ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ივანიშვილზე რუსეთისგან იყოს პერსონალური ზეწოლა..." - ექსპერტი

"ვერ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ივანიშვილზე რუსეთისგან იყოს პერსონალური ზეწოლა..." - ექსპერტი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ბატონო ვახტანგ, ვინაიდან ხელისუფლება ომის თემაზე ლაპარაკს არ წყვეტს, უფრო კონკრეტულად განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რატომ არ აძლევს ხელს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს, რუსეთისთვის დაწესებული უმძიმესი სანქციების ფონზე, მსოფლიო ტვირთების გადასაზიდავად ახალ მარშრუტებს ეძებს და აქ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ე.წ. შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამას ემატება საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის მნიშვნელობაც. მოგეხსენებათ, გასულ კვირას აზერბაიჯანში იყო ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც პრეზიდენტ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის გაორმაგება იგეგმება, ამ გაზმა კი სწორედ საქართველოს გავლით უნდა მიაღწიოს ევროპამდე... მხოლოდ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დასავლეთს აქ არეულობა და ომი სურდეს.

- მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნება მომეცით, ცოტა შორიდან დავიწყო... თქვენი ნახსენები ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორებიც რომ არ იყოს, დასავლეთს აქ არასტაბილური გარემო მაინც არ აწყობს. ჯერ ერთი, ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის - სამწუხაროდ, ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა, რუსულ სამხედრო ძალებს შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რაც მის უკრაინაში შეჭრას შეუმსუბუქებს. 2008 წლის ამბებს თუ გავიხსენებთ, ლამის ხუთ დღეში მოახერხა ოკუპანტმა მთელი ქვეყნის პარალიზება, რუსული სამხედრო დანაყოფები შევიდნენ სენაკსა და ფოთში, აღმოსავლეთით კი, ფაქტობრივად, თბილისამდე მოვიდნენ... რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, არავინ იცის, კიდევ რა მოხდებოდა... ძალიან საეჭვოა, 2008 წლის შემდეგ ჩვენი სამხედრო პოტენციალი ისე გაძლიერებულიყო, რომ დღეს ჩვენმა ომში ჩართვამ როგორმე იმოქმედოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე... ეს ხელისგულზე დევს და ყველამ მშვენივრად იცის. ამის გარდა, დასავლეთს, რომლის მთელი ყურადღება და შესაძლებლობები მიმართულია უკრაინისკენ, რაში სჭირდება კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის კერა?

ეს ომი, კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდება. თქვენ სწორად ახსენეთ ტვირთების მოძრაობის მარშრუტები - მთელი შუა აზიისა და ჩინეთის საგზაო მარშრუტი ევროპისკენ ჩვენზე გადის, ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია თქვენი ნახსენები ენერგოდერეფანი, რომელშიც, აზერბაიჯანის გარდა, შესაძლოა, ჩაერთოს ყაზახეთი და მთელი შუა აზია - მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ გაზზე, არამედ ნავთობზეც, ასე რომ, დღეს არათუ საომარ მოქმედებებში ჩვენი ჩართვა, არამედ დესტაბილიზაციაც კი არ აძლევს ხელს დასავლეთს.

თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ისევ და ისევ რუსეთია, მაგრამ რუსეთსაც პრობლემები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მან კი შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ მერე მისი მართვა ექცეს დიდ გასაჭირად. ასეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო - დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთიც მოერიდება, რადგან ის ქმედებას იწყებს მაშინ, როცა აქვს გარკვეული გარანტია, რომ პროცესს ნაწილობრივ მაინც გააკონტროლებს.

გასულ კვირას დიდი ამბავი ატყდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კასიანოვთან დაკავშირებით, მაგრამ არ მესმის, რატომ, რა თქვა ისეთი, რომ "ქართული ოცნება" ასეთი მასშტაბით ალაპარაკდა ისევ ომის თემაზე - მას ხომ ომი არც უხსენებია! როდესაც თქვა, საქართველოდან მეტ მხარდაჭერას ველოდითო, იგულისხმებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა და ამაში, შესაძლოა, სანქციებს გულისხმობდა, ან სულაც მხოლოდ მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებიგან ძალიან ძუნწად მოვისმინეთ. რა გასაკვირია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მეტს ელოდნენ?! ან რა შუაშია იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ომში რომ არ ჩავერთეთ, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, დიახ, ზოგადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეს იქცა შანსად საქართველოსთვის, მაგრამ უარი გვითხრეს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებისა და განცხადებების გამო, იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ომამდეც აკეთებდნენ. გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმებაზე მათი უარი, ევროპარლამენტარებთან დაპირისპირება და ა.შ. ან მისაღებია ის, რასაც დღეს აკეთებენ? ვადის ამოწურვის შემდეგ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, სრულიად გაუგებარი და დაუმსახურებელი კრიტიკა, ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მოქმედებები, რომლებიც რეალურად არ ემიჯნებიან არც ივანიშვილს და არც - "ქართულ ოცნებას" და აღვირახსნილ კამპანიას ეწევიან ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ...

- ანუ გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას" ომზე გამუდმებული ლაპარაკი საქართველოში ანტიდასავლური კამპანიისთვის სჭირდება. რატომ? კი ბრძანეთ, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევიანო, მაგრამ თუ გავიხსენებთ თქვენ მიერ ნახსენები სამეულის ერთ-ერთ ბოლო წერილს, რომელშიც ქვეყნის დასავლური კურსის საპირწონედ ივანიშვილის კეთილდღეობა გამოაცხადეს, ჩნდება ეჭვი, რომ მათთვის უმთავრესი სწორედ ივანიშვილი და ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც მზად არიან ქვეყანა ისევ რუსული გავლენის ქვეშ მოაქციონ?

- გადავხედოთ "ქართული ოცნების" ლიდერებს, თუნდაც ამ ვითომ იქიდან წამოსულ სამეულს. რომელს აქვს მაღალი პოლიტიკური რეიტინგი ივანიშვილის გარეშე? თითქმის არავის, ამიტომაც ივანიშვილის თემა მათი დღევანდელი მდგომარეობის, ძალაუფლების, კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. რასაც მათ პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით მიაღწიეს, განპირობებულია არა მათი პოლიტიკური წონით, არამედ ივანიშვილის ხელდასხმით, ამიტომ ეს გუნდი ოპოზიციაში რომ წარმოვიდგინოთ, მათ ისეთივე და უარესი პრობლემები გაუჩნდებათ, რაც, ვთქვათ, გაუჩნდა გახარიას... ივანიშვილის გარეშე რა პოლიტიკური წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ კობახიძეს ან ღარიბაშვილს? მათ სჭირდებათ ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაბამისად, მზად არიან, ყველაფრის ფასად დაიცვან ის და მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობა.

რაც შეეხება რუსეთისკენ მიზანმიმართულ სვლას, მე ვერ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ივანიშვილზე რუსეთისგან იყოს პერსონალური ზეწოლა. ამ სამეულის განცხადებები, შესაძლოა, ემსახურებოდეს იმას, რომ მათ ერთგვარად ივანიშვილის მეხამრიდის როლი ითამაშონ. დააკვირდით - დასავლეთის შეფასებისას მათი განცხადებები და რუსეთის პროპაგანდის მესიჯები თითქმის იდენტურია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ამგვარი განცხადებებით ივანიშვილზე რუსეთის ზეწოლის შემსუბუქებას ცდილობდნენ. აქვე ვიტყვი, რომ ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ეს მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი, რას წარმოადგენს რუსეთი და როგორ მოქმედებენ მისი სპეცსამსახურები - კა-გე-ბეს თეთრი ხელთათმანებით არასდროს უმუშავია... პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის იმიჯი ეწირება და ჩვენი სახელმწიფო ზიანდება... საქართველოს ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ამ პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ნათლად არ გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები. ვიდრე ასეთი გარდამავალი უპირატესობაა, ჩვენი ხელისუფლება ამ პოლიტიკის შენარჩუნებას შეეცდება. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ რუსეთმა მიაღწია წარმატებას და იმ დროისთვის "ქართული ოცნება" კვლავ იქნება ხელისუფლებაში, ისინი ეცდებიან, ქვეყანა მართლაც რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ; თუ რუსეთმა მარცხი იწვნია, მაშინ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ კურსს. სამწუხაროდ, ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა სხვა პროგნოზის საშუალებას არ იძლევა. წაკითხეთ ინტრევიუ სრულად