ავტორი:

სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ - "ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება"

სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ - "ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება"

დღეს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ულოცავენ, მათ შორის საქართველოდან. ამ დღის აღსანიშნავად, დღეს ბათუმში საოცრებათა მოედანზე აქტივისტებმა კონცერტი დაგეგმეს, სადაც სიმღერებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩანაწერი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოები უნდა გასულიყო.

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბათუმის მერიამ კონცერტის სცენარი მოითხოვა და მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ კონცერტის პარალელურად ვიდეოჩანაწერებიც უნდა გასულიყო, ორგანიზატორებს მოსთხოვეს, რომ სცენაზე არ გაჟღერებულიყო ფრაზა, რუსეთი, როგორც ოკუპანტი, რადგან ეს ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს გააღიზიანებდა... ასევე მოითხოვეს სცენარში ცვლილებების შეტანა.

მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება არ შედგა, მერიამ ბათუმის საოცრებათა მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე თავსახური დაუშვა... ამ ეტაპზე იქ შეუძლებელია კონცერტის გამართვა. აღსანიშნავია, რომ სცენა მთელი ზაფხულია იქ დგას და მასზე სხვადასხვა სახის კონცერტები იმართება...

აქტივისტი ნიკა ქაშიბაძე, რომელიც საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორია, მედიასთან ამბობს, რომ: "ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება... ჩვენ შევხდვით სოფო ხალვაშს და ავუხსენით, რომ ეს არ იყო პოლიტიკური ამბავი და მისგან მივიღეთ თანხმობა, ბოლოს კი პირობა წამოგვიყენა, ან ვიდეოებს გავუშვებდით, ან სცენის გამოყენების შესაძლებლობა გვექნებოდა... ჩვენი აზრით, ღალატი იქნებოდა, კონცერტზე უკრაინელი სამხედროების ვიდეოების არგაშვება.."

დღეს კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, ორგანიზატორებმა ალტერნატიული სცენის დამონტაჟება გადაწყვიტეს, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ბათუმის ზედამხედველობის ხელძღვანელი და სცენის დემონტაჟს ითხოვს. მისი თქმით, ორგანიზატორებს თუ არ ექნებათ მერიისგან სპეციალური ნებართვა, სცენას დაშლიან და ამის უფლება აქვთ.

სოფო ხალვაში ამჟამად ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ქალაქში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მის კომპეტენციაში შედის. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტის ჩატარებას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს, მომღერალს სოციალურ ქსელში ცნობილმა ადამიანებმა მიმართეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:

"სოფო, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გითქვამთ, ისე იზეიმეთ ბათუმში დამოუკიდებლობის დღე, ომი არ ახსენოთო, ტურისტები რომ არ გაღიზიანდნენო. ასე გამოიყურება ჩემთვის სამარცხვინო საქციელი და უნდა იცოდე რომ ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, "ქოცების" მონად ჩაგთვლის ყველა... უკრაინაში ომია, სოფო!"

გენრი დოლიძე, პოეტი :

"ძალიან ბევრი მყავხართ აქ სოფო ხალვაშის მეგობრები, მათ შორის ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები. ძალიან გთხოვთ, თქვენ თვითონ დაურეკოთ, უთხრათ, ურჩიოთ, რომ ასე არ მოსულა... პოლიტიკამდე და ჩინოვნიკობამდე ის იყო ხელოვანი, ბათუმელი და ამ თანამდებობით არ შემოიფარგლება მისი კარიერა... ბათუმის მერია მისი ხელით უკრაინელ დევნილებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უშლის..."

  • AMBEBI.GE დილიდან ცდილობდა სოფო ხალვაშთან დაკავშირებას, რათა მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხი გაეცა, თუმცა მერის მოადგილემ არც ჩვენს ზარებს უპასუხა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას...

მოგვიანებით ხალვაშმა ამ თემაზე "ფეისბუქზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა - გაეცანით ვრცლად: "ძალიან ცუდია, რომ ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ" - სოფო ხალვაში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს