ავტორი:

"სინამდვილეში, ყველაფერს რუსული პოლიტიკა მართავს - ოპოზიცია დიდებულ სიკვდილს იმზადებს" - რეალური პროტესტი თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა: რა ხდება სომხეთში?

"სინამდვილეში, ყველაფერს რუსული პოლიტიკა მართავს - ოპოზიცია დიდებულ სიკვდილს იმზადებს" - რეალური პროტესტი თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა: რა ხდება სომხეთში?

სომხეთში ოპოზიციური ძალები საპროტესტო აქციების აქტიურ ფაზაში გადაყვანას ცდილობენ. პერიოდულად, აქციებში ხან რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს, ხან კი იმდენად ცოტა, რომ გზების გადაკეტვას კი არა, ქალაქის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე გაშლილი კარვების შევსებასაც ვერ ახერხებენ.

ამიტომ, ოპოზიცია ყველა გზით ცდილობს, "როგორმე ქვეყანაში ტემპერატურა აწიოს". ადგილობრივების თქმით, ისინი მუდმივად ხვდებიან იმ სამხედროების ოჯახებს, ვინც მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში დაიღუპა, ასევე იმ სომხებს, ვინც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში იმ რეგიონში ცხოვრობდა, ახლა კი, დროებითი თავშესაფრები მისცეს, თუმცა უმეტესი მათგანი სოციალური პირობებით უკმაყოფილოა.

ოპოზიციური აქტივისტები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მთავარ წინაპირობად, მის განცხადებას ასახელებენ, რომლის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა სომხური მხარისგან "მთიანი ყარაბაღის" სტატუსის შესახებ ზღვარის დაწევას ელის. მათი თქმით, ფაშიანის ეს პოზიცია მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნაზე თანხმობას, იქიდან კი, სომხების გამოყრას ნიშნავს.

  • სკანდალური განცხადებით გამოწვეული უკმაყოფილების კვალდაკვალ, პრემიერმა ფაშნიანმა აღნიშნა, რომ საზოგადოების თანხმობის გარეშე არც ერთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

"ყარაბაღში მცხოვრები სომხები ყველაფრის საქმის კურსში იქნებიან, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ ჩერდება - მათ სლოგანებს თუ გადავხედავთ, ფაშიანიანმა, თავის გუნდთან ერთად, ქვეყანა დაანგრია, მიწასთან გაგვასწორა და მათ სურთ, რომ რაღაც გვიშველონ, ოღონდ არ აკონკრეტებენ - როგორ... ძალიან უნდათ რევოლუცია, როგორმე სარქსიანი და მისი გარემოცვა რომ დაბრუნდეს. ამიტომ პოსტიდან ფაშინიანის გადასაყენებლად ბრძოლისთვის ძალისხმევას არ იშურებენ" - წერს სამოქალაქო აქტივისტი დენიელ სარქსიანი სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

პოლიტიკური მიმომხილველი გაიანე აზატიანის შეფასებით, იმ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების უკან, ვინც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, სომხეთის ექსპრეზიდენტები რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი დგანან, რომლებიც მზად არიან, ქვეყანაში სისხლიც კი დაღვარონ, ოღონდ როგორმე ძალაუფლებაში დაბრუნდნენ, თუმცა საზოგადოება მათ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებად მიიჩნევს.

"ომის დროს, ვიდეოებს რომ ვნახულობდით, ჩვენი ჯარისკაცები საბჭოთა კავშირის დროინდელ, უბადრუკ კარვებში იყვნენ მოთავსებული, გული გეტკინებოდა. ახლა კი, თავიანთ აქტივისტებს ევროსტანდარტების დონის დათბუნებული კარვები აქვთ. თურმე გვქონია კარვები ქვეყანაში, მაგრამ ჯარისკაცებისთვისა და სამხედრო პირებისთვის ვერ გაიმეტეს, რომლებიც სახელმწიფოს ერთიანობას ეწირებოდნენ. ახლა კი, ეს ხალხი გამოდის და მთიანი ყარაბაღის დაკარგვის საფრთხის გამო, მოსახლეობას ქუჩაში მასობრივად გამოსვლისა და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს.

სინამდვილეში, ყველაფერს რუსული პოლიტიკა მართავს - პუტინს და მის გუნდს, რომელთაც უამრავი შეზღუდვა და სანქციები დაუწესდა, თან ეს მხოლოდ დასაწყისია, უნდათ, რომ სომხეთზე მაინც არ ჰქონდეთ სანერვიულო და ცდილობენ, ქვეყანაში მათი ერთგული ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც არც ევროკავშირისა და ამერიკისკენ გააპარებს თვალს და არც აზერბაიჯანი-თურქეთთან დაიწყებს დაიწყებს პოლიტიკური ფლირტს. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილს ესმის, რომ მათი დაბრუნება, რუსეთში სამუდამოდ დაბრუნებას ნიშნავს" - ამბობს აზატიანი.

სომეხი პოლიტოლოგის რუბენ მეჰრაბიანის თქმით, ოპოზიციას, რომელიც ერევნის ცენტშია შეკრებილი, საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან, მათ ერთადერთი რამ ამოძრავებთ - არეულობის დაწყება და ამის ნიადაგზე, სახელმწიფო გადატრიალება.

"მიმდინარე პროცესები არ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს. მეტიც, უამრავს აღიზიანებს მათი ქმედებები და როდესაც ისინი მუხტის ასაწევად ქალაქის ცენტრალური გზებს კეტავენ, ეს მოსახლეობის ძალიან ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს... მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია, რომელშიც რუსეთის გარდა, აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირიც, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლეს...

ე.წ. ოპოზიცია, თავისი ხელით იმზადებს დიდებულ სიკვდილს, რადგან ისევ ძველ დროში არიან ჩარჩენილი და ოცნებობენ იმ პერიოდზე, როდესაც აქციის მონაწილეებს სასტიკად სცემდნენ, ძალადობრივად უსწორდებოდნენ და აპატიმრებდნენ. ცდილობენ, ეს მეთოდები დააბრუნონ, მაგრამ მათი ძალისხმევა აღარ მუშაობს" - ამბობს მეჰრაბიანი.