ავტორი:

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 3 საკითხი, რომლისთვისაც აკაკი წერეთელი იბრძოდა - მწერლის ნაცნობი და უცნობი პუბლიცისტიკა

ქართველი ხალხის უსაყვარლესი მწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური წერილებით, რომლებიც იმ პერიოდის ქვეყნისა და ხალხის მწვავე საკითხებს ეხებოდა. ბევრ მათგანს მწერლის პირად არქივებსა თუ სამუზეუმო ფონდებში მეცნიერებმა მოგვიანებით მიაკვლიეს. ეს წერილები აკაკის იდუმალებით მოცული მხატვრული სამყაროს კიდევ ერთ წახნაგს წარმოაჩენს და ავტორს, გვაცნობს როგორც ღირსეულ მოქალაქეს.

აკაკი აქტიურად წერდა სტატიებს და წერილებს ლიტერატურის, ხელოვნების, ისტორიის, რელიგიის და კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. ის მკითხველს უზიარებდა საკუთარ შეხედულებებს, საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის, მეზობელ ხალხებთან მიმართების, ე. წ. ოსმალოს საქართველოს პრობლემის შესახებ.

„ჩვენო ერთტომო და ერთმოგვარე ძმებო! დიდი ხანი არ არის მის შემდეგ, რაც უკუღმართმა ბედმა დაგვიკარგა ჩვენი მრავალსაუკუნეობითი ერთობა, გაგვაპო შუა, გაგვყო ორად, გაგვასხვავა სარწმუნეობით და დაგვაშორა ერთმანეთს ქვეშევრდომობით. მაგრამ ჩვენ კი მაინც იმავე ერთის ტომის ხალხი ვართ, რაც ადრე ვიყავით; იმგვარივე სისხლი სდუღს ჩვენში დღესაც, რომელსაც ადრე ჩვენ და თქვენ ჩვენის ერთობისათვის თავგანწირულად, შეერთებულად ვანთხევდით; იგივე გული, რომელიც ძველად ჩვენის ქვეყნის ერთობისათვის სიყვარულით იმსჭვალებოდა, და იგივე ამაყი და პატიოსანი სული გვამხნევებს,რომლითაც ჩვენ მაშინ ერთად განუყოფლად ქვეყანაში ქებით ვიხსენებოდით. კიდევ მეტი ვსთქვათ: დღესაც ჩვენ მივენდობით იმავე ერთს ღმერთს, რომელიც ადრე გვფარავდა. ჩვენა გვაქვს ერთი ისტორია, რომელიც საქართველოსადმი ღვაწლში თქვენ უფრო დიდ წილს გიდებსთ, როგორც შემხებს, მოსაზღვრეებს, - ის არ დაივიწყება უკუნისამდე, სანამ კი საქართველო არსებობს და სანამ ჩვენი დედა- ენა არ გამქრალა, ის ტკბილი ენა, რომელიც თქვენ აგრე მამაცურად და პატიოსნურად უცხოობაშიაც კი შეგინახავთ. რადაც უნდა ვიყოთ, რაგინდ შორს ვიყოთ ერთმანეთზედ, დიდათაც რომ განვსხვავდეთ გარეგნობით, ჩვენ მაინც ყოველთვის ერთი უნდა ვიყოთ იმ მიზეზებით, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ჩვენიცალცალეობა, ჩვენი გაყოფა ორად - ჩვენი ბედისა და ძალის განახევრება არის. როგორც ძველად, ისე დღესაც უთქვენოდ ჩვენი ჭირი ორკეცდება და ლხინი კი ნახევრდება, თუ თქვენ ცუდ მდგომარეობაში გიგულებთ, მაშინ ჩვენი კეთილდღეობაც აღარაფრად გვიღირს და თუ თქვენც ჩვენთან ერთად ჩვენი თანამგრძნობი და ერთად უღლის გამწევად გხედავთ, მაშინ ჭირსაც აღარ შეუშინდებით. ღმერთმა ნუ ქნას უთქვენობა ჩვენთვის და უჩვენობა თქვენთვის.

ორი ნახევარი ცალ-ცალკე ყოველთვის უსრულო ნაწილებად დარჩებიან, მაგრამ ერთად შეერთებით კი ერთს სრულს შეადგენენ. დიახ, სულითა და გულით ჩვენ ერთი ვართ, ერთს ბედს ქვეშ უნდა ვიყოთ ყოველთვის.“ - ოსმალეთის ქართველებს. აკაკი.

აკაკიმ დიდი ენერგია შეალია ჭიათურის მანგანუმის საქმეს. მას კარგად ესმოდა, თუ როგორ ცდილობდა რუსეთის იმპერია საქართველოს ზნეობრივ დაბეჩავებას და ეკონომიკურ გამოფიტვას. ხელისუფლება არ აპირებდა თანხის გაღებას ისეთი სფეროს დასაფინანსებლად, რომელიც ერის დაწინაურებას შეუწყობდა ხელს. საჭირო იყო ისეთი წყაროს გამონახვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სოლიდურ შემოსავალს მოუტანდა. სამწუხაროდ, ბევრმა პოეტის დაინტერესება ანგარებით ახსნა, არადა მას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა.

„მე რომ პირველად მარგანეცის საქმეს შეუდექი, ხალხმა არა თუ არა იცოდა-რა, კიდეც იუცხოვა და ყბად აიღო. თუმცა მათ მე არასა ვთხოვდი, მათი არა იხარჯებოდა-რა, მაგრამ მაინც კიჟინა დამცეს, თითქოს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენი ვყოფილიყო!.. ყველა ხელს მიშლიდა, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც... ძნელი იყო ჩემი ყოფა, მაგრამ ცამეტი წლის განმავლობაში, სხვა-და- სხვა იმედებით გამსჭვალულს მომავალზე, საქმისათვის თავი არ დამინებებია! დღეს, როდესაც სასაცილო ‘შავი-ქვის“ საქმე დიდ-საქმედ გადაიქცა და ქვეყანა სარგებლობს, ხშირად მესმის შემდეგი სიტყვები:

„რა ქნა ამ კაცმა! საქმე მაგან დაიწყო, გააჩაღა, ქვეყანა კეთდება და თვითონ კი თავი დაიღუპაო“ და სხვ. ამ მართალ სიტყვებს ზოგი დაცინებით ამბობს და უფრო მეტი კი გულმტკივნეულობით, რადგანაც არ იციან, თუ რა იყო ჩემი მიზანი და რად ჩავები საქმეში. პირადი ანგარიში აქ არა მქონია რა და ოღონდ კი ის იმედები, რომლითაც მაშინ მე ვხელმძღვანელობდი, განხორციელებულიყო და მე მზად ვიყავი და მზათაცა ვარ მთელი ჩემი სიცოცხლე სიღარიბეში გამეტარებია. გინდ ხელგაშვერილის დღიური ლუკმის მოსაპოვებლად!.. - მარგანეცის გამო. აკაკი

აკაკი ბანკების საკითხზე და მასთან დაკავშირებულ უთანხმოებებზეც წერდა. ის, როგორც საზოგადოების პროგრესული მოთხოვნილების ხორცხშესხმის ხელშემწყობი და მხარდამჭერი, სიფრთხილით ეკიდებოდა სათავადაზნაურო ბანკის დაარსების საკითხს. მას კარგად ესმოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ქართველი ხალხისთვის ბანკს, რომელიც მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მისცემდა. ბანკს ქართველი კაცისთვის შეეძლო ის საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად ექცია; მიეცა განათლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის წყალობით, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაც რეალური გაეხადა. აკაკის ისიც ესმოდა, რომ ფული ფრთხილ დამოკიდებულებას საჭიროებდა. მან ბანკი სამართებელს შეადარა, გამოუცდელი ქართველები კი პატარა ბავშვს. ის შიშობდა, რომ საბაზრო ეკონომიკის კანონების და საბანკო საქმის სპეციფიკის უცოდინარ ხალხს ბანკის დაარსება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

„სულ სხვა იყო განსვენებული დ. ყ., რომლის დიდებული აჩრდილი ახლაც თვალწინ მიდგას. ეს იყო ერთი იმგვარრჩეულთაგანი, რომელნიც მრავალ საუკუნოების განმავლობაში თვითო-ოროლა გამოერევიან ხოლმე. მადლით იყო ცხებული და ქვეყნისადმი მიჩენილი მისი მადლიანი არსება! მთელ მის ხანგრძლივ სიცოცხლეში საზოგადო საქმე არა ყოფილა ჩვენში, რომ იმასაც მონაწილეობა არ მიეღოს. ყოველდღიურ ავსა და კარგს უყურადღებოთ არ ტოვებდა!.. არც ერთ სასარგებლო საქმეს არ ერიდებოდა! ეს პატარაა, ეს გარეულია, ეს არ მეკადრება, ეს ბევრს არ მოეწონებაო და სხვანი, არ იცოდა. ყოველგან მონაწილე იყო თუ საქმით, თუ სიტყვითდა რჩევით. ზოგიერთებსავით იწროთ არ ჰქონდა შემოფარგლული სარბიელი!

ყოველი მხრით ეჭირა თვალ-ყური!.. თუ პირად ვეღარ მიწვდებოდა, ხმას მაინც მიაწვდენდა! ამას რომ არ სჯერდებოდა... გონების თვალი უჭრიდა, მომავალშიაც გადადიოდა... ამ თავითვე წარმოიდგენდა ხოლმე, მომავალში რა იყო საჭირო და რაზედ უნდა გვეზრუნა. ბანკი მისი მეოხებით დაარსდა... მართალია დღეს ეს საქმე ჩვენთვის, როგორც ზნეობითად, ისე მატერიალურადაც საჭირბოროტოა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის; მის ნება-სურვილზედ რომ წასულიყო საქმე და წინ უკუღმართი ძალმომრეობა არ გადაღობებოდა, სულ სხვებ იქნებოდა საქმე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მისი საქმეა, დრამატიული საზოგადოება მან დააარსა და სხვანი. რომელი ერთი მოვთვალო?.. პირველი აზრი ყოველთვის ამას უტრიალებდა ხოლმე თავში და განმახორციელებელიც ის იყო!.. და თუ ბოლოს ჩამოშორდებოდა ხოლმე, ეს სულ სხვა მიზეზის ბრალი იყო და არა მისი ჯინიანობისა და დესპოტობის, როგორც ზოგიერთები ავრცელებდნენ ხმას. დაუღალავი მშრომელი იყო და არ იცოდა დაღონება...“ - აკაკი.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხ ტომეულს გამოსცემს. ტომეულში თავმოყრილია იქნა პროზა, პოეზია, დრამატურგია და აკაკის წერილები.

წიგნი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის და მისი სპეციალური ფასი - 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 15.50 ლარია. მეოთხე, ბოლო ტომის შეძენას 31 ოქტომბრიდან, პრესის გავრცელების წერტილებში შეძლებთ. ასევე, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე - www.palitral.ge და შეძლებთ ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით. ტელ: +995 32 238 38 71