ავტორი:

"ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა - ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია" - რას ამბობს ევროკავშირის ახალი ელჩი ე.წ. მეორე ფრონტსა და დეოლიგარქიზაციაზე

"ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა - ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია" - რას ამბობს ევროკავშირის ახალი ელჩი ე.წ. მეორე ფრონტსა და დეოლიგარქიზაციაზე

"წმინდა წყლის სისულელეს“ უწოდებს კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ "გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“. შესაბამის კითხვას ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა "ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა.

  • "ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია“,- განაცხადა ელჩმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.

"ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • ინტერვიუში ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა; მისი თქმით, "მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს."

"ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას", - ამბობს ჰერჩინსკი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის უნიკალური არ არის, იმდენად რამდენადაც მსგავსი გამოწვევის წინაშე იყო თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, მდიდარი ბიზნესმენის ფაქტორის მოხსნა, ქვეყანას პერსპექტიული ინვესტორებისთვის მიმზიდველს და უფრო ძლიერს გახდის.

"საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან კითხვაზე, განიხილავს თუ არა დასავლეთი და კონკრეტულად ევროკავშირი საკითხს, დაუწესდეთ თუ არა სანქციები ადამიანებს, რომლებიც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. სასანქციო სიაში შეიყვანა და რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციას შორის "სახელებზე საუბარი არ არის“.

"სიცხადისთვის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 12 რეკომენდაციას შორის არ არის სახელები. ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, მაგრამ არ ვახსენებთ არანაირ სახელებს. რაც შეეხება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერია და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნებაზე დაფუძნებით. ევროკავშირის სანქციების ეს პროცესი მუდმივად განახლდება ერთსულოვნების საფუძველზე და იმ მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველთვის უნდა იდგეს ევროკავშირის სანქციების სიაში ნებისმიერი გაფართოების უკან“,- განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ახალი ელჩის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.