ავტორი:

"აქამდე მეგონა, უბრალოდ #1 ბრიყვად ჰყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანზე

"აქამდე მეგონა, უბრალოდ #1 ბრიყვად ჰყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - რას წერს თინა ხიდაშელი ნინო წილოსანზე
ექსმინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის მიერ "ფორმულასთან" გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ!
“თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ წმენდაზე, მისნაირი რეგვენების წყალობით, მორიგი ოკუპაციის და ომის შანტაჟის ქვეშ ქვეყნის განვითარების პარალიზებაზე ….
თუმცა ალბათ, არც ოჯახში ეცალათ პატარა რომ იყო აეხსნათ, სავარაუდოდ მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით იყვნენ დაკავებული, რაც პროკურატურაში არსებული საქმეებით ჩანს და ასე გაიზარდა.
აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ჰყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, ნინო წილოსანს "ფორმულას" გადაცემა "დროების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, "ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რაზეც წილოსანმა ასე უპასუხა: "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – თქვა დეპუტატმა.

ასევე იხილეთ: