ავტორი:

მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია

მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში და რწმენით განკურნებული 15 წლის ონკოპაციენტის ისტორია

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უფალთან გვინდა მიახლოება. ეს მაშინ მძაფრდება, როდესაც განსაცდელები ერთიანად გვიტევს და არსაიდან აღარ არის საშველი. მეც, თქვენი მონა-მორჩილი, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ასეთი მომენტი დაუდგა ცხოვრებაში და მეც ეკლესიას მივაშურე, ცოტა ხანს დავყავი ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. გამოსვლისას ნაცნობი შემხვდა, რომელმაც მითხრა, - გაიგე, თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს ქალი, რომლის სახლშიც თითქმის ყველა ხატს მირონი სდის და სასწაულებს ახდენსო... მაშინვე მისამართი გამოვართვი. კარი, სანდომიანმა, ახალგაზრდა ქალმა გამიღო და თავაზიანად შემიპატიჟა შინ, საშუალება მომცა, ხატებთან ახლოს მივსულიყავი. მათ შორის ერთმა ხატმა, ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. დიასახლისმა ამიხსნა, ეს სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, იერუსალიმიდან მაქვს ჩამობრძანებულიო. რამდენიმე წუთს დავყავი ხატთან და ჩუმად ჩემი სატკივარი გავუმხილე. დაახლოებით ერთი კვირის თავზე, სასწაული მოხდა. ღვთისმშობელმა ზუსტად იმ განსაცდელისაგან მიხსნა, რაც ასე მაწუხებდა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, კარგა ხნის განმავლობაში, შოკიდან ვერ გამოვდიოდი. მეორე დღესვე დავურეკე ქალბატონ ნანა ცინცაძეს და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე.

- ჯერ კიდევ მე-10 კლასიდან ვცდილობდი, რომ რწმენით მეცხოვრა, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი აქამდე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, მეცხოვრა მონასტრული ცხოვრებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ გარკვეული მიზეზის გამო, ეს ვერ შევძელი, თუმცა ვცდილობ, ერში მაინც მეტ-ნაკლებად ისე ვიცხოვრო, როგორი სურვილიც მქონდა.

ამ ხატებს, რასაც აქ ხედავთ, წლების განმავლობაში ვაგროვებდი. შევქმენი ჩემი კელია, რომელშიც მოძღვრის კურთხევით, უკვე 35 წელია ვცხოვრობ. უფალმა დამანახა, რომ ხატის რეპროდუქციასაც ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. გაზეთშიც რომ წავაწყდე, იმასაც კი ვიღებ. თითოეულ ხატს თავისი გარკვეული ისტორია აქვს ჩემთვის.

- იქნებ მოგვიყვეთ პირველ სასწაულზე, რომელიც თქვენს სახლში მოხდა...

- დაახლოებით 5- 6 წლის წინ, ვნების კვირა იყოს. ანალოგიაზე, სადაც დაბრძანებული მაქვს ტკბილი იესოს ხელთუქმნელი ხატი, დიდ ხუთშაბათს, ჩემს მეზობელთან ერთად ვლოცულობდი და ჩვენს თვალწინ, რომელსაც ეხლა თქვენც ხედავთ, ერთ თვალზე წამოუვიდა ცრემლი. თანდათანობით გადიდდა ეს ცრემლი და ისეთი სურნელოვანი გახდა, ვინც ნახულობს, ყველა განცვიფრებულია. ეს ასე გრძელდება დღემდე. ის დღე იყო და ის დღე, დამეწყო განსაცდელები. ყველას გვაქვს განსაცდელები, მაგრამ მე, რასაც ჰქვია, გოლგოთას გავდივარ. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მე ამ ყველაფერზე გავიმარჯვებ უფლის დახმარებით. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ისტორიის მოწმე გავხდი...

მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს, ბევრი ადამიანი დაპატიმრებული იყო. ჩემი შვილიც მოხვდა საპატიმროში. ბავშვს, ძალიან მალე დაემართა ტუბერკულოზი. დღე და ღამე ვტიროდი. ყოველ მისვლაზე უარესად ხდებოდა... 26 წლის ბიჭი 30 კილო გახდა, მაშინ ბევრმა ახლობელმა მირჩია, - არსებობს წმინდა დიმიტრი როსტოველის ხატი, რომელიც უძლიერესია და მასთან ილოცეო.... ეს ის წმინდანია, ვინც დედა ღვთისმშობლის ხუთჯერადი ლოცვა შექმნა. დავიწყე ძებნა და რომ ვერ ვიპოვნე, კომპიუტერიდან ავიღე და როგორც ფოტო ისე დავბეჭდე. მთელი ღამე ვევედრებოდი შვილის გადარჩენას. დილით, როცა გავიღვიძე, მარცხენა თვალზე დიდი ცრემლი ეკიდა რეპროდუქციას. მერე ეს ცრემლი ნელ-ნელა გადიდდა თვალთან და ახლაც თვალნათლივ ჩანს, როგორ ტიროდა დიმიტრი როსტოველი ჩემთან ერთად. ეს იყო ხილული სასწაული. ჩემს შვილი კი განიკურნა, დღესდღეობით აღარაფერი აქვს. როცა ფილტვებზე სურათი გადავუღეთ, ექიმები გაოგნებული დარჩნენ - ფილტვები სარკესავით სუფთა იყო.

- აქ არის ხატი, რომელმაც თავად მიხსნა განსაცდელისაგან და ასევე 15 წლის ონკოპაციენტი განკურნა...

- ჩემი მეგობრის შვილს, 15 წლის გოგონას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. გადაწყდა, რომ ხუთშაბათ დღეს, ოპერაციას გაუკეთებდნენ, რადგან გადაუდებელი სიტუაცია იყო. იმ პერიოდში ჩემს სახლში ყაზანის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. ამ ბავშვის დედა შეესწრო, ხატი როგორ მომიბრძანეს სახლში. ვთხოვე, ელოცა თავისი შვილისათვის. ერთი კი შემომხედა და მითხრა, - ნანა, ბავშვი ფიზიკურად ფეხზე ვერ დგებაო და წავიდა. დაახლოებით, საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. დედამ ბავშვი მოიყვანა. მაშინვე დაუჯდომელი მივეცი. დიდი ხანი დაჰყო დედა-შვილმა ჩემთან და საკმაოდ გვიანაც გავაცილე. მეორე დილით კი, გაისმა ტელეფონის ზარი, რომელიც ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. დედა რეკავდა და ამბობდა, რომ ბავშვს ავადმყოფობის ყველა სიმპტომი გაუქრა. ეს იყო ორშაბათს. ხუთშაბათის ოპერაცია კი, ძალაში რჩებოდა. ვთხოვე, ოპერაციას ნუღარ გაუკეთებთ-მეთქი.... თუმცა ბავშვი მაინც გაიყვანეს საოპერაციოდ. მე ამ დროს სახლში ვლოცულობდი. ჯერ კიდევ ჩემთან იყო, ყაზანის დედა ღვთისმშობლის ხატი და ვეხვეწებოდი, აეცილებინა ბავშვისათვის ოპერაცია. მახსოვს, ზუსტად ერთ საათში მირეკავენ, - ბავშვი ოპერაციაზე რომ გაიყვანეს, ჭერი ჩამოინგრა და ხელსაწყოები მთლიანად დაიმსხვრაო. გოგონა კარგად არის, ოპერაციის გარეშეც დააღწია თავი ავადმყოფობას.

- გაოგნებული გისმენთ..

- იცით რა, რწმენის გარეშე არაფერი ხდება. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც. ისეთი თვალებით შემოხვედით პირველად ჩემთან, მაშინვე ვიცოდი, ღვთისმშობელი მაშინვე რომ გაგახარებდათ და ასეც მოხდა. ვინც გულით და დიდი რწმენით მოვა, უფალი სასწაულს მოუვლენს. გახსოვთ, ალბათ, უფალი ერთ დედაკაცს რას ეუბნება: "შენი რწმენით მოგეგოს, დედაკაცოო“. ასეა ნამდვილად.

დღეს, ღვთისმშობლის შობაა, 21 სექტემბერი. სრულიად საქართველოს და თქვენს მკითხველს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს

- ამინ!

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი