ავტორი:

"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... შემდეგ, როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

ყველას ახსოვს 2018 წელს დემნა გვასალიას სკანდალური ყვითელი კაბა, რომლის გამოჩენის შემდეგ გვასალია ავთო ცქვიტინიძემ პლაგიატში დაადანაშაულა. მაშინ ავთო ამბობდა, რომ კაბა, რომელიც დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაშია და რომლითაც მიშელ ობამა გამოჩნდა, მისი დიზაინით 2017 წელს შეიქმნა.

"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ" - დაწერა ცქვიტინიძე "ფეისბუქზე", თუმცა პოსტი მალევე აიღო.

როგორც ახლა განმარტავს, მის სტატუსს დიდი აგრესია მოჰყვა, რის გამოც იმ დროს სოციალური ქსელი გააუქმა. ის იხსენებს დემნა გვასალიას გაცნობის დროსაც. ქართველი დიზაინერის თქმით, დემნა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც გაიცნო:

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი, რომლის გამოც მე "ფეისბუქიც" გავაუქმე იყო, ჩემი და დემნა გვასალიას ერთი და იგივე მოდელი. მე გაცილებით ადრე მქონდა ის მოდელი, ბესტსელერი იყო ის ჩვენი გაყიდვების. იმ პერიოდში, როცა დემნა პატარა იყო, ერთადერთი ფეშენ მაღაზია მქონდა მე და ვიყავი ერთადერთი დიზაინერი.

ანუ არის ბავშვობის შთაბეჭდილებები და შემდეგ შეიძლება არც გახსოვდეს საიდან რას იმახსოვრებს ტვინი. ასე რომ დღეს მიხარია, თუ სადმე გადაკვეთა არსებობს ჩემი და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, ჩემი და ახალბედა დიზაინერების ბრენდების.

იმ პერიოდში, როცა დემნა გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი - სპორტული ორეულები, დიდი ჰუდები... ეს ფოტომასალა მაქვს ყველაფერი. მეგონა, რომ ძალიან ბევრი ნივთი იყო ნაცნობი და ეს კაბა იყო პიკი.

მე არასოდეს არავისი არ შემშურებია. დემნამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ქართველი დიზაინერებისთვის. მის ძმას ვიცნობ ძალიან კარგად. დემნასაც ვიცნობდი ბავშვობაში. მაშინ პოპულარული ვიყავი და ერთ-ერთი ბავშვთაგანი იყო, ვინც გავიცანი. მაშინ დამწყები ოპერატორი იყო" - იხსენებს ცქვიტინიძე გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზთან" საუბარში.