ავტორი:

"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ

"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ

12 სექტემბერს, 61 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი გარდაიცვალა. არსებობენ მსახიობები და დიდი მსახიობები. მიშა გომიაშვილი დიდი მსახიობი იყო. მისი ყოველი ნამუშევარი თეატრსა თუ კინოში მაყურებელს ხიბლავდა... მსახიობს ზედაპირულობა და ზერელე დამოკიდებულება პროფესიაში არ უყვარდა, ვერც წარმოედგინა. საქმეში გულს დებდა. მისი კინოროლები საერთაშორისო ფესტივალებზე ჟიურის უყურადღებოდ არ რჩებოდა...

ბოლო დროს მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ გულმა უმტყუნა...

Ambebi.ge დღეს მის ახალგაზრდა კოლეგებს, მეგობრებს ესაუბრა, ადამიანებს, ვისთანაც მსახიობს ურთიერთობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა აკავშირებდა.

ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგე:

- საოცარი ადამიანი, საოცარი არტისტი დავკარგეთ. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ...

თემურ ჩხეიძის საოცარ სპექტაკლში "ART ხელოვნება“, 21 წლის განმავლობაში 500-ზე მეტჯერ ითამაშა. წარმოდგენა ანშლაგით მიდიოდა, ბილეთები ერთი თვით ადრე იყიდებოდა. ძალიან მოსწონდა და უყვარდა მაყურებელს. მიშა გომიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი - შერწყმული ტრიო იყო. ალბათ ასევე გახსოვთ მისი "მარადი ქმარი“ და არაერთი საუკეთესო როლი... არაჩვეულებრივი მსახიობი, ძალიან კარგი პიროვნება დავკარგეთ. გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან ახალგაზრდა წავიდა...

სცენა სპექტაკლიდან: "ART ხელოვნება"

....ბოლო დროს ავადმყოფობდა, ეტყობა, მაინც გულმა ვეღარ გაუძლო... უცხოეთში ფილმებში იწვევდნენ, არაერთ სურათშია გადაღებული. გადაღებებზე რომ მიდიოდა, თეატრში ხელს ვუწყობდით. წარმატებული იყო მისი ყველა როლი, ფესტივალებზე პრიზებს იმსახურებდა.

სასწაული იუმორი ჰქონდა, კარგი მეგობარი და გულითადი ადამიანი იყო, ძალიან გულკეთილი, არავისთვის არაფერი ენანებოდა. ახლა მასზე "იყოს“ რომ ვამბობ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერც ვიჯერებ, რომ აღარ არის. ბევრის გაკეთება შეეძლო. ძალიან ვმეგობრობდით.

ანი იმნაძე, მსახიობი:

- როცა ფილმზე "აგვისტოს 5 დღე“ დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. ეს იყო რეალურად ჩემი პირველი როლი კინოში, "თეატრალურის“ დამთავრების შემდეგ. სხვათა შორის, მაშინაც ყველა ინტერვიუში აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის მსახიობები ჩამოვიდნენ და სცენები მათთან ერთადაც გავითამაშე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიშას უშუალო პარტნიორობა. დღესაც ამ აზრზე ვარ, მაშინ მისგან ბევრი ვისწავლე და ყოველთვის, მთელი ცხოვრება მისი დიდი სიყვარული მექნება. იმედი მაქვს, რომ ამას გრძნობდა - განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ფილმში პარტნიორები ვიყავით, მამა-შვილი. გადაღებების პროცესშიც და მერეც "ანი, მამა" - ასე მომმართავდა. დიდი სიამოვნება და დიდი პატივი იყო მისი უშუალო პარტნიორობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის... ჩვენი სფეროსთვის დიდი დანაკლისია, დიდი მსახიობი წავიდა.

ანი იმნაძესთან ერთად, კადრი ფილმიდან: "აგვისტოს 5 დღე"

ხათუნა ხუნდაძე, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი:

- პირველ რიგში ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ქეთი კალანდაძეს, მის შვილებს, მთელ საქართველოს, დიდებული ხელოვანი დავკარგეთ. არაჩვეულებრივი მსახიობი იყო და ჩემთვის განსაკუთებულდ გამორჩეულია მისი ფილმი "კახეთის მატარებელი“, რომლის რეჟისორი ლალი კიკნაველიძეა. თუნდაც იმიტომ, რომ მესტიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ამ ფილმისთვის მიშა გომიაშვილს, არათუ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის, საერთოდ, ფესტივალის საუკეთესო მსახიობის პრიზი გადაეცა. ეს მისთვისაც განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, რადგანაც ეს საქართველოში მისი პირველი დაფასება აღმოჩნდა. ინტერვიუში ხუმრობდა, - მეგობრები დამცინიან და მეუბნებიან - ლამის "ოქროს ბუციც" კი გაქვს აღებული და ამ საქართველოში რატომ არაფერი გერგოო?!

ხათუნა ხუნდაძესთან ერთად

ამბობდა, პრიზთან ერთად, ჩახუტებულს მძინავსო... რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებდა... ლალი კიკნაველიძის ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელს, ჟიურის აბსოლუტური შოკი ჰქონდა. ეს არის შვილმკვდარი მამის განცდა და მამაკაცის ვირტუოზულად შესრულებული როლი. იმ პერიოდში, როცა ფილმში გადაიღეს, 55 წლის იქნებოდა, თუმცა 90 წლის კაცს ჰგავს. ეს არის საოცრება... ვიცოდი, დიდებული მსახიობი რომ იყო, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი ამ ფილმით კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე...

სურათი მოკლემეტრაჟიანია, თვითონ არ ეგონა, რომ მოკლემეტრაჟიანი იყო, ისე შევიდა პერსონაჟის სევდაში, რომ ვერ მიხვდა. საოცარი განცდა გადმოსცა. სხვათა შორის, იგივე გვჭირდა ყველას, ჩვენც სრულმეტრაჟიანი კინო გვეგონა. დიდი ჩათრევის ძალა ჰქონდა და ისე დაგვატყვევა. ამისთვის დიდი მადლობა მას! სადღაც გულის კუნჭულში მიხარია, რომ მას ეს პატივი პირადაც ჩემგან ერგო, თუმცა ეს არ იყო ჩემი სუბიექტური პრიზიცია, ჟიურის გადაწყვეტილება გახლდათ.

მიშა გომიაშვილი უდიდესი დანაკლისია ქართული სახელოვნებო სამყაროსთვის, - თეატრისთვის, კინოსთვის. საოცარი როლები სცენაზე, საოცარი კინოროლები ფილმებში. ამას წინათ მისი ინტერვიუ წავიკითხე, - მეუღლეებზე ხუმრობდა და ქეთიზე ამბობდა, ეს ჩემი ბოლო მეუღლეაო...

მართლაც ასე მოხდა, რომ ქეთი მისი ბოლო მეგზური აღმოჩნდა... ეს იყო უდიდესი სიყვარული ორივეს მხრიდან... ძალიან დასანანია...

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

კოკო როინიშვილთან ერთად

- ძალიან კარგი მსახიობი დააკლდა ჩვენს ქვეყანას, თეატრალურ და კინოსამყაროს. მე წლების წინ წილად მხვდა ბედნიერება, მასთან ერთად სცენაზე ვმდგარიყავი. ეს იყო მარჯანიშვილის თეატრში, თათა კობიაშვილი სპექტაკლში "საწვავი“... ის ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება. საოცარი პარტნიორი იყო, ვინც სცენაზე მის გვერდით მდგარა, ყველა ამას იტყვის. გარდა იმისა, რომ დიდი მსახიობი და საოცარი პარტნიორი იყო, ურთიერთობაშიც ძალიან მეგობრული. ყველასთან ძმაკაცობდა, მეგობრობდა, კარგი ადამიანი წავიდა.

  • P.S. ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მიშა გომიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.