ავტორი:

"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

"ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს - ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედში“ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჟურნალისტებმა ხერხეულიძეს ჰკითხეს სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გამოკვლევებით მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, როდესაც დიაგნოზებთან მიმართებით არის საუბარი, მნიშვნელოვანია სიზუსტე.

"მნიშვნელოვანია სიზუსტე იმიტომ, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეგვიძლია ჩვენი ვერსიები მტკიცებით ფორმაში განვაცხადოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მედიკოსების განცხადება იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი. მეც მათ დაველოდები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი ალბათობის შესახებ ვიცი, დაზუსტებული დიაგნოზების შესახებ ვიცი, მაგრამ სჯობს კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთონ ამის შესახებ განცხადება. რაც შეეხება მდგომარეობას, რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩემ თვალწინ ადამიანმა, ახლა, დამშვიდობების წინ გაიზომა ტემპერატურა და ისევ 37,7 გრადუსი აქვს, რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს ან იკლებს ორი ხაზით ან საერთოდ რატომ არის ამდენი ხანი, განუწყვეტლივ ტემპერატურა. ამაზე პასუხი არავის აქვს იმიტომ, რომ ფაქტია, აქ რაღაც სერიოზული პრობლემაა, რასაც სჭირდება კვლევა. ზოგადი სისუსტე ისევ სახეზეა, ყველა ნახვაზე ვატყობ, რომ წინა ნახვის შემდეგ კიდევ უფრო დაკლებულია წონაში, წნევა ჰქონდა მაღალი.

მე არ შემიძლია დიაგნოზი გითხრათ დემენცია, მაგრამ ცვლილებების შესახებ, რა თქმა უნდა, მას აქვს ინფორმაცია იმიტომ, რომ ამის შესახებ პაციენტს აუცილებლად უნდა ეცნობოს. მან იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს, მაგრამ დანარჩენზე რაც სამედიცინო დიაგნოზს ეხება, ყოველთვის თავს ვიკავებ იმიტომ, რომ მეშინია ჩემი არაპროფესიონალური ტერმინოლოგია რაიმე საბაბი არ გახდეს, რომელიც უზუსტობამდე მიგვიყვანს. ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულოზი. ამის განათლება ნამდვილად მაქვს. მთავარი არის ერთი რამ, 14 დასახელების დიაგნოზი აქვს ადამიანს, აქედან 9 არის ძალიან მძიმე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმისათვის, რომ ადამიანს სჭირდება დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა ხერხეულიძემ.