ავტორი:

ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?

ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?

სლოვენიის იტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. 54 წლის ნატასა პირც მუსარია ყოფილი ჟურნალისტი, იურისტი და მონაცემთა კონფიდენციალურობის ექსკომისარი. მედიის ინფორმაციით, მემარცხენე კანდიდატმა, პირც მუსარმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 53.86% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა - 46.14%.

1992 წელს, ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნატასამ 1997 წელს ადვოკატთა ეროვნული გამოცდაც ჩააბარა. 2015 წელს კი ვენის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაც დაასრულა. ნატასა აქ არ შეჩერებულა და სალფორდის უნივერსიტეტში მედიის კვლევებიც შეისწავლა .

ნატასამ კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ის 6 წელის განმავლობაში იყო სლოვენიის მთავარი საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტი და წამყვანი. მას დამატებითი ტრენინგები აქვს გავლილი CNN-ში, BBC-ში, Reuters TV-სა და Granada TV-ში.

სლოვენიის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ სლოვენია "ევროპის ძირითად ქვეყნებს" დაუკავშირდეს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სჯერათ ადამიანის უფლებების და კონსტიტუციური ღირებულებების.

ის ევროპოლის ერთობლივ სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარედაც მუშაობდა. 2010-2021 წლებში ნატასა არაერთხელ მოხვდა ქვეყნის ყველაზე გავლენიან იურისტთა ათეულში.

2015 წლიდან ნატასას საკუთარი იურიდიული ფირმა Pirc Musar აქვს. მუსარის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლიენტს სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპი წარმოადგენს. 2016 წელს ცნობილმა სლოვენიურმა ჟურნალმა Suzy-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მელანია ტრამპს ესკორტად მუშაობას მიაწერენ. სტატიის მიხედვით, 1990-იან წლებში მელანია კნავსი (მელანია ტრამპის იმჟამინდელი სახელი) სამოდელო სააგენტოში მუშაობდა, რომელიც "მდიდარი კლიენტებისთვის ესკორტის სააგენტოს ფუნქციას ასრულებდა“. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პირს მუსარმა და მელანიამ ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მოგვიანებით საქმე შეთანხმებით დასრულდა.

ნატასა პირც მუსარი 2015-16 წლებში სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტიც იყო. აგრეთვე, ის ინფორმაციის თავისუფლების და კონფიდენციალურობის შესახებ მინიმუმ ექვსი წიგნის ავტორი ან თანაავტორია. მანვე დააარსა ასოციაცია OnaVe, რომელიც ქალ ექსპერტებს აერთიანებს და ცდილობს ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის დიდი ყურადღება გამახვილდა პირც მუსარის და მისი მეუღლის მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე. ნატასას მეუღლე, ალეშ მუსარი მდიდარი ბიზნესმენია, თუმცა პრეზიდენტი ქალის მტკიცებით, მათი ქონება სამართლიანად და კანონიერად არის მოპოვებული. პირც მუსარს ერთი ვაჟი ჰყავს. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში, ის შვილს საარჩვენო კამპანიის განმავლობაში თანადგომისთვის მადლობას უხდის. რაც შეეხება ნატასას ინტერესებს, ცნობილია, რომ ის ბოულინგითაა გატაცებული და რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს სლოვენიის 54 წლის პრეზიდენტი ბაიკერია.

წყარო: sloveniatimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა