ავტორი:

"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს, ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?

"პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირთა რიცხვი, ვისთანაც პირადად ურთიერთობს. როგორც ჩანს,  ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება" - როგორი ზამთარი ელის ევროპას, რუსეთს და უკრაინას?

უკრაინაში მიმდინარე ომში ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა ერთგვარი პაუზა აიღეს, მნიშვნელოვანი წინსვლა აღარ ჩანს. როგორი ზამთარი ელის უკრაინას და, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდება ომი? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ძალიან მეეჭვება ამ ეტაპზე ვინმემ შეძლოს ომის დასრულების პროგნოზირება. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ პაუზას, მე არ მრჩება ამგვარი შთაბეჭდილება. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია პატარ-პატარა დასახლებული პუნქტების დაბრუნებაზე, ამასთან, ვფიქრობ, დღეს მიდის სერიოზული სამზადისი უფრო დიდი ბრძოლისთვის, რასაც უნდა მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლება და ეს იქნება ომის მიმდინარეობაში გარდამტეხი ეტაპი. თუ ისეთი აქტიურობა ვეღარ არის, ამაში სხვადასხვა ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის კლიმატურმა პირობებმა. თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის უპირატესობა იზრდება, რასაც ოკუპანტებიც გრძნობენ.

მობილიზაცია რუსეთისთვის სრული კრახი იყო. ამიტომაც გამოაცხადა პუტინმა მისი დასრულების შესახებ. მიხვდა, რომ ეს ვერ მოუტანს ვერც სამხედრო წარმატებას და ვერც ქვეყანაში პოლიტიკური სახის დივიდენდებს. რუსეთში ვითარება ძალზე მძიმეა, ძალოვან უწყებებს შორის დიდი დაპირისპირებაა.

თუკი ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ზამთარი, უპირველესად უნდა ვიკითხოთ, როგორი იქნება ზამთარი რუსეთისთვის, ამ ორიოდე დღის წინ საინტერესო რამ მოხდა - სელექტორულ თათბირზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შუქი ჩაუქრათ, რაც ძალიან ნიშანდობლივი რამ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოს გაყინვითა და შიმშილით ამოხოცვით ემუქრება. პუტინმა ძალზე შეამცირა იმ პირების რიცხვი, რომლებთანაც პირადად ურთიერთობს. უმეტესად ონლაინ უძღვება მთავრობის სხდომებსა თუ სხვა თათბირებს. როგორც ჩანს, მას ფობიები უტევენ და ლიკვიდაციის შიშს ვერ უმკლავდება. რაც შეეხება ევროპულ ზამთარს, როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ევროპას გაზის მარაგები, ფაქტობრივად, 100%-ით შევსებული აქვს, რაც არა მარტო ამ ზამთარს ეყოფა, არამედ მის შემდეგაც... ამასთანავე, ევროპის ენერგობაზარი გაცილებით უკეთესად არის დღეს დივერსიფიცირებული, ვიდრე ომის დაწყებისას იყო და ამაშიც აქვს საქართველოს თავისი როლი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების გაორმაგებაზეა ლაპარაკი, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ გამოვა.

ამის გარდა, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები შევიდა ძალაში და კიდევ ერთი პაკეტი ახალ წლამდე შევა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, განსაკუთრებით მისი ნავთობმრეწველობისთვის. იცით, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს მძიმე და სამხედრო მრეწველობაში, წარმოება ნახევარ სიმძლავრეზეც ვერ მუშაობს. იმდენად რთული მდგომარეობა აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეტანაზე გააფორმა ხელშეკრულება. კრემლს უჩნდება პრობლემები ჩინეთთანაც, რომელიც მოკავშირედ მიაჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მთელ მსოფლიოში სწორედ იმ პოლიტიკური პოზიციის გამო, რაც რუსეთთან დაკავშირებით აქვს. შედეგად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

უკრაინისთვისაც ეს ზამთარი რთული იქნება და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ქვეყანაში ომია, მაგრამ პარალელურად იზრდება დასავლეთის დახმარების პაკეტები, მათ შორის აშშ-დანაც. ამ პაკეტებში იგულისხმება არა მარტო ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარებაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც.

რუსეთმა ხორბლის საკითხით შანტაჟითაც ვერაფერს მიაღწია. განაცხადა, რომ გავიდა მარცვლეულის შესახებ შეთანხმებიდან, მაგრამ ამაზე დასავლეთის პასუხმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. სწორედ ამის დემონსტრირება იყო ის, რომ მსოფლიო არ დაჰყვა რუსეთის შანტაჟს და ექვსივე დატვირთული გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან, რუსეთმა კი ვერაფერი გააკეთა, მეორე დღეს კი განაცხადა, შეთანხმებას ვუბრუნდებიო. მითი რუსეთის ძლიერების შესახებ უაღრესად გადაჭარბებულია. იმპერია ნამდვილად სუსტდება, მაგრამ დღეს რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი. წაიკითხეთ სრულად