ავტორი:

"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე

"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე

მის წინაშე ქედს იხრიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები, მის ხელოვნებას ეთაყვანებოდნენ, ესტრადის ვარსკვლავებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ დღეს მოსკოვთან აღარაფერი აკავშირებს და არც ენატრება. ამბობს, რომ ვერ გაძლებს იქ, სადაც სიყვარული არ იქნება, მუდმივად ცხოვრება კი თბილისის გარდა ვერსად წარმოუდგენია. "კვირის პალიტრას" ქართული სცენის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე ესაუბრა.

- ახლახან გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, რომ ქართველ ხელოვანთაგან ის ყველაზე მეტად თქვენ გაფასებდათ...

- დიახ... მახსოვს, მე და მედეა გონგლიაშვილი არგენტინაში ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან რუსეთის სახელით გვიშვებდნენ, სულ ვამბობდით, რომ ქართველები ვიყავით. სამწუხაროდ, არგენტინაში წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოზე. გორბაჩოვს იცნობდნენ და მას "გარბის" ეძახდნენ, ამიტომ ვუთხარით, "გარბის" გვერდით რომ შევარდნაძეა, მისი ქვეყნიდან ვართო. უნდა გენახათ, როგორ აღფრთოვანდნენ! გერმანიაში ჩვენზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, მაგრამ ვერ დაასრულეს. იქაც ვამბობდით, შევარდნაძის ქვეყნიდან ვართო და ყველა აღფრთოვანებული იყო - ბერლინის კედლის დანგრევის გამო მას უზომოდ ემადლიერებოდნენ.

ჩემი შემოქმედებით უფრო გორბაჩოვის ცოლი იყო მოხიბლული, მიხეილ გორბაჩოვი კი მეუღლის აზრს დიდ პატივს სცემდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება 1983 წელს, სწორედ გორბაჩოვის მმართველობის დროს მივიღე. მაშინ ესტრადის არტისტებს შორის პირველი ვიყავი ამ წოდებით. ჯერ არც იოსებ კობზონს ჰქონდა ეს წოდება, არც - ალა პუგაჩოვას... წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემს თავს რა ხდებოდა. ვფიქრობდი, სიხარულით გული არ გამისკდეს-მეთქი. რაისა გორბაჩოვა ჩემს კონცერტებს ხშირად ვერ ესწრებოდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმღერებს ყოველთვის უსმენდა. ბიჭვინთაში ზაფხულობით კონცერტები იმართებოდა და რუსეთიდან მთელი საბჭოთა მთავრობა ჩამოდიოდა. მათი დასასვენებელი ადგილი იქ იყო და ჩემს კონცერტებზეც მოდიოდნენ.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ თბილისის გარდა ვერსად იცხოვრებთ...

- თბილისის გარეშე ვერაფრით გავძლებ. ჩემი საქართველო ჩემია და ამაზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება! ცოტა ხნის წინ ზალცბურგში ვიყავი, მაგრამ იქაური სილამაზე ოდნავაც არ მაკვირვებს. უბრალოდ, იქ ყველაფერი ძალიან მოვლილია. იქ სამსართულიან სახლზე მეტს ვერ ნახავ და აქ ბაკურიანი როგორ გამიფუჭეს! ლამის სულ ოცსართულიანი სახლებია და რომ ვხედავ, გული მისკდება. აი, ეს არის ჩემი ძალიან დიდი დარდი!

ქვეყანა მიყვარს, ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე! ასეთი სოფლები გვაქვს და გული მწყდება, რომ იცლება. ასეთ სოფლებს როგორ უნდა უღალატო და საცხოვრებლად სხვაგან წახვიდე, სადღაც ბეტონის ჯუნგლებში?! თბილისი ისეა შეცვლილი მახინჯი შენობებით, გარეთ ვეღარ გავდივარ.

თბილისთან ახლოს, სოფელ წვერში, სახლი გვაქვს, სადაც არანაირი პირობები არ არის - არც წყალია, არც გაზი, არც შუქი, არც გზა, თუმცა ისეთი სილამაზე და სიწყნარეა, იმით ვსულდგმულობთ. დასალევი წყალიც კი თბილისიდან აგვაქვს, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

- ცოტა ხნის წინ თქვენი აუზზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... როგორ ახერხებთ, ასე საოცრად გამოიყურებოდეთ?

- არ ვიცი, ჩემო საყვარელო. არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები. ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი.

უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება - გაეცანით ინტერვიუს სრულად