ავტორი:

"გაგიკვირდებათ და ვიღაცები ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი... ძლიერი ფსიქოლოგის ტრენინგებიც გავიარე" - ანი გიუნტერის მშვენიერების ფორმულა და რჩევები ქალებს?

"გაგიკვირდებათ და ვიღაცები ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი... ძლიერი ფსიქოლოგის ტრენინგებიც გავიარე" - ანი გიუნტერის მშვენიერების ფორმულა და რჩევები ქალებს?

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი თავისი ბედნიერი არდადეგების ფოტოებით, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთში გაატარა, სოციალური ქსელის საშუალებით, მეგობრებს და გულშემატკივრებს უხვად ანებივრებს. უამრავ თბილ კომენტარს და კომპლიმენტსაც იღებს. კომპლიმენტებს არასდროს უჩიოდა, მაგრამ ბოლო დროს, ბევრი ეუბნება, რომ ახლა გამორჩეულად კარგ ფორმაშია. თუ რა არის ამის მიზეზი, როგორ მიაღწია ამას და რისი დაძლევა შეძლო, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უყვება.

- მშვენიერ ფორმაში ხარ... არ გაგვანდობ ამ ყველაფრის საიდუმლოს?

- როცა ვინმე კარგად გრძნობდა თავს, მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ ხოლმე - ფუი, ფუი, თვალი არ მეცეს, ღმერთო კარგად ვარ და რამე ცუდი არ გამაგებინოო. ჩემს შემთხვევაში ასეა - როცა კარგად ვარ, უნდა სამყაროს ვკითხო, როგორ შეიძლება, უკეთესად ვიყო?! პასუხი თავისით მოდის და მოდის სიურპრიზებიც... რაც მთავარია, არ უნდა დაიძაბო... ბევრი მეუბნება - გახდი, თვალები სხვანაირად გიციმციმებსო. პასუხი მარტივია, ბრაზი, წყენა, უაზრობაზე ნერვიულობა ადამიანს ზედმეტ ემოციებს უმატებს, რაც როგორც სახეზე, ისე კანზე აისახება... გაგიკვირდებათ და ვიღაცები ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი და მასთან ერთად წონაც წავიდა, ანუ ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო. აქ პირად ცხოვრებას არ ვგულისხმობ. გავუშვი-მეთქი, რომ ვამბობ, ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობარი, რომელთანაც მუდმივად მიწევს კონტაქტი...

- რატომ?

- მეგობართან ასეთი ურთიერთობა მისაღებია, მაგრამ ყოველდღე ამ შეხვედრით სიტყვაზე შეიძლება, ნერვებიც გეშლება... ამ ყველაფერს შენი ტვინიდან რომ გაუშვებ და გამიჯნავ, ყველაფერი სხვანაირადაა. მოკლედ, ვისწავლე ზედმეტი ადამიანების და ემოციების მოშორება და ფორმულაც, საიდუმლოც ეს არის.

- ეს დამოუკიდებლად შეძელი?

- კი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგის ტრენინგებიც გავიარე. ეს საკითხები სულ მაინტერესებდა. როცა ადამიანს რაღაცის დაკარგვის ეშინია, მისი სხეული დასაკარგად ვერ უშვებს. როცა არ გეშინია თუნდაც ადამიანების გაშვების, რომლებიც თუნდა შენ არ გეკუთვნის, იმ ზედმეტ წონასაც ადვილად ემშვიდობები. ასე რომ, ყველაფერს ზედმეტს ვუშვებ და სამყაროსაც ვეუბნები, რაც ჩემი არ არის, არ მინდა და აღმოჩნდება, რომ ჩემი ის არ არის.

- მოკლედ, ზუსტად ისწავლე შენგან ზედმეტის გაშვება და მერე უკვე ამაზე მარტივად ააწყე ყველაფერი...

- ადრე სოციალურ ქსელში მართლა იშვიათად ვდებდი საცურაო კოსტიუმით ფოტოებს. თუ დავდებდი, საგანგებოდ ვარჩევდი. ახლა ამას თამამად ვაკეთებ. როგორიც ვარ იმ მომენტში, საზოგადოებას იმას ვუზიარებ. კი, ამ ეტაპზე ასეა - აქ და ახლა გადაიქცა ცხოვრების წესად. ახლა აქ ვარ, ამ მომენტში ასე გამოვიყურები და სხვას ამას ვუზიარებ. თუ ვინმეს ეს მოეწონა, ბედნიერი ვარ.

- და გასულ ზაფხულს მართლაც ბევრი ფოტო გაუზიარე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას...

- გამორჩეული იყო როგორც თურქეთი, ისე - საბერძნეთში მოგზაურობა. თურქეთში ბავშვებთან ერთად ვიყავი, საბერძნეთში - მეგობრებთან. ეს იყო სრული განტვირთვა. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომებმაც გულითადად მიმასპინძლეს. ამიტომ ჩემი ზაფხულის ფოტოები უმეტესად ამ ქვეყნებიდან იყო. ვიყავი, იქ, იმ განწყობაზე და ვუზიარებდი ფოტოებს მეგობრებს, ვისაც მოსწონთ და ჩემი გულშემატკივრები არიან.

- საბერძნეთიდან, ეგეოსის ზღვის ფონზე მართლა საოცარი ფოტოები გაგვიზიარე...

- ...მეგობრებმა მითხრეს, ჩვენთან ერთად უნდა იცურაოო. მე თუ ერთ დღეში 6 კილომეტრს გავცურავდი და შუალედში მხოლოდ 3 კილომეტრის მერე შევისვენებდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ყვინთვას ვერ ვიტან და რომ მივცურავდი, იმაზე ვფიქრობდი, თმა არ დამისველებოდა, ამიტომ გულაღმაც არ გამიცურავს. მოკლედ, ერთი კუნძულიდან, მეორეზე, სიყვარულის კუნძულზე გავცურეთ. საინტერესო მოგზაურობა აღმოჩნდა, დრო ისე გავიდა, ვერც გავიგე.

- ფორმის შენარჩუნებისთვის კვების რეჟიმი მნიშვნელოვანია. ამას აქცევ ყურადღებას?

- იგივე მოხდა კვებასთან დაკავშირებითაც. იმ საკვებს ვიღებ, რაც მინდა და ასე სამჯერ ნაკლებს ვჭამ. ჩემს ორგანიზმს ვუსმენ, დანაყრებული ვარ თუ არა? მნიშვნელოვანია, სხეულს რა უნდა. თუ მეტი უნდა, ვჭამ, თუ არ - არა. საერთოდ, ტკბილი არ მიყვარს, ამიტომ ძალით ვერ შევჭამ. ნაძალადევი არაფერი ვარგა. მოკლედ, ვჭამ იმდენს, რამდენიც იმ მომენტში მინდა. ბავშვობიდან სწორი ჩვევები მაქვს გამომუშავებული, რომელსაც ჩემს შვილებსაც ვუნერგავ. ხომ არის გამოთქმა - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ასეა ზუსტად... ჩვენს მენიუში არასდროს არის შემწვარი კარტოფილი, ბურგერი, არც ცომეული, სახლში პურიც არასდროს მაქვს და შაქარიც მავიწყდება, სტუმარი რომ მოდის, მერე ვამატებ. ისე გავიზარდე და ჩემი შვილებიც ასე არ არიან, უშაქრო ჩაის ვსვამთ. გენეტიკურად არც ცომი და არც ტკბილი არ მიყვარს, სამაგიეროდ, ვგიჟდები ზღვის პროდუქტებზე, თევზეულზე, მწვანე სალათის ფურცელზე - ბუნებრივი პროდუქტი უზომოდ მიყვარს და ამას მივირთმევ. თუმცა სტუმრად თუ ხაჭაპურს მომართმევენ, უარს არ ვამბობ, მაგრამ მე არ ვყიდულობ და არც ვაცხობ. ცომეულის გარდა ყველაფერს ვამზადებ.

- ვარჯიში ტრენაჟორებზე, აკვააერობიკა - ორგანიზმს აჯანსაღებს და უმეტესობა ამას წონის დასაბალანსებლადაც მიმართავს. რა ადგილს იკავებს გამაჯანსაღებელი სპორტი შენს ცხოვრებაში?

- სანამ წონაში დავიკლებდი, მანამდე გადავწყვიტე - 40 წლის რომ გავხდები, ყველაზე კარგ ფორაში უნდა ვიყო, ამასთან, ყველზე ბედნიერი, ლამაზი და ძლიერი-თქო. დავიწყე ვარჯიში, მერე რაღაცამ ხელი შემიშალა, დაბადების დღეს 12 მაისს, უვარჯიშებელი შევხვდი და მას მერე ვარჯიში ვეღარ განვაახლე. რადგან ამის სურვილი მქონდა, პროდიუსერმა შემომთავაზა - ვისაც სურვილი აქვს ივარჯიშოს, მაგრამ არ აქვს დრო, სპორტდარბაზში იაროს, მათთვის რაიმე გავაკეთთო. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა შევთავაზო ასეთი რამ - როგორ შეიძლება მტვერსასრუტით დაასუფთაო სახლი და თან, სხეული, კუნთები ავარჯიშო. ფიტნეს ინსტრუქტორმა მაკა ხიზანიშვილმა ასე მავარჯიშა და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. თუმცა ცხადია, ამ ყველაფერს დარბაზში თავის წესები აქვს. მოკლედ, ჯერ ვერ მივედი, მაგრამ ვაპირებ. გენეტიკას და ასაკს ხელი უნდა შევუწყოთ. ფეხთ სიარულიც მშვენიერი რამაა. არასდროს მბეზრდება. დიდი საცობების გამო ტაქსებზე უარი მაქვს ნათქვამი. საზოგადოებრივ ტრანსპორტით ვმგზავრობ, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდები. ამ დროს ფეხით უფრო მეტის გავლა მიწევს. ამასთან, უამრავ საინტერესო ამბავს ვაწყდები, ვაგროვებ იდეებს გადაცემებისთვის, რეპორტაჟებისთვის. ახლოს ვარ ხალხთან.

- გენეტიკა რამდენჯერმე ახსენე... ფაქტია, რომ შენი გარეგნობაც საკუთარი გენეტიკის დამსახურებაა.

- ბედნიერი ვარ ოჯახით, რომელშიც დავიბადე. გამოუსწორებელი ოპტიმიზმი, სიყვარული სუფევდა. ჩემს მშობლებს სიყვარულისადმი დიდი სიყვარულის გრძნობა ჰქონდათ. მიყვარს მთელი ცხოვრება მამაჩემის აციმციმებული თვალები. არ დამავიწყდება ის კადრები, როცა დედაჩემს აღფრთოვანებით უყურებდა. ლამაზი სანახავი იყო, როცა დედასთვის სულ სხვადასხვა საჩუქარი მოჰქონდა... ეს დიდი განძია, რაც თანდაყოლილია. გენეტიკურად ძალიან ბედნიერი ვარ... იმ დღეს მკითხეს - რაში ემზადებიან შენი ბავშვებიო? გავიკვირვე, - რაში სჭირდებათ მომზადება?! არც მე და არც ჩემს და-ძმას, მომზადება არაფერში დაგვჭირვებია. ისე ჩავაბარე, რომ პროგრამა 2 კვირაში მოვამზადე. ჩემი ბავშვებსაც ასევე არიან. ბევრი სწავლა კარგი ნიშნებისთვის არ სჭირდებათ. ამისთვისაც ბედნიერი ვარ. ერთი წაკითხვით იმახსოვრებენ, ყველაფერს თავს ართმევენ. გაკვეთილს მეც შესვენებებზე ერთი წაკითხვით ვსწავლობდი. არასდროს დამიზუთხავს. ეს კარგი მეხსიერების დამსახურებაა.

- უძილობაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე...

- თუ ძილი გაკლია, მას ვერაფერი შეგიცვლის, ვერც კარგი ხასიათი და ვერც პოზიტიური მიდგომა ვერაფრის მიმართ. თუ უძილო ხარ, უნდა დღის განმავლობაში გამოყო თუნდაც 15 წუთი, თვალები დახუჭო და ტვინი დაასვენო. ყველაფერზე ვიტყვი უარს და ძილზე არა. თუ ვარ უძილო, არასოდეს დავსტრესავ ორგანიზმს და ძალით არასად წავიყვან. უძილობაზე დიდი მტერი არ არსებობს და ამას მეცნიერებაც ადასტურებს.

- ბევრი ქალბატონი გარკვეული ასაკის შემდეგ პლასტიკურ ქირურგიას „უმეგობრდება“... შენ რა მოსაზრება აქვს ამაზე, ან ხომ არ „მეგობრობ“ კიდეც?

- იმ დღეს ჩემი მეგობრის ფოტოს შევხედე, გავოცდი. 47 წლის არის. თუ დამჭირდა და ასაკში ამ ოპერაციას გავიკეთებ. მიდიხარ თურქეთში და გეუბნებიან,10 წელს გაკლებთო. როგორ, რანაირად? ამაზე არ გელაპარაკებიან. ჩემი მეგობარი საოცრად გამოიყურება...

- საკუთარი გამოცდილებიდან რა რჩევებს მისცემდი ქალბატონებს?

- უნდა შეძლონ საკუთარი თავის ჯერ აღიარება და მერე შეყვარება ოღონდ, ისეთის, როგორიც არის. უნდა შეძლონ საკუთარი სახის, კანის, ფრჩხილის, კბილის კომპლექსურად მიღება. თუ რომელიმე ფრჩხილი ნერვებს უშლით, არავის დაუჯერონ, თუ ის მათთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გაიკეთონ. თუ ცხვირი უშლით, უნდა გაიკეთონ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს. მიიღონ საკუთარი ისეთი, როგორებიც არიან. თუ რამე არ მოსწონთ, შეცვალეთ. შეიყვარონ სამყარო და ადამიანები. დაიჯერონ, რომ სამყაროს და ადამიანებს ძალიან უყვარხთ ისინი, თორემ საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებენ... მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანია. ადამიანებს და საკუთარ თავს უთხრან მადლობა. არ არის რთული, უბრალოდ აუცილებელია...