ავტორი:

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ისტორია - როგორ გაიცნო კანადელი მეუღლე და რა აკავშირებს სოფო ნიჟარაძესთან?

სალომე სვანაძეს შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად 2016 წელს გამოჩნდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, ქართველი ქალი, რუსეთში ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო... მედია ასევ წერდა იმაზეც, თუ რა აკავშირებდა ლამაზმანს მომღერალ სოფო ნიჟარაძეთან. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. სალომე კანადელ ბიზნესმენზე გათხოვდა, შეეძინა ერთი შვილი. წელიწადნახევარია დოქტორი სვანაძე რუსეთში დაწყებულ კარიერას საქართველოში წარმატებით აგრძელებს...

ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ შეუყვარდა მის უცხოელ მეუღლეს საქართველო და როგორია იყო წარმატებული დედა, მეუღლე და პროფესიონალი...

- უკვე წელიწადნახევარია ჩემი ოჯახით თბილისში ვარ. ჩემი მეუღლე კანადელია. საქართველოში სტუმრობის პირველი დღიდან შეყვარებულია ჩვენ ქვეყანაზე და ფაქტობრივად, მისი ინიციატივით ავირჩიეთ საქართველო საცხოვრებლად. ჩემი საქმით ვარ დაკავებული. მოვიპოვე პლასტიკური ქირურგის ადგილობრივი ლიცენზია და საქართველოში ოპერაციების გაკეთების უფლება. აქტიურად შევუდექი მუშაობას, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ პაციენტებთან. უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობით სამედიცინო ესთეტიკური ტურიზმის განვითარებას ვცდილობთ. ქართველ პაციენტებს კი საქართველოს რეალობაზე მორგებული შედარებით დაბალი ფასებით, განსაკუთრებულად და სიყვარულთ ვემსახურებით.

- რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ. მშობლებზე მოგვიყევით, ახლა სად ცხოვრობთ ძირითადად…

- მოსკოვის შემდეგ, რაღაც პერიოდი კანადაში ვცხოვრობდი, ახლა კი, მთელი ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს...

- 2017 წელს დაოჯახდით, მომავალი მეუღლე სად გაიცანით?

- მოსკოვში, მეგობრის წვეულებაზე. დაოჯახების შემდეგ კანადაში გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩემი დიდი სურვილით და ჩემი მეუღლის საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტეთ.

- რამდენად ახერხებთ ოჯახისა და წარმატებული კარიერის შეთავსებას. დედობამ რა შეცვალა თქვენში?

- ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. დედობამ რადიკალურად შემცვალა, ოჯახის და კარიერის წარმატებული შეთავსების საიდუმლო კი ჩემი მეუღლეა.

- პროფესიის არჩევისას გავლენა რამ მოახდინა, რატომ პლასტიკური ქირურგია?

- ექიმების ოჯახში გავიზარდე, თუმცა, მოგვიანებით ეს პროფესია თავადაც შემიყვარდა. პლატიკური ქირურგია ნამდვილად ჩემი მოწოდება და გააზრებული არჩევანია.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიულ პოპულარობაში გარეგნობას რა წვლილი აქვს და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, ახალგაზრდა ასაკის გამო, ნაკლებად გენდობოდნენ...

- ბევრი ჩემი პაციენტი ამბობდა, რომ ჩემს გარეგნობას და პერსონალურ სტილს, მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგისთვის გადამწყვეტიც კი, თუმცა, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში, ჩემი ასაკი ნამდვილად იწვევდა დამატებით კითხვებს, თან მე ისედაც უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები ვიდრე სინამდვილეში ვარ. ეს ჩემი ოჯახის დამახასიათებელი თვისებაა. მაგრამ ახლა მიხარია, რომ ჩემი რეპუტაცია თავად მეტყველებს და პაციენტებმა იციან ჩემი გამოცდილების და პროფესიონალიზმის შესახებ.

მიუხედავად ამისა, კურიოზები მაინც ხდება. მაგალითად, საერთაშორისო კონფერენციებზე, უცნობ კოლეგებს ხშირად ახალგაზრდა ორდინატორი ვგონივარ. ამას კომპლიმენტად ვიღებ და ვაგრძელებ სტერეოტიპების მსხვრევას. პროფესიონალიზმი გარეგნობაზე და სქესზე არაა დამოკიდებული.

- ოპერაციაზე შესვლის წინ რაიმე რიტუალი თუ გაქვთ…

- რა თქმა უნდა, ანესთეზიამდე ვდგები ჩემი პაციენტის გვერდით და ვცდილობ მიმდინარე მოვლენები ოცნებების ასრულების ბედნიერ დღედ წარმოვუსახო და არა სტანდარტულ, საშიშ ოპერაციად.

- თქვენს პაციენტებში ცნობილი სახეები თუ არიან. ალბათ ანონიმურობაზე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ?

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხშირი შეხება მაქვს ცნობილ სახეებთან. რაც შეეხება ანონიმურობას, ეს არა მარტო ცნობილი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქის მოთხოვნის გარეშეც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

- სალომე, ბოლო დროს ცხვირის ოპერაციული კორექცია ე.წ. ფილერით გასწორებამ ჩაანაცვლა, ცხადია ფილერი დროებითია, თუმცა ბიუჯეტური. როგორც ექიმი, რეკომენდაციას თუ უწევთ ამ პროცედურას?

- მინდა აღვნიშნო, რომ ფილერით ცხვირის კორექცია რინოპლასტიკის ალტერნატივას არ წარმოადგენს. ამ პროცედურას თავისი კონკრეტული ჩვენებები აქვს. ესთეტიკური და სამედიცინო თვალსაზრისით, ის ყველასთვის შესაფერისი არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტი სერიოზული გართულებების რისკის გამო, ამ ზონაში საერთოდ არ მუშაობს ფილერით.

- საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ პლასტიკურმა ოპერაციებმა ქართველი ცნობილი ქალები ერთმანეთს დაამსგავსა, ეთანხმებით?

- ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, ყველა ქალი, არა მარტო საქართველოში, სამყაროში, განუმეორებელია ზუსტად საკუთარი ინდივიდუალურობითა და განსაკუთრებული სილამაზით. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი - ხაზი გავუსვა თითოეული ქალის თვითმყოფად სილამაზეს და ყველა ერთნაირი არ გავხადო. ჩემი პროფესიის ნამდვილი ხელოვნება ზუსტად ესაა.

- სალომე, ინტერვიუს დასასრულს თქვენს ბიძაშვილზეც გკითხავთ. როდესაც საქართველოში თქვენ შესახებ გახდა ცნობილი, ინტერვიუში ამბობდით, რომ ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე თქვენი ბიძაშვილია, თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდით, ხშირად ვერ ახერხებდით ნახვას... დღეს ალბათ ეს პრობლემა ნაკლებად არის...

- მე და სოფო ახლო ნათესავები და თითქმის თანატოლები ვართ. ბევრი რამ გვაკავშირებს, როგორც მოსკოვის პერიოდიდან, ასევე საქართველოდან. სამწუხაროდ, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, არა მარტო სოფოსთან, არამედ ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ვეღარ ვახერხებ სრულფასოვან კონტაქტს.