ავტორი:

"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?

"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?

მაყურებელი მასობრივად მაინც სატელევიზიო სერიალებიდან და ამა თუ იმ შოუდან იცნობს, თეატრის მოყვარულებმა კი მისი როლები და სპექტაკლები უკეთესად იციან... მსახიობ ნინო მუმლაძეს ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც მუდმივად დიდ დროს, ენერგიას და ემოციას უთმობს. წუხს იმაზე, რომ მისი საქმე დაუფასებელია, რომ მსახიობი, თავისი შრომის შესაბამისად, ფინანსურადაც წელში გამართული ვერ არის...

"ჩვენი საქმე ძირითადად რომანტიზებული ეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის...„თეატრალურში“ რომ ვაბარებდი, ვიღაცები მეუბნებოდნენ, - „არ გირჩევ, არ გინდა" - რაც ძალიან მიკვირდა, მაგრამ ახლა, როცა ვიგებ, ვინმე მსახიობობას აპირებს - უკვე ვურჩევ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კარგად დაფიქრდეს,“ - გვეუბნება ნინო და წუხილით აღნიშნავს იმას, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მსახიობებს იმისთვის, რომ პროფესიაში იარსებონ.

"ეს სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვანები სათანადოდ არც ფინანსურად და არც მათ მიმართ დამოკიდებულებით არ ფასდებიან. ადრე სხვა დამოკიდებულება იყო...

რაც დრო გადის, არავის ადარდებს ემოციურად როგორ ვიწურებით, დღე და ღამე რომ თეატრში ვართ და ვიხარჯებით... და ამ დროს, კიდევ ვიღაცებს შეუძლიათ თქვან, რომ - ჩვენ თურმე ვერთობით და რაღაცას ვმაიმუნობთ... სინამდვილეში თითოეული როლის შესასრულებლად დიდი ადამიანური რესურსია საჭირო,“ - აღნიშნავს ნინო მუმლაძე.

- და მსახიობობა შენი მხრიდან არ იყო სწორი გადაწყვეტილება?

- მაინც ის პროფესიაა, რომელიც კარგად მეხერხება. დედა, რა ნიჭიერი ვარ-მეთქი, - ამას არ ვამბობ, - საკუთარი თავის ასე შეფასება სწორი არ იქნება. ჩემზე ნიჭიერებიც არიან, მაგრამ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიყვარს ჩემი პროფესია და ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში ამ შრომას მეტი დაფასება ჰქონდეს...

- როგორი იყო ემოცია, ვიდრე სცენაზე დადგებოდი და როგორია ახლა, როცა ეს გამოცდილება უკვე საკმარისად გაქვს?

- პირველ კურსზე ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად „ვერიკო“ იქნება... კი, თავიდან გაცილებით ამბიციური ხარ, გგონია, რომ რევოლუცია ქართულ თეატრში შენით დაიწყება. პრაქტიკაში ხვდები, რომ მთლად ასე არ არის... ალბათ, ეს ამბიცია სწორიც არის, მომავალ მსახიობს თუ ეს არ აქვს, თეატრში არაფერი ესაქმება. სამწუხაროა, როცა თეატრალურ სამყაროში მოსული ადამიანი იმედგაცრუებული რჩება... მთლად საწუწუნოდაც საქმე არ მაქვს - ვერ ვიტყვი, რომ მუშაობის საშუალება არ მომეცა.

ჩემს რეპერტუარში იყო ცუდი როლები, მაგრამ - კარგებიც. იყო ისეთები, რომლითაც უკმაყოფილო ვარ და ისეთებიც, კმაყოფილი რომ დამტოვა... მაგრამ როდესაც ადამიანი "თეატრალურში" მიდის, მომავალს გაცილებით სხვანაირად გეგმავს...

- კერპი და მისაბაძი მსახიობი არ გყოლია?

- არც ჩემს პროფესიაში და არ მის მიღმა, არასდროს არავინ ყოფილა ჩემთვის კერპი. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ არასდროს ვცდილობდი, ვიღაცის მსგავსი გამოვსულიყავი. უბრალოდ, იყვნენ მსახიობები, რომლებიც მიყვარდა და დღესაც არიან ასეთები, მათ შრომას და შემოქმედებას ვაფასებ, მაგრამ კერპად არავინ მიქცევია და ვაქცევ...

სულ ვცდილობდი, საკუთარ შეცდომებზე მესწავლა. ჩემს თავზე მემუშავა. თუ რამე როლში არ გამომდიოდა, ვცდილობდი, ის შემდეგ ნამუშევარში ამენაზღაურებინა. სხვის გამოცდილებას არასდროს ვიშველიებდი...

- თეატრში ინტრიგები მართლაც არის და თუ გახლართულხარ მასში?

- იმდენი ინტრიგა, რაც პოლიტიკაშია, თეატრში მსგავსი შეუძლებელია იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, დავადასტურებ, რომ ინტრიგა თეატრის განუყოფელი ნაწილია. ძალიან გამიმართლა, რომ ვარ ისეთ დასში, სადაც მსგავსი რაღაცები ნაკლებად ხდება.

მოზარდმაყურებელთა თეატრში, მართალია, ძალიან ბევრნი ვართ, დიდი დასია, განსხვავებული შეხედულებებიც არსებობს, მაგრამ სხვა თეატრებთან შედარებით, ინტრიგებისგან შორს ვართ. შეიძლება, ამას ის განაპირობებს, რომ მრავალრიცხოვანი რეპერტუარი გვაქვს, დროს უმეტესად მუშაობაში ვხარჯავთ და ჭორაობისთვის ნაკლები დრო გვრჩება.

ჭორები შესაძლოა, ჩვენთანაც ტრიალებდეს, მაგრამ ძირითადად მეგობრული გარემოა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ერთმანეთს ეხმარება... კმაყოფილი ვარ, ინტრიგებში ჩახლართვა რომ არ მიწევს და ეს კომფორტი მაქვს.

არც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში მაქვს ინტრიგებთან შეხება. იქ კიდევ საერთოდ იდეალური სიტუაციაა, ერთი ოჯახია. ეს ალბათ თეატრის მმართველის, მიხეილ რატიანის დამსახურებაცაა. ისეთი დასია, ინტრიგის გაღვივების საშუალებას არავის აძლევს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახში მიმიღეს.

- "თეატრის მტვერი" მართლაც არსებობს?

- (იცინის) „მტვერი“ არსებობს, რადგანაც შეიძლება, 50 წლის წინანდელი კოსტიუმი გამოგიტანონ... ძველი თეატრები გვაქვს, დალაგების, დაწმენდის მიუხედავად, შეიძლება, ძველი კოსტიუმი, ან ფარდა მაინც გამტვერილი იყოს... რა თქმა უნდა, „თეატრის მტვერი“ სიმბოლურია, მაგრამ რაღაც „მაგია“ სცენას რომ აქვს, ფაქტია. ვინც სცენას ჩამოშორდება, ნოსტალგია ემართება...

- ტელევიზიამ, ისევე როგორც ბევრი მსახიობის პოპულარობაში, შენს კარიერაშიც დიდი როლი ითამაშა...

- დღესდღეობით პოპულარობა, წარმატება და ფინანსები ტელევიზიას უფრო მოაქვს, ვიდრე თეატრს. ჩემი კარიერული ზრდისთვის ტელევიზიას დიდი როლი აქვს... ის, რომ დაინტერესება არის ჩემ მიმართ, ტელევიზიის დამსახურებაა. ძალიან მიყვარს კამერასთან მუშაობა, კომფორტულად ვგრძნობ თავს არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც წამყვანიც. ეს ამპლუა როგორც ტელევიზიაში, რადიო სივრცეშიც მიყვარს. წამყვანობა არ არის ჩემი ძირითადი პროფესია, თუმცა ასევე ძალიან საყვარელი პროფესიაა. სიამოვნებით ვისურვებდი, ამ პროფესიას დავბრუნებოდი და იმისთვის შემეთავსებინა, რასაც ვაკეთებ.

ტელესერიალებს რაც შეეხება, ეს სამსახიობო სფეროა, კამერასთან მუშაობაა და ამ მხრივ, ჩემს სატელევიზიო წარმატებას „ფორმულა კრეატივს“ ვუმადლი. ყველა სერიალში, სადაც მითამაშია, ძირითადად, მათი პროდუქტი ყოფილა, თუმცა იყო სხვა კომპანიების სერიალებიც. ამ ყველაფერმა პოპულარობა მომიტანა და რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ.

- სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ფოტოები ატვირთე, ვარჯიში დაგიწყია და წონაც დაკლებული გაქვს...

- პანდემიის პერიოდში ძალიან მოვიმატე. მთელი ცხოვრებაა ჭარბ წონას ვებრძვი, რადგანაც წონის მომატებისკენ დიდად მიდრეკილი ვარ. პანდემიის დასრულების მერე, მეგონა, ფორმაში ჩავდგები, დაკლებას აქტიურად დავიწყებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც 2 წელი დავისვენე, ერთბაშად ბევრი საქმის კეთებამ მომიწია. ჭამა უმეტესად გარეთ მიხდებოდა, გადარბენა მქონდა და დაკლების ნაცვლად წონაში მოვიმატე. ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე. მივხვდი, ამ ამბავს ჩემით ვეღარ მოვერეოდი, ვიღაც უნდა დამხმარებოდა. ამიტომ ერთ კარგ ფიტნეს-ინსტრუქტორს მივმართე. ანრიმ სასწაული მოახდინა.

- რას გულისხმობ?

- ფსიქოლოგიურად სწორად მომიდგა. ვარჯიშების დაწყებამდე ანალიზების ჩატარება მომთხოვა, ვიტამინები დამინიშნა და როდესაც ამის ფონზე ოდნავ ჯანსაღად ვიგრძენი თავი, დიეტა მერე დავიწყე.

აგრესიულ ვარჯიშს თავიდანვე არ შევდგომივარ, ფიზიკურ აქტივობას ორგანიზმი ნელ-ნელა, ეტაპობრივად შემაჩვევინა. არ მაკომპლექსებს, უბრალოდ მარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია. სწორი მიდგომა აქვს ფსიქოლოგიურადაც და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მოკლედ, დიდი სტიმული მომცა და ამის გარეშე რაც არ უნდა გინდოდეს, რთულია პრობლემის დამარცხება. მოკლედ, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა - ესაა ის, რასაც ახლა დროს ვუთმობ, ამიტომ, სავარჯიშოდ სიხარულით გავრბივარ. წონის კლებაც მიდის და ეს პროცესი კიდევ წინ არის.

- საკუთარ თავზე ზრუნვა, სალონებში სიარული ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა... შენთვის?

- ალბათ, ბედნიერები არიან ადამიანები, ვისაც ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამისთვის სცალიათ და შესაბამისი ფინანსებიც აქვთ. დღესდღეობით იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, უამრავი რამ არსებობს, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მადლობა ღმერთს, რომ ამ სფეროში მყავს მეგობრები, ახლობლები, რომლებიც რაღაცებს ძალიან იაფად, ან უფასოდ მთავაზობენ, მაგრამ მუდამ ასე ხომ ვერ იქნები?!

მსახიობი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, სათანადო ხელფასი და საშუალება ჰქონდეს, რომ შესაბამისად გამოიყურებოდეს. ჩვენთან მსახიობები "მათხოვრები" არიან და ძირითადად იმაზე ფიქრობენ, სახლში რომ მივლენ, შვილს რა აჭამონ. ეს რომ ასეა, ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდ ქვეყანაში... ვისურვებდი, ამ სიტუაციის გამოსწორებას..