ავტორი:

სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

"ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა, - იუწყება REN, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე.

ნავთობკომპანიის 67 წლის ტოპ მენეჯერი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მე-6 სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა.

"ინტერფაქსის“ წყარომ გამოცემასთან განაცხადა:

"დღეს დილით მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა“.

მაგანოვის გარდაცვალება ტელეგრამის არხმა Mash-მაც დაადასტურა. გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "ლუკოილის" ტოპ მენეჯერს შესაძლოა, თავი მოეკლა.

თვითმკვლელობის ვერსია RIA Novosti-საც საკუთარმა წყარომ დაუდასტურა, თუმცა ოფიციალურად თვითმკვლელობის ვერსია არ გახმაურებულა.

მედიაში ვრცელდება ასევე კიდევ ერთი ვერსია, რომ ის შესაძლოა შემთხვევით გადავარდნილიყო სიგარეტის მოწევის დროს.

მოსკოვის სამართალდამცავმა უწყებებმა TASS-ს დაუდასტურეს, რომ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებიათ.

"ლუკოილმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ რავილ მაგანოვი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა", - წერს "რია ნოვოსტი".

რავილ მაგანოვი 1980-იან წლებში Langepasneftegaz-ში მუშაობდა, რომელიც შემდეგ Lukoil-ის ნაწილი გახდა. ის კომპანია "ლუკოილის“ სახელის ავტორიცაა. 1993 წლიდან გახლდათ "ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, 2020 წელს კი - ხელმძღვანელი.

რავილ მაგანოვი დაოჯახებული გახლდათ, ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი.

ცნობილი ბიზნესმენის ბურუსით მოცულმა სიკვდილმა და გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიის გავრცელებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ერთგვარი შურისძიება იყოს, რადგან როგორც დასავლური მედია წერს, "ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას".

მედიის ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადაეგდოთ.