ავტორი:

"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ

"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ

უკვე თვეზე მეტია, სომხეთში ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქის ცენტრში აქციებს აწყობენ. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები სრულიად სხვა სიბრტყეში გადაიყვანა, რაც "ეროვნული კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია."

მათივე თქმით, "პრემიერი ახლა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თემით, რომელიც გეოპოლიტიკურ აუქციონზე გაიტანა, აზერბაიჯანთან და დანარჩენ მომხრეებთან თუ მოწინააღმდეგეებთან ვაჭრობს."

მას შემდეგ, რაც ბრიუსელში, ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შუამავლობით, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებები გაიმართა, სომხეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. საპარლამენტო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაშინიანი "ქვეყნისა და სომეხი ხალხის ინტერესებს ღალატობს” და ამაში მოსახლეობის აყოლიებასაც ცდილობს.

რა მოჰყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოლაპარაკებებს, დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის. ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისია უნდა შეიქმნას. მიშელმა მხარეების პრინციპულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი კომუნიკაციების განბლოკვაზე შეთანხდნენ. საუბარია, დასავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, ასევე სომხეთის სხვადასხვა ნაწილს შორის, აზერბაიჯანის გავლით, საერთაშორისო ტრანსპორტით ორივე ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობაზე, რაც საზღვრის მართვის, უსაფრთხოების, მიწის გადასახადის, ასევე საბაჟო გადასახადების პრინციპებზე საერთაშორისო ტრანსპორტის საკითხს მოიცავს.

გუშინ ოპოზიციის აქციებს უკვე მთიანი ყარაბაღის რეგიონიდანაც შეურთდნენ. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მომიტინგეებმა ერთ-ერთი ცენტრალური გზა გადაკეტეს შეძახილებითა და ლოზუნგებით - "ერთიანობა, ბრძოლა, გამარჯვება," "ნიკოლი-მოღალატე", "ბრძოლა სომხეთისა და არცახის (მთიანი ყარაბაღი) სახელით." მათი პროტესტი უკვე თვეზე მეტია, ოპოზიციისა და ადგილობრივი ბიზნესმენების მიერ დაფინანსებული მედიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ადგილობრივების თქმით, ის მედია, რომელიც ახლა ოპოზიციას უჭერს მხარს, პრორუსული ძალების მიერ არის დაფინანსებული და საზოგადოებაში დიდი ნდობით არ სარგებლობს. თუმცა ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლამდე განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა, ძალ-ღონეს არ იშურებს, ფაშიანინის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა განაწყოს და ქვეყანაში გადატრიალება მოაწყოს.

პოლიტოლოგების თქმით, ოპოზიცია ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, რომ ქვეყანაში კრიზისი შეინარჩუნოს, თუმცა ჯერჯერობით აქციებს ვერ გასცდნენ, რომელიც ხანდახან ძალიან მცირერიცხოვანია. "ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი დიდი დანაკარგის ფასად, მაგრამ ნელ-ნელა ევროპისკენ მიდის", -აცხადებენ ისინი.

  • "ახლა ერევანში მთიანი ყარაბაღის ბედი წყდება და ჩვენ გვერდით დგომის უფლება არ გვაქვს. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ბედი ჩვენს გარეშე გადაწყვიტონ, ვალდებული ვართ, მუდმივად შევახსენოთ ჩვენი არსებობა, რომ ცოცხლები ვართ და ჩვენივე მიწაზე სამშობლოს გადასარჩენად ბრძოლისთვის მზად ვართ", - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ვილენ სარქსიანი.

"ახლა სახელმწიფოებრიობის გამოცდას ვაბარებთ, ყველა გათვლით. როგორც მმართველი გუნდი, ასევე საზოგადოება. ახლა გაირკვევა, რამდენად შეგვიძლია პრაგმატული გათვლის გაკეთება და თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპისკენ გახედვა. ან უკან, რუსული წარსულისკენ მიბრუნება. კარგია, რომ ფაშინიანი არ შეუშინდა მოწინააღდეგეებს და პოლიციას ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დაავალა.

სომხეთი უკან, პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ფორმ არმათუნი.

კიდევ ერთი ადგილობრივის ჰასმიკ აბრაჰამიანის თქმით, - "პრორუსული ძალები ცდილობენ, ფაშინიანის წინააღმდეგ მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები აამხედრონ, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც, ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ", თუმცა ადგილობრივების შეფასებით, ეს მუხტი საკმარისი არ არის ხელისუფლების შესაცვლელად.

"უამრავი ადამიანი დააკავეს, ზოგი გათავისუფლებულია, ზოგსაც მუხლი გადაუკვალიფიცირდა. დაკავებები გრძელდება. თავს არ ზოგავენ ყოფილი პრეზიდენტებიც, შეხმატკბილებულები, რუს მფარველებთან ერთად ცდილობენ სიტუაცია ბოლომდე არიონ, რომ შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ", - ამბობს აბრაჰამიანი.