ავტორი:

"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

დიტო რაზმაძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. წლების წინ, აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა. მაშინ შვიდი წლის იყო. ომის შემდეგ, ფონდმა "იავნანამ" ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეურვეობა იკისრა.

"იავნანა" შეეცადა ყველა პირობა შეექმნა მისთვის და წლების მანძილზე მშობელივით ეზრუნა. დღეს დიტო თავად უძღვება საქველმოქმედო საღამოებს, მუშაობს და ცდილობს სხვა ბავშვებს დაეხმაროს.

გასულ წელს დიტო დაქორწინდა. მას ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა.

"როგორ გარბის დრო! ფონდ იავნანას და მთელ საქართველოს შვილობილ დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა. ქრისტიან ზვიადს გაუმარჯოს!!!!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, დიტო რაზმაძე მშობლების დაკარგვის შემდეგ პაპა-ბებიასთან გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში იზრდებოდა. ომის შემდეგ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე პირველად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს არქივიდან:

"სახლში ვიყავით, დაბომბვა რომ დაიწყო. მამამ კორპუსზე მიმაგრებული გაზის მილით ეზოში ჩამიყვანა, მერე კი დედას ჩამოსაყვანად უკან აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა... მეტი არაფერი მახსოვს. სამი თვე ვიწექი კლინიკაში.ჩემი სახლისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი მეორე მშობლები პაპა და ბებია არიან. დედ-მამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემთან არიან. ყველაზე მეტად მიმძიმს დღესასწაულები, მათი დაბადების დღეები, გარდაცვალების დღე, აღდგომა...

ძალიან დამეხმარა ფონდი "იავნანა". ყოველ წელს დავდივარ საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლებში. იქ მეძლევა შესაძლებლობა, ვისწავლო და თან ექსკურსიებზე ვიარო. ომის შემდეგ თავის არეში ანასხლეტები ჩამრჩა, საშინელი ტკივილები მქონდა. ყველა პროცედურა და მედიკამენტები ფონდმა დამიფინანსა და ეს დღემდე გრძელდება.

ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე. დენმა დაარტყა. სავაჭრო ჯიხურის მოწყობას ცდილობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ახლა მე-12 კლასში ვარ. ძალიან მინდა საავიაციო ფაკულტეტზე ჩაბარება საზღვარგარეთ. იმედია, გამომივა."