ავტორი:

პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის

პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის

უკმაყოფილო პაციენტი კლინიკა "ტოტალ შარმის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. თამარ ც. აცხადებს, რომ ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ, 2021 წლის 18 მაისს, მას მკერდის ოპერაცია არასწორად ჩაუტარა, რის გამოც პოსტოპერაციულ პერიოდში ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეექმნა და კვლავ გახდა საოპერაციო.

პაციენტი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რის გამოც სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

თამარ ც.-ს უფლებებს სასამართლოში ადვოკატი აჩიკო კაიკაციშვილი დაიცავს. ის ambebi.ge -სთან აცხადებს, რომ კლინიკის ბრალეულობა დოკუმენტებით დასტურდება.

"დოკუმენტებით დგინდება, რომ ვერც კლინიკამ დაიცვა ხელშეკრულების პირობები და ვერც ექიმმა შეასრულა საჭირო სამედიცინო ჩარევა. შედეგად, ვერ მოხდა ხარისხიანი ქირურგიული მომსახურების გაწევა - არ დადგა პაციენტისთვის სასურველი შედეგი. კერძოდ, 2021 წლის 18 მაისს ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ განაპირობა 2022 წლის 5 სექტემბრის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან მოქალაქე აღმოაჩნდა სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიისა და სარძევე ჯირკვალზე უხეში ნაწიბურების პრობლემის წინაშე. მეორე ოპერაცია დაიგეგმა პირველი ოპერაციის დროს დაშვებული უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც არსებული შედეგებით, სრულად აღმოფხვრილი კიდევ არ არის.

ერთმნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირიც, ვინაიდან 2021 წლის და 2022 წლის სამედიცინო სტაციონარული დოკუმენტაცია ცალსახად მიუთითებს, რომ ქალბატონი სრულიად ჯანმრთელი გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთანავე, ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის პირობებშიც კი, ოპერაციების ჩატარების შემდგომ, მას არ განუვითარდა არც ერთი უკუჩვენება, რომელიც რაიმე ავადობით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. დღევანდელი შედეგი, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ მთლიანად კლინიკისა და ექიმ კონსტანტინე სულამანიძის არასწორი მანიპულაციის შედეგია.

მეტიც, ჩატარებული აბდომინოპლასტიკის კორექციის და ლიპოსაქციის შედეგად, მუცლის მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკეცი, რომელიც მას არ ჰქონდა ბოლო ქირურგიულ ჩარევამდე. გარდა ამისა, მეორე ოპერაციის შედეგად, სხეულზე ჭრილობის განაკვეთი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ყოფილა წინაწარ - კერძოდ, ექიმმა ქალბატონს მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ჩაუტარა იმგვარი ჩარევა, რომელმაც მის სხეულზე ჭრილობის განაკვეთის გაზრდა გამოიწვია, შესაბამისად გაიზარდა შრამიც", - აცხადებს ადვოკატი.

აჩიკო კაიკაციშვილის თქმით, კლინიკა სასამართლოში ვერ შეძლებს ექიმის არასწორი ქმედების ფაქტზე დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენას და საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება.

"ცხადია ეს საკითხი ზეპირსიტყვიერი არგუმენტაციით ვერ გადაწყდება, ჩვენ კი გვაქვს მტკიცებულებები და სახეზეა დაზარალებული ქალბატონი. ვფიქრობთ, საქმეზე უნდა დადგეს პრეცედენტი, რაც არ გულისხმობს, როგორც კლინიკის, ასევე ექიმის მიმართ მომავალში ნდობის შემცირებას, უწინარესად სარჩელი გულისხმობს ჭეშმარიტების დადგენას იმ საკითხში, თუ რა მოხდა განსახილველ შემთხვევაში“, - აცხადებს ადვოკატი.

კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებული ქალბატონი საქართველოში ცნობილი ადამიანია და ეკო-სალონის კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში მოღვაწეობს.

საქმეზე ორივე მხარის პოზიციის წამოდგენის მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით "ტოტალ შარმს". კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუხუნაიშვილმა გვითხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით რაიმე სახის კომენტარი გააკეთონ, რადგან ამას პაციენტთან დადებული გაუთქმელობის ხელშეკრულება ავალდებულებთ.

"თუ პაციენტი მოგვცემს ნებართვას გავასაჯაროოთ საქმის მასალები, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. მანამდე ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ძალიან კარგი იქნება, თუ გვიჩივლებენ" - თქვა ambebi.ge -სთან კლინიკის ხელმძღვანელმა.

ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ადვოკატები" , რომელსაც კაიკაციშვილი წარმოადგენს, სარჩელი სასამართლოში 2022 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა.

იხილეთ ასევე: