ავტორი:

შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)

შონ პენი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის "ოსკარი“ გადასცა - მსახიობის ოსკარი უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება (ფოტოები)

მსახიობი შონ პენი კიევში ჩავიდა და “ოსკარის” ქანდაკება, რომელიც მან ამერიკის კინოაკადემიისგან ჯილდოდ მიიღო, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ომის დასრულებამდე “ოსკარი” უკრაინაში იქნება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს შონ პენის უკვე მესამე ვიზიტია კიევში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პენს ყურადღებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის და ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უამბო.

შონ პენმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ფილმზე მუშაობას აგრძელებს.

ზელენსკი და პენი ასევე ეწვივნენ “სიმამაცის ხეივანს”, სადაც მსოფლიო ლიდერების სახელებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას ეხმარებოდნენ, შონ პენის სახელობითი ფირფიტაც არის წარმოდგენილი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “სიმამაცის ხეივანი” სწორედ ამერიკელი მსახიობის სახელით იწყება, ვინაიდან, იგი უკრაინას რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 24 თებერვალს ეწვია, რათა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაეფიქსირებინა და მსოფლიოსადმი რუსული აგრესიის შესახებ ეამბო.