ავტორი:

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი... ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ბინაში... მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო" - რა გაიხსენა ნინია კაკაბაძემ

ორი დღის წინ, 14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა... რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 28 წლის ბიძა დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 8 წლის ძმის შვილზე სექსუალური ძალადობა...

სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად მცირეწლოვნებზე სექსუალრუად ოჯახის ახლობლები, ნათესავები და მეზობლები ძალადობენ, თუმცა ბავშვების დიდი ნაწილი მთელი ცხოვრება მალავს მომხდარს. მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ არ აქვთ მშობლისგან მხარდაჭერის იმედი და ასევე ხშირად ხდება, რომ მოძალადე აშინებს და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრება.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, თუ ისინი არიან ძალადობის მსხევრპლი, ამის თაობაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძე,"ფორმულას" ეთერში თავისი ისტორია გაიხსენა და სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რამდნეად მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ არა მხოლოდ ის, როგორ დაიცვან თავი, არამედ ისიც, რომ ამაზე უშიშრად ილაპარაკონ. გადაცემაში "მე-17 სართული“ ბავშვობაში თავს გადახდენილი ამბავი ამ რამდენიმე თვის წინ გაიხსენა.

ნინია კაკაბაძე:

"ძალადობის მსხვერპლი მეც ვიყავი, 9-10 წლის ვიქნებოდი. სოლოლაკში ძველ ბინაში ვცხოვრობდით, ორი ბინა გვქონდა, ერთს ვაქირავებდით ხოლმე, სადაც ცხოვრობდნენ შუახნის წყვილი, პარტნიორები იყვნენ თუ ცოლ-ქმარი, არ მახსოვს. ეს კაცი იყო მაშინდელი შამპანკომბინატის დირექტორი, შეძლებული, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მისი მეუღლე იყო ძალიან სიმპათიური ქალი, დედა მეგობრობდა...

ერთხელ ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით, შემიყვანა ჩვენს ბინაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. 9-10 წლის ასაკში არანაირი ცოდნა არ მქონდა, მაგრამ მახსოვს, მანამდე დედასთან შევედი და ვუთხარი, რომ რუდიკო მეძახის და გთხოვ, ცოტა ხანში დამიძახე, რომ გამოვიდე-მეთქი, რაღაც არ მომეწონა. შევედი და რუდიკომ ჯერ შოკოლადი შემომთავაზა. მერე მითხრა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო. ხომ იცით, ასეთ დროს ვერ ეუბნები, არა არ ჩაგიჯდები. მახსოვს კალთაში ჩავუჯექი, ჯერ ზურგზე მომისვა ხელი. უკვე რომ არ მესიამოვნა და ვდგებოდი, მითხრა, მოდი, ტუჩებში მაკოცნინეო, რაც ვერ მოახერხა. წამოვხტი და მივედი კართან. მოვარდა კართან და გადარაზა. შეშინებული ვიდექი კართან ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი მემუქრებოდა... ამ დროს მომიკაკუნა დედამ, - ნინია, - დამიძახა, რუდიკომ კარი გამიღო და გამომიშვა.

საბედნიეროდ, შევედი თუ არა დედას ვუთხარი ყველაფერი. ძალიან ცუდი ბედი ეწია რუდოკოს, დედა იმ წამსვე შეუვარდა და თავისი ნივთებიანად ქუჩაში გაყარა. მე არ მქონდა ის პრობლემა, რომ არ მეთქვა, მიუხედავად ამისა, მისი ხმა - ტუჩებში მაკოცნინე, დიდი ხნის განმავლობაში ჩამესმოდა... ამისგან გასათავისუფლებლად უნდა ვილაპარაკოთ, ბავშვებმა, თუ მსგავსი რამ შეემთხვათ, უნდა ხმამაღლა თქვან, მშობლებს კი სწორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ... ამასთანავე, უფროსებმა თუ მსგავსი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, უნდა მოვყვეთ და ყველა მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათ ამხელენ..."