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბებას, ასევე კონფლიქტის თვითგამორკვევის გზით მოგვარებას მოითხოვს..

  • ოპოზიციის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებას აპირებს და ამიტომ მოსახლეობას მისი მთავრობის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, 3 მაისს, დილიდან, აქციის მონაწილეებმა ერევანი-სევანის გზა გადაკეტეს და ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. ადგილობრივმა პოლიციამ 200-მდე აქტივისტი დააკავა. არსებული ცნობებით, მათ შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის ვაჟი, ლევონ ქოჩარიანი.

"აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა სომხეთის მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმაც. მთლიანობაში, ოპოზიციის მხრდამჭერთა ორმა ნაწილმა ერთდროულად შეუტია ხელისუფლებას. ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, მეორე - ბევრად აქტიურად მოქმედებს. კონკრეტულად, ცენტრალური გზის გადაკეტვებითა და ქვეყანაში დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებით არის დაკავებული" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ქალაქის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე კარვებია გაშლილი და აქტივისტებს კოცონი აქვთ დანთებული, მღერიან პატრიოტულ სიმღერებს და აქვთ ლოზუნგები - "ნიკოლ მოღალატე! სომხეთი ნიკოლის გარეშე!"

სომხეთში მიმდინარე პროცესებს ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება აქვს.

სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი, გორ არმათუნი მიიჩნევს, რომ დაუმორჩილებლობის კვალდაკვალ თუ ქვეყანაში არეულობა დაიწყება, ეს იქნება ოპოზიციის მიზეზით და ხელისუფლების სისუსტით განპირობებული.

ადგილობრივების თქმით, ოპოზიციამ შეძლო და მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები აუჯანყა ხელისუფლებას, რადგან ამ ტერიტორიის დათმობა, მათი სახელების შეურაცხყოფაა.

"მაშ, რისთვის იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა, ამ პატარა ქვეყნის შვილებმა, რისთვის ღვარეს სისხლი?.. თუ გადაცემას აპირებდა, გადაეცა, უსისხლოდ. არ დავთმობთ, ისედაც ძალიან ბევრი ვიწვნიეთ ამ ხელისუფლებისგან. პოლიტიკა ხელოვნებაა და რაღაც ნაბიჯებს ვიდრე გადადგამს, კარგად დაფიქრდეს, მერე თავის მართლება არის ზღაპარი", - ამბობს ადგილობრივი ვარდენ მირზოიანი.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ოპოზიციას აკრიტიკებენ და ხელისუფლებას წესრიგის დამყარებას სთხოვენ.

"ოპოზიცია ძალიან სახიფათოდ არყევს ქვეყანას. აქ რუსული ფული ტრიალებს. ხომ ზუსტად იციან, რომ მთიანი ყარაბაღის თემა ჩავლილია და იმ ტერიტორიას, ამ რეალობაში, ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ არეულობის დასაწყებად, პროცესების ასაწეწად სჭირდებათ, ახლა ნიადაგი მოსინჯეს - ან ფაშინიანი წავიდეს, ან დაუმორჩილებლობა დაიწყება.

დღესავით ნათელია, რომ რუსეთი სომხეთში მცირედ დისკომფორტსაც არ იტოვებს - უნდა სრულად მის ორბიტაზე ვიყოთ. ახლა, ამდენი სანქციების ფონზე, მით უფრო, არ აწყობს ანტირუსული განწყობები სომხეთში, რომელიც როცა უნდა, უკანა ეზოა, როცა უნდა ზურგს გვაქცევს... ფაშინიანის ხელისუფლებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, ხალხის სამსახურშია თუ ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა სათავეში", - წერს ადგილობრივი ჰასმიკ კაზარიანი სოციალურ ქსელში.