ავტორი:

"მარიუპოლის მცველების გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს - ეს ერთადერთი გამოსავალი იყო" - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

"მარიუპოლის მცველების გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს - ეს ერთადერთი გამოსავალი იყო" - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობდა.

ამის შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხია უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია, რომლებიც მარიუპოლს იცავენ.

"ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მარიუპოლიდან ევაკუირებულები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაბრუნდებიან. მარიუპოლზე ბლოკადის სამხედრო გზით მოხსნა, სამწუხაროდ ამ ვითარებაში შეუძლებელია და გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო“, - განაცხადა ანა მალიარმა.

მან განმარტა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების შემდგომი დაბრუნებისთვის აუცილებელია გაცვლის პროცედურა.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან "აზოვსტალში“.

"უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელსაც იმისთვის, რომ გადაარჩინოს უკრაინელი მებრძოლები. ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანებით, ისინი გმირები არიან“,- განაცხადა მალიარმა.