რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად ყოფილი ავღანელი კომანდოსების გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, საუბარია იმ მედესანტე-დივერსანტების რეკრუტირებაზე, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები წვრთნიდნენ.
გამოცემის ცნობით, "კომანდოსის" კორპუსის ყოფილი წევრები იღებენ შეტყობინებებს რუსებისგან - ისინი ჰპირდებიან დიდ ჯილდოს უკრაინაში ომში მონაწილეობის სანაცვლოდ. Foreign Policy-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ მცდელობების უკან "ვაგნერის“ დაჯგუფება დგას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრი ყოფილი "კომანდოსელი" იძულებულია თალიბებს დაემალოს და რუსეთის მხარეს იბრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მტრად მიიჩნევენ. წყაროს ცნობით, ზოგიერთი მათგანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობამ შესაძლოა, აიძულოს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომ რუსეთის წინადადება მიიღოს.