ავტორი:

ერევნის მერმა გადაწყვიტა დედაქალაქის მოსახლეობა დილის 7 საათზე, მუსიკით გააღვიძოს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰრაჩია სარქისიანის გადაწყვეტილებას?

ერევნის მერმა გადაწყვიტა დედაქალაქის მოსახლეობა დილის 7 საათზე, მუსიკით გააღვიძოს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰრაჩია სარქისიანის გადაწყვეტილებას?

ერევნის მერი ჰრაჩია სარქისიანი ორიგინალური იდეით გამოდის. ახალგაზრდა მოხელემ გადაწყვიტა, რომ სამუშაო დღის ადრე დასაწყებად ქალაქის მოსახლეობა დილის 7 საათზე, მუსიკით გააღვიძოს.

"ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ. ჩვენ თანამოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში თვალი ადევნონ დროს და ჰაერის ტემპერატურას ახალ LED-ეკრანზე, რომელიც სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახურავზე დაიდგმება", - ეს პოსტი სოციალურ ქსელში თავად მერმა დაწერა.

ჰრაჩია სარქისიანი სომხეთის დედაქალაქის ახალგაზრდა მერია, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც აირჩიეს. სარქისიანი მმართველი პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულების" წევრია. არჩევნებით მან თავისივე პარტიის წარმომადგენელი ჰაიკ მარუთიანი შეცვალა, რომელიც უხუცესთა საბჭოს კენჭისყრის შედეგად თანამდებობიდან მოხსნეს.

როგორ მერის მიერ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ჩანს, მოსახლეობა იდეას აღფრთოვანებული არ შეხვედრია. ჰრაჩიას გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და წერენ, რომ არავის აქვს უფლება, მათ მიუთითოს თუ რომელ საათზე გაიღვიძონ. ზოგიერთი მათგანი კი წერს, უხარიათ, რომ ერევანში არ ცხოვრობენ... ზოგიც ძველი მერის დაბრუნებას და მშვიდ ძილს ითხოვს...

ჰრაჩია სარქისიანის ინიციატივა ჯერჯერობით სხვა ქალაქების მერებს არ გაუზიარებიათ. საინტერესოა, როგორ შეხვდება თბილისის მოსახლეობა სიახლეს, იგივე ინიაციტივით კახა კალაძე რომ გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი სახეები ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, რომ თბილისში ხალხი გვიან იღვიძებს, რაც მათ შრომისუნარიანობასა და ქალაქის განვითარებაზე უარყოფითად აისახება...