ავტორი:

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთ-საქართველოს შორის 2022 წლის 4 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

"თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ (TBF) გააპროტესტა დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა (წამზომი არ გაჩერებულა 22 წამის განმავლობაში მაშინ, როცა თამაში შეჩერებული იყო).

წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა:

"მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ დაამტკიცა, რომ ამ შეცდომის გარეშე მატჩის შედეგი განსხვავებული იქნებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა თამაშის შედეგს, არ დაკმაყოფილდა," - წერია განცხადებაში.

​FIBA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პარკეტს მიღმა მომხდარ დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი და კალათბურთელი ფურკან კორკმაზი, ასევე ქართული გუნდის მოთამაშე დუდა სანაძე დისკვალიფიცირებულები არ იქნებიან.

სანაძემ თქვა, რომ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელი არავის არავისთვის არ გაურტყამს. კორკმაზის მტკიცებით, ერთმანეთს გვირაბში მუშტები ურტყეს.

თურქეთის ნაკრების კაპიტანმა მელიხ მახმატოღლუმ ჯერ კიდევ ფიბას ვერდიქტამდე დაიჩივლა, რომ პროტესტის დაკმაყოფილებას ნაკლებად ელოდნენ, გუშინდელი ამბავი უკვე დაივიწყეს, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის არიან კონცენტრირებული და რაც მოხდა უმსგავსოებაა.

თურქული მხარი ბრალდებების შემდეგ, განცხადება გაავრცელა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც, რომელშიც ვკითხულობთ:

"გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებლური განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ...

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ონანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად. იხილეთ განცხადება სრულად

sportall.ge