ავტორი:

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

26 ივლისს ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში კონცერტების სერია გამართა. შემსრულებელმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს პუტინის აგრესიულ პოლიტიკას, ოკუპანტებსა და მკვლელებს 'გმირები“ უწოდა. ამის შემდეგ კი მოლდოვაში შესვლა სცადა, სადაც არ შეუშვეს.

მედიის ინფორმაციით, კირკოროვი კიშინიოვში 28-29 ივლისის ღამეს ჩავიდა. VIP დარბაზიდან გასასვლელში მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ მას ეკრძალებოდა მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა. ის ღამე მომღერალმა აეროპორტის დარბაზში გაათენა.

კიშინიოვის აეროპორტში მივიდა ადვოკატი აურელიუ კოლენკო, რომელიც ოპოზიციური პარტიის მოლდოველი დეპუტატის, მარინა ტაუბერის სისხლის სამართლის საქმეს უძღვება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კირკოროვი კიშინიოვში ადვოკატების მიწვევით ჩაფრინდა, რათა ტაუბერის საქმეზე ჩვენება მიეცა. დაკავებულს ბრალად ედება პარტიის უკანონო დაფინანსება და ფინანსური ანგარიშგების დარღვევა. პროკურატურის განცხადებით, ტაუბერი 19 ივნისს, კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე კონცერტს ამზადებდა, რომელშიც კირკოროვსაც უნდა მიეღო მონაწილეობა და მას 200 000 დოლარი გადაუხადა. ასევე კონცერტზე უნდა გამოსულიყო რუსი რეპერი მორგენშტერნი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჰონორარის სახით 60 ათასი დოლარი მიიღო. კონცერტი პოლიციის აკრძალვის გამო არ შედგა, თუმცა, მოლდოვის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომღერლებს საფასური არ დაუბრუნებიათ. 19 ივნისს კონცერტის ნაცვლად, კიშინიოვში, პროდუქტის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

მარინა ტაუბერს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმდა და ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს, რადგან "მოლდოვის ხელისუფლებას ეშინია, რომ კირკოროვი სიმართლეს იტყვის“, - ადვოკატს კირკოროვთან პირადად შეხვედრის უფლება არ მისცეს.

"კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვის თაობაზე უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქისთვის. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადგინა, რომ ფილიპ კირკოროვი არ ასრულებდა საზღვრის გადაკვეთის ნებართვის პირობებს“, -ასეთია მოლდოველი მესაზღვრეების ოფიციალური კომენტარი.