ავტორი:

"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 37 წლის რატი შურღია დაიღუპა. ის ამბობდა, რომ უკრაინაში ბრძოლით საქართველოს მტერს ანადგურებდა, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებდა და ბრძოლის ველიდან მხოლოდ უკანასკნელი გამოვიდოდა. ასეც გააკეთა, - სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალაქ ირპენში. სადაც მტრის ყუმბარის აფეთქებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. მან ეს დაზიანებები "არაფრად" ჩათვალა. კლინიკიდან ბრძოლის ველზე, ექიმების რჩევის მიუხედავად, მაშინვე გაბრუნდა და ნაწილშივე დაიღუპა.

რატი შურღაიას შესახებ მისი მამიდაშვილი მამუკა გუგავა გვესაუბრება:

- რატიზე 11 წლით ვარ უფროსი. ეს განსხვავება ბავშვობაში იმდენად იგრძნობა, რომ ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია. სულ თან დამყვებოდა, ხან ზურგით დავატარებდი, ხან ხელში აყვანილს. ეს შეგრძნება სულ თან გამომყვა და დღესაც ამ შეგრძნებით ვესაუბრებოდი ხოლმე, თითქოს სულ მინდოდა დამეცვა. ისიც ასე იყო, როგორც კი რაიმეს გადაწყვეტდა, ან რისამე გაზიარება უნდოდა, მაშინვე დამირეკავდა ხოლმე. უკრაინაში წასვლისასაც დამირეკა და ვუთხარი: რატი, შენ ხომ ომი არ იცი და რატომ მიდიხარ, რაიმე ცუდი არ დამართო თავს-მეთქი. მითხრა, - მტერთან ბრძოლას რა ომის ცოდნა სჭირდება, რომ არ წავიდე, მაინც ვერ მოვისვენებ და უფრო ცუდად ვიქნები, ამიტომ უნდა წავიდე, ვერ გადამათქმევინებო.

- მართალი უთქვამს. ყველა მებრძოლად ვერ იბადება, მაგრამ ვინც იბადება, მტრის განადგურების სურვილი არასოდეს მოასვენებს.

- იმიტომაც წავიდა. ახლა ვხედავ, რომ მართლა მეომარი ყოფილა, მართლა ჰქონია ის ძალა, შენს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას რომ იღებ და ამან წაიყვანა. თორემ, წარმოიდგინეთ, რომ მეუღლე უკრაინელი ჰყავს და მანაც კი მთხოვა, - თან თითქოს მიხარია რატი უკრაინაში რომ მიდის, თან ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მაგრამ მე არ მიჯერებს და გთხოვ, შენ უთხარი, რომ წასვლა გადაიფიქროსო. მაგრამ რატის უკრაინაში წასვლა ვერ გადავაფიქრებინეთ.

ირპენში იბრძოდა, ქართველ მეომრებთან ერთად, როდესაც რუსული ყუმბარა ახლოს აფეთქდა. იმ მომენტში თითქოს გადარჩა, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მძიმედ იყო დაზიანებული, რომ კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქიდან კი, ფაქტობრივად ექიმებს ისე გამოექცა, რომ მკურნალობა არც დაასრულებინა. თანაც, მეც დამირეკა, - ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო. მაშინვე ცუდად მენიშნა: რას აკეთებ, ბიჭო, ბოლომდე იმკურნალე და მერე საომრად დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ სიცილით მითხრა, - არაფერიც არ მჭირს, აქ რატომ უნდა ვიყო, მართლა ავად კი არ ვარო. არადა, სწორედ ამ აფეთქების დაზიანებამ შეიწირა. ნაწილში დაბრუნებიდან ძალიან მალე დაიღუპა. უბრალოდ, იწვა, როცა დაუძახეს არ ადგა და რომ მივიდნენ, უკვე ცოცხალი აღარ იყო.

განაგრძეთ კითხვა