ავტორი:

"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

თირკმელზედა ჯირკვლის შესახებ ალბათ ბევრი რამ კიდევ არ ვიცით. ეს არის ენდოკრინული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის შესახებაც ინფორმაცია საკმაოდ მწირია პაციენტებში. ~

ბევრმა არ იცის, რომ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ან ჰიპოტონია, სიმსუქნე, ჭარბთმიანობა ქალებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აკნე, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის დაბალი ციფრები, შაქრიანი დიაბეტი, კუნთების ტკივილი და კუნთოვანი სისუსტე, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება ანუ ოსტეოპოროზი, დაბალი წონა, არითმიები, ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან,“ - გვეუბნება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ კუპრეიშვილი.

ექიმის თქმით, თირკმელზედა ჯირკვალი ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაშინ, როცა საფრთხის წინაშე აღმოჩნებდა. თირკმელზედა ჯირკვალი ამზადებს ორგანიზმს "ბრძოლისთვის ან უსაფრთხო ადგილას გაქცევისთვის“. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ადაპტაციას გარემოს ცვლილებებისადმი, არეგულირებს იმუნური სისტემას, მეტაბოლიზმს, წყალ-მარილოვან ცვლას.

ხოლო რა იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებას, ამაზე თამარ კუპრეიშვილი პასუხობს:

- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები, აუტოიმუნური დაზიანება, ტუბერკულოზი. ასევე, გენეტიკური დეფექტები, რაც იწვევს სხვადასხვა ჰორმონის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტს. თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი ჰორმონის მიღება.

- რომელი ჰორმონები გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში და რა ფუნქცია აქვთ მათ?

- თირკმელზედა ჯირკვალში განასხვავებენ ტვინოვან და ქერქოვან ნივთიერებას, თითოეულ მათგანში გამომუშავდება ჰორმონების ფართო სპექტრი, მრავალფეროვანი და განსახვავებული ფუნქციებით. ჩვენ ვისაუბროთ მათგან ყველაზე ცნობილსა და მნიშვნელოვანზე.

თირკმლეზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება გამოიმუშავებს სტეროიდულ ჰორმონებს, მათ შორის, გლუკოკორტიკოიდებს (კორტიზოლი), მინერალკორტიკოიდებს (ალდოსტერონი) და ანდროგენებს (დეჰიდროეპიანდროსტერონი), ასევე ესტროგენისა და პროგესტერონის მცირე რაოდენობას. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში გამომუშავდება კატექოლამინები (დოფამინი, ნორადრენალინი და ადრენალინი).

კორტიზოლი მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, არეგულირებს არტერიულ წნევას, იმუნურ პასუხს, სასქესო ფუნქციებს, ძვლოვან მეტაბოლიზმს.

კორტიზოლის დეფიციტი იწვევს: გამოფიტვას, სისუსტეს, დაღლილობას, მადის დაქვეითებას, გულისრევას, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს, წონის დაქვეითებას, სისხლში შაქრის დაბალ დონეს და დაბალ არტერიული წნევას.

კორტიზოლის სიჭარბე იწვევს: წონის მატებას, ქალებში არარეგულარულ მენსტრუაციას ან ამენორეას, ჰირსუტიზმს, აკნეს, მიოპათიას, შფოთვას, გუნება-განწყობის გაუარესებას, შაქრიან დიაბეტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, კალიუმის დეფიციტს, კუნთოვან სისუსტეს, ოსტეოპოროზს ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას.

ალდოსტერონი არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას და არტერიულ წნევას.

ალდოსტერონის დეფიციტი იწვევს დაბალ არტერიული წნევას, კალიუმის დონის გაზრდას სისხლში (ჰიპერკალიემია), ცნობიერების დაბინდვას, დიარეას, დაღლილობას, ღებინებას, არითმიებს.

ალდოსტერონის სიჭარბე იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, კალიუმის დონის დაქვეითებას სისხლში (ჰიპოკალიემია).

ანდროგენები-დეჰიდროეპიანდროსტერონი, დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი, ანდროსტენდიონი-პერიფერიულ ქსოვილებში გარდაიქმნებიან ტესტოსტერონად და ესტროგენად.

მათი დეფიციტის დროს ვითარდება: ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს და ფერტილობის დაქვეითება, გუნება-განწყობის გაუარესება, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაქვეითება, ანემია სისხლწარმოქმნის დაქვეითების გამო.

ანდროგენების სიჭარბისას, განსაკუთრებით ქალებში, აღინიშნება გარეგნული იერის მასკულინიზება, დაბალი ხმა, კუნთოვანი მასის გაზრდა, ჰირუსტიზმი ანუ ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დაღვევა, ზოგჯერ ამენორეა.

კატექოლამინები - დოფამინი, ნორადრენალინი და ადრენალინი - ადრენალინი და ნორადრენალინი, განსაკუთრებული სტრესის პირობებში ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობას. დოფამინი იწვევს დადებით ემოციებს, არეგულირებს მოძრაობას.

- თირკმელზედა ჯირკვლის რა დაავადებებს განასხვავებენ?

- არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებათა რამდენიმე ტიპი, თითოეულს აქვს შესაბამისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები.~

კუშინგის სინდრომი - ვითარდება ორგანიზმში კორტიზოლის მაღალი დონის შედეგად. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ასევე, ექტოპიური სიმსივნეები. ზოგჯერ კუშინგის სინდრომი ვითარდება სტეროიდული ჰორმონების ხანგრძლივი და გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. დამახასიათებელია წონის მატება, მთვარისებრი სახე, სტრიები, განსაკუთრებით მუცელზე, ბარძაყზე, მკერდსა და მკლავზე, აკნე, თმიანობა ქალებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება,ფერტილობის დაქვეითება, ერექტიული დისფუნქცია და ა.შ.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია - ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს არასაკმარისი რაოდენობით კორტიზოლს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა ჰორმონების მხრივაც დარღვევები, მაგალითად, მათი ორგანიზმი შეიძლება არ გამოიმუშავებდეს საკმარისი რაოდენობით ალდოსტერონს, მაგრამ შეიძლება გამოიმუშავებდეს დიდი რაოდენობით ანდროგენებს. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი გენის დეფექტია, და როგორია ფერმენტული დეფიციტის დონე.

ფეოქრომოციტომა - ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში. ის წარმოქმნის დიდი რაოდენობით ადრენალინს. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, ტრემორი, სიფერმკრთალე, ჰაერის უკმარისობა, პანიკური შეტევის მსგავსი სიმპტომები.

ადისონის დაავდება - აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებას. ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით კორტიზოლს. ხშირ შემთხვევაში, ალდოსტერონსაც. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, მუქი ფერის კანი (ჰიპერპიგმენტაცია), მარილისადმი მოთხოვნილების გაზრდა, დაბალი არტერიული წნევა, გამოხატული სისუსტე, წონის დაკლება.

ჰიპერალდოსტერონიზმი - ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ალდოსტერონს, რომელსაც აპროდუცირებს ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ან ჰიპერპლაზირებული თირკმელზედა ჯირკვლები. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მაღალი არტერიული წნევა. როდესაც გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდა ასაკში, აგრეთვე გვაქვს მკურნალობისადმი რეზისტენტული ჰიპერტენზია, აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის გამოკვლევა.~

- როგორ იმოქმედა კოვიდმა თირკმელზედა ჯირკვალზე?

- ენდოკრინული სისტემა, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვალი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კოვიდ 19-ის ეპოქაში. აღწერილია შემთხვევები, როდესაც კოვი 19-ით ავადობის დროს განვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ზოგადად, პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, რამდენადმე გაზრდილი აქვთ რისკები, ბუნებრივი კილერი უჯრედების ფუნქციის დაქვეითების გამო (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), გარდა ამისა, დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომელიც დამახასიათებელია კუშინგის სინდრომისთვის, კარგადაა ცნობილი, როგორც არასასურველი პროგნოზური ფაქტორები კოვიდ 19-ის დროს ასაკისგან დამოუკიდებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია შესრულდეს ინფექციის პროფილაქტიკის სტანდარტული ზომები. ინფექციის შემთხვევაში კი, საჭიროა არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

- რაც შეეხება პრევენციას და რეკომენდაციებს...

- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევაში, რთულია, საუბარი პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით (აუტოიმუნური დაზიანებები, სიმსივნეები, გენეტიკური დეფექტები).

რეკომენდაციას რაც შეეხება, სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით მივიღოთ ჰორმონალური პრეპარატები. გავითვალისწინოთ, რომ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სიმსუქნე, ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აკნე, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი ციფრები, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება ანუ ოსტეოპოროზი, შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან.