ავტორი:

სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს

სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს

5 ივლისს სოხუმში ოლიმპიური საცურაო აუზი საზეიმოდ გაიხსნა. სიმბოლური წითელი ლენტი სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ბესლან ეშბამ და კომპანია Aquastroyinvest-ის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ იურჩენკომ გაჭრეს.

საცურაო აუზით სარგებლობა ერთდროულად 120 ადამიანს შეუძლია. თუმცა ბესლან ეშბას თქმით, ქალები და კაცები აუზით ერთდროულად ვერ ისარგებლები. დაწესდება დღეები ქალებისთვის ცალკე, ხოლო კაცებს სხვა დღეებში მიეცემათ აუზით სარგებლობის შესაძლებლობა.

აუზი რეაბილიტაციამდე

ქალებს აუზზე მისვლა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. დანარჩენი დღეებით კი მამაკაცები ისარგებლებენ. ეშბამ ეს ყველაფერი ეროვნული სპეციფიკით ახსნა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ მოზარდთა სპორტული სკოლებისთვის აუზში სპეციალური სავარჯიშო დრო გამოიყოფა, თუმცა ეს ყველაფერი არ იქნება უფასო. აუზით უფასოდ სარგებლობას მხოლოდ შშმ პირები შეძლებენ.

ოლეგ იურჩენკოს თქმით, შემუშავებულია "მოქნილი საფასო პოლიტიკა." 6-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის აუზზე შესვლა, 200 რუბლი (9 ლარი) ღირს, ერთთვიანი აბონიმენტი - 2000 რუბლი (91 ლარი); აუზით სარგებლობა აფხაზეთის ომის მონაწილეებს - 250 რუბლად შეუძლიათ, აბონიმენტის შეძენა კი 2500 რუბლად.

ოკუპირებული აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლები აუზით ა300 რუბლად ისარგებლებენ, აბონიმენტში 3000 რუბლს გადაიხდიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ერთჯერადად 400 რუბლს, აბონიმენტში 4000 რუბლს.

"ჩვენთვის აუზის გახსნა დიდი მოვლენაა. ზღვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, აუზი აუცილებლად საჭიროა“, - განაცხადა ეშბამ.

ოლიმპიური აუზი პირველად 1980 წელს გაიხსნა, თუმცა ომის დროს დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.