ავტორი:

"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე

"ოცნება" მაგიდებს აყირავებს... თელავშიც ცალსახად დავალება იყო - ჩავედით მწერალი, ყოფილი მინისტრი, მსახიობი და რა საჭირო იყო ეს ისტერიკა?" - ბუღაძე

მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებით, თელავში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ლექციის ჩასატარებლად მისული თელავის მუზეუმში საკრებულოს წევრებმა არ შეუშვეს, "ცალსახა დავალება" იყო.

როგორც ბუღაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, ადამიანებს, რომლებიც ადგილზე დახვდნენ, აბსურდული მოთხოვნები ჰქონდათ.

"თელავში ცალსახად იყო დავალება. ეს იყო ძალიან ხელოვნური. თელავის მუზეუმში ბატონის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც ადრეც მქონია ლექცია, წინ დაგვიდგნენ თელავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები (ერთ-ერთი ყოფილა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც). აქტივი კი არა, თანამდებობის პირები იყვნენ. ჰქონდათ აბსურდული მოთხოვნები, განსაკუთრებული აქცენტი იყო ბუკა პეტრიაშვილზე, რომ დაგვეგმო ლევან ბერძენიშვილი. მათგან ერთმა ახალგაზრდამ თქვა, ერეკლე მეორე არის ჩემი პაპაო. ამ ადამიანებში, ვინც იქ იდგნენ, ზრდასრული, ხანდაზმული ადამიანებიც იყვნენ და მქონდა განცდა, რომ უხერხულობა ჰქონდათ. მათი დავალება ხელოვნური და არაადეკვატური იყო - ჩავდივართ მწერალი, ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დიპლომატი, მსახიობი, ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც შიგნით გველოდნენ და რა საჭირო იყო ასეთი ისტერიკა? შეუძლებელია ეს იყოს ბუნებრივი“,- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

გარდა ამისა, ბუღაძის თქმით, "ქართული ოცნებას" რეალურად საქმის კეთება არ უნდა და "მაგიდებს" აყირავებს.

"ქართულ ოცნებას" რეალურად საქმის კეთება არ უნდა. 12 პუნქტი არსებობს რეკომენდაციების, მე და ბუკა პეტრიაშვილი ვუშლით ხელს? დაიწყონ, რას ელოდებიან? 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული 20 ივნისს, 3-შიც გამოვა. ეს ხალხი არ გაქრება. 85% უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. დაიწყონ საქმის კეთება. კომპრომისიც მნიშვნელოვანია. მე მოწადინებული ვარ, რომ დიდი იდეების გამო კომპრომისზე წავიდეთ. აბსურდია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტია საჭირო, რათა ქართულად მოსიარულე პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთმანეთთან ისაუბრონ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაგიდებს აყირავებს სიმულაციებით, პროპაგანდით. ახლა პოზაც კი აღარ აქვთ, რომ საქმიანი შთაბეჭდილება შეუქმნან მაყურებელს. უკვე იგინებიან, ილანძღებიან, ტელევიზიის დამფუძნებელს რომ თავს დაესხმები, ამერიკის საელჩოში, რომელ კულტურაზეა საუბარი?“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.