ავტორი:

"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე

"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე

დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენამ გამოიწვია.

სხდომის დაწყებამცდე "ფორმულასთან“ ინტერვიუში "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ ენმ-ს წევრ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე განაცხადა, რომ კონსტიტუცია და კანონი უნდა იყოს დაცული.

"კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ჩვენი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია არის გახედნილი, მისადაგებული საერთაშორისო ნორმატივებს და ყველგან, სადაც კი ასეთი მსგავსი გადაცდომა იქნება, კონსტიტუცია და რეგლამენტი თავის საქმეს იზამს", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.