ავტორი:

განაში მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რა გზით ვრცელდება ვირუსი

განაში მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რა გზით ვრცელდება ვირუსი

განაში მომაკვდინებელი მარბურგის ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფექციური დაავადება ვირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ებოლას იწვევს. სამხრეთ აშანტის რეგიონში მცხოვრები ორივე პაციენტი, რომელსაც მარბურგის დაავადება დაუდასტურდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ორივე პაციენტს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, მათ შორის დიარეა, ცხელება და ღებინება", - აცხადებს ჯანმო.

დასავლეთ აფრიკის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც ამ ორი დავირუსებული ადამიანის კონტაქტები. მარბურგის სამკურნალო საშუალება ჯერ არ არსებობს, მაგრამ ექიმების თქმით, ბევრი წყლის დალევა და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს ზრდის.

აფრიკის მოსახლეობას ოფიციალური პირები აფრთხილებენ, მოერიდონ გამოქვაბულებს და კარგად მოხარშონ ხორცპროდუქტები მათ გამოყენებამდე. ისტორიაში მარბურგის ვირუსის პირველი ეპიდაფეთქება 1967 წელს, გერმანიაში მოხდა, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამავე ვირუსმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რაც გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ყველაზე მომაკვდინებელი აფეთქება იყო ვირუსის ისტორიაში. ეს მარბურგის რიგით მეორე აფეთქებაა დასავლეთ აფრიკაში. რეგიონში პირველი შემთხვევა გასულ წელს, გვინეაში დაფიქსირდა.

მარბურგის ვირუსი და მისი სიმპტომები

ეს არის იშვიათი, მაგრამ მძიმე ზოონოზური ინფექცია, რომელსაც იწვევს Filoviridae-ის ოჯახის რნმ-ის მქონე ვირუსი (სახეობა - მარბურგის ვირუსი). არსებობს ვირუსის ორი შტამი, მარბურგის ვირუსი (MARV) და რავნის ვირუსი (RAVV). აღნიშნული ვირუსები ჰგვანან, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ებოლას ვირუსული ინფექციისგან.

ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება, რომელსაც ამგვარი სიმპტომები ახასიათებს: თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა. ვირუსი ადამიანებს შესაძლებელია, რომ მღრღნელებისგან ან ხილის ღამურებისგან გადაეცეთ, თვითონ ადამიანებს შორის კი, ის სითხის გადაცემის გზით ვრცელდება, ასევე ზედაპირებთან და მასალებთან პირდაპირი კონტაქტით.

მოამზადა ანა სიბოშვილმა