ავტორი:

დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?

დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?

CNN-ის ცნობით, დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ ა.წ. 15 ნოემბერს 8 მილიარდს გადააჭარბა. ექსპერტთა აზრით, ეს გამოწვეულია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდით, რაც თავის მხრივ მედიცინის და ჰიგიენური საშუალებების განვითარებით არის განპირობებული. საშუალო შემოსავლის ქვეყნებს აზიაში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი დონე აქვს. 2011 წლის შემდეგ მსოფლიო მოსახლეობამ 700 მილიონით მოიმატა, - აცხადებენ ექსპერტები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არ დაიჩრდილოს, ის პოტენციურად მძიმე შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლებაა. მათ უნდა გადახედონ დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.

"მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთის მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძებონ შესაძლებლობები. მეორეს მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ”, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა.

"რაღა თქმა უნდა, რიცხვები და მონაცემები მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობის რიცხვის ზრდასა და ვარდნაზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შეიძლება ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს იმ საკითხზე, რომელიც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია, ეს არის ისეთი საზოგადოებების შენება, სადაც ადამიანებს სურთ ცხოვრება და ოჯახების შექმნა“, - თქვა ფლორენს ბაუერმა.

"ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებები მოიცავს ინვესტირებას მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვაში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც თანაბრად შეეხება კაცებსა და ქალებს, ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალებისა და კაცების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ოჯახური და სამუშაო მოვალეობების შეთავსება, ახალგაზრდებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი შესაძლებლობების გაფართოებას და კაცებსა და ქალებს შორის ოჯახზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო ვალდებულებების სამართლიან განაწილებას", - ვკითხულობთ გაეროს მოსახლოების ფონდის ინფორმაციაში.

ექსპერტთა ვარაუდით, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობა მიაღწევს 9 მილიარდს. მაგრამ 2080 წელს მსოფლიო მოსახლეობა იქნება 10.4 მილიარდი და ეს რაოდენობა 2100 წლამდე შენარჩუნდება.

გაეროს ცნობით 2.4 მილიარდი ადამიანი დაემატა გლობალურ მოსახლობას სუბ-საჰარაში, აფრიკაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მალე გაასწრებს ჩინეთს. როგორც დემოგრაფები ამბობენ, მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ კლიმატის ცვლილების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციები და კონფლიქტები. განცხადება ასევე გააკეთა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშის აზრით, მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდამდე გაზრდა მსოფლიო მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

მოამზადა ლუკა ცხვედიანმა