ავტორი:

"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო

"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო

იორდანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოებზე ყურადღება პრინცმა ღაზიმ მიიქცია, რომელიც ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტისას მეგზურობას უწევდა. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების ნაწილი პრინცის ვიზუალით მოიხიბლა და როგორც აღნიშნავენ, მას "ჰოლივუდური გარეგნობა" აქვს.

მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი ღაზი ბინ მუჰამედ ტალალი მეფე აბდულა II-ის მთავარი რელიგიური და კულტურული მრჩეველია და ის მეფის პირადი წარმომადგენელია იორდანიაში ჩასული ოფიციალური სტუმრებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი პრინცთან ერთად

პრინცი ღაზი იორდანიის სამეფო კარზე უდიდესი ძალაუფლებით სარგებლობს. ის იორდანიის სამეფო შტოს წარმომადგენელი და მეფე აბდულას ბიძაშვილია.

პრინცი ღაზი დაიბადა 1966 წლის 15 ოქტომბერს, ამანში. პრინც მუჰამედისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა ფირიალას ოჯახში. სამეფო კარზე იორდანიის მეფე თალალის ერთ-ერთი შვილიშვილი გახლდათ. მისი აღმატებულება ფილოსოფიის პროფესორი, გამოჩენილი რელიგიური მოღვაწე და მწერალია.

მან წარჩინებით დაამთავრა პრისტონის უნივერსიტეტი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. ამავე უნივერისტეტის შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლისას დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი თანამედროვე და შუა საუკუნეების ენებში. 1993 წლის ივლისში დაიცვა კიდევ ერთი დისერტაცია თემაზე - "რა არის სიყვარული? - სიყვარულის ლიტერატურული არქეტიპის გამოკვლევა".

პრინცი ღაზი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად

1988–1989; 1990–1993 წლებში სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ასევე ალ-აზჰარის უნივერსიტეტში და უსულ ალ-დინის კოლეჯში, კაიროში (2007-2010 წლებში), სადაც ყურანის მცოდნის დოქტორის ხარისხი მიიღო.

პრინცი გარდა პოლიტიკურისა, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

გარდა თანამდებობებისა, რომელიც მას ეკავა და იკავებს იორდანიის სამეფოში, პრინცი ღაზი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც ისლამური ფილოსოფიის პროფესორი, ამანის იორდანიის უნივერსიტეტში. ის ასევე პოულობს დროს, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომიტეტებისა და ფონდების მუშაობაში, რომელსაც რელიგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში ხელმძღვანელობს. დაწერილი აქვს ათობით წიგნი და სტატია.

პრინცი ღაზი გლობალური მასშტაბით, მუდმივად სერიოზულ როლს თამაშობს, როგორც რელიგიათაშორისი დიალოგისა და შერიგების მხარდამჭერი ახლო აღმოსავლეთში. ის მშვიდობის პრემიის პრეტენდენტებს შორისაც კი იყო წარდგენილი.

პრინც ჩარლზთან ერთად

პრინცი ღაზი ბინ მუჰამედი იორდანიის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.

პრინც ღაზის ცოლი

ის დაქორწინებულია არიაზე (არეჯ ზავავი), რომელიც ინდური წარმოშობის ძველი ვაჭრის ოჯახიდან არის და ახლა ომანის სასულთნოს პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას წარმოადგენს. პრინცესამ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო.

მან მიიღო დოქტორის ხარისხი არკანზასის უნივერსიტეტში. იორდანიაში შექმნა და მფარველობს ორგანიზაცია "სიცოცხლის სკოლას", რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვების მომზადება მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში სასწავლებლად. იმავდროულად, ქალი ისლამური პრინციპებისა და ტრადიციების ერთგულია.

პრინცი და პრინცესა ოთხ შვილს ზრდიან.