გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge

გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge

ბილეთების ონლაინ გაყიდვის ვებ-გვერდი biletebi.ge ღია წერილით მიმართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ უარი უთხრა მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტების გამართვაზე.

მათივე მტკიცებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან ერთიც და მეორეც მხარს უჭერს უკრაინას.

გთავაზობთ წერილს სრულად:

"ღია წერილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სამწუხაროდ ვერ ვთაგავთ):

ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე. თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია.

თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? "ფეისბუქსაც" ავკრძალავთ? სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღესდღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს - გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს".