ავტორი:

რუსეთში 4 სტუდენტი დააკავეს, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდნენ - მედვედევი მათ დახვრეტას ითხოვს

რუსეთში 4 სტუდენტი დააკავეს, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდნენ - მედვედევი მათ დახვრეტას ითხოვს

უფას რაიონულმა სასამართლომ ტერაქტის საქმეზე ოთხი სტუდენტი დააკავა, ინფორმაციას ბაშკირეთის სასამართლოების ერთობლივი პრესსამსახური ავრცელებს. გამომძიებლების თქმით, ისინი ცდილობდნენ დაეზიანებინათ რკინიგზის ხაზი. ოფიციალური უწყებების მტკიცებით, ამით ახალგაზრდები "უკრაინაში სპეცოპერაციას (რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომს, მთავრობა დღემდე სპეცოპერაციას უწოდებს - რედ.) აპროტესტებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ბაშკირეთის ხელისუფლების დესტაბილიზაციას გამოიწვევდნენ".

"სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და ოთხ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით 28 დეკემბრამდე პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია სასამართლოების პრესსამსახურის განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამი ახალგაზრდა 18 წლისაა და ერთიც 17 - წლის. მათ ბრალი ედებათ ტერორისტული აქტის მცდელობაში, ასევე ჯგუფურად ტერორისტული აქტების ჩადენაში. რუსეთში ამ დანაშაულების სასჯელი 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან 18 წლის ფარუხჯონ ზოკიროვი, მუსტაფა შაჰბაზოვი, ემინ სადიგოვი და მისი არასრულწლოვანი ძმა.

მუსტაფა შახბაზოვი, როგორც მის VKontakte-ს პროფილზეა მითითებული, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფას სამართლის ინსტიტუტში სწავლობს. უყვარს საბრძოლო ხელოვნება და რეპი. ემინ სადიგოვი უფას საავიაციო კოლეჯის სტუდენტია, ხოლო მისი უმცროსი ძმა მუსა გარეევის სახელობის საჰაერო სადესანტო კადეტთა კორპუსში სწავლობს.

"სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა სულ მცირე ხუთჯერ სცადეს რკინიგზაზე ელექტრო მოწყობილობების დაზიანება, რითაც "ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარებას“, - წერს მედია.

ახალგაზრდებს რკინიგზის ჩერნიკოვკა-შაკშას მონაკვეთზე სურდათ ელექტროგაყვანილობის დაზიანება - ცეცხლი წაუკიდეს განყოფილების პუნქტს, ასევე საკონტაქტო ქსელის გათიშვის საკონტროლო პუნქტს და ოთხ სარელეო კაბინეტს, - იუწყება RBC-Ufa...

როგორც რუსული მედია წერს, ოთხი სტუდენტიდან ორი 27 ოქტომბერს ბაშკირეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც კუიბიშევის რკინიგზის მთავარი გადასასვლელის მონაკვეთის დაწვა სცადეს.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის არხზე წერს, რომ "დივერსანტების" და ასეთი ადამიანებისთვის სიკვდილით დასჯა უნდა ამოქმედდეს.

"რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტებმა დაიწყეს ოპერირება“, - წერს მედვედევი.

"ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიაღწიეს სრულწლოვან ასაკს, გამორთეს რამდენიმე სარკინიგზო ობიექტი უფაში. ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, ანუ ჩვენ მივიღეთ ეს "ფრიკები“, მივეცით მათ განათლების მიღების საშუალება. საპასუხოდ ტერორისტული თავდასხმებსა და დივერსიებს გვთავაზობენ", - წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი. ამასთანავე, აღნიშავს, რომ მათი მოქალაქეებიც, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს, იგივეს იმსახურებენ.

"მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში, სიკვდილით დასჯის მორატორიუმი შეიძლება დაიძლიოს, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლით“, - მიიჩნევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ლაპარაკობს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 25 თებერვალს, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, რუსეთს ევროპის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. იგი ძალაში მაშინვე შევიდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო.

მედვედევმა ამას კარგი შესაძლებლობა უწოდა "არაერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის აღდგენისთვის", მაგალითად კი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობა მოიყვანა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა, ამ ზაფხულს განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გაუქმება ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვს. ამასთანავე, მისი აზრით, მორატორიუმის უარყოფა "ძალიან ცუდი სიგნალი იქნება საზოგადოებისთვის“. წყარო