ავტორი:

"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი

"უზარმაზარ ორგანიზაციას პატრონი არ ჰყავს - სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, წარვდგებოდი გეგმით, რითაც "ნაცმოძრაობა“ იქნებოდა ბევრად ეფექტური" - მეგრელიშვილი

პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განმარტა, აპირებს, თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, ამის სურვილი აქვს და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც გააჩნია, თუ რა არის ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობისთვის“ საჭირო.

"ვამბობ, მეც მინდა, მართლა მინდა. შეიძლება ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. ვამბობ სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც დისკუსიის დაწყება შეიძლება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება, საუბარს დაიწყებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

"გასაგები უნდა იყოს, ვინ არის "ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ახლა ხომ გაუგებარია. ახლა ხომ სააკაშვილია რეალურად ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს ხომ თამაშს ჰგავს, რომ სააკაშვილი მართლა ან ცუდად არის ან რეალურად, უნდა ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ამ უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება. ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს რომ შეხედოთ?!“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ყველა ხვდება, რომ ეს პროცესი გარკვეული თვალსაზრისით ჩიხშია. მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სხვა წესების მიხედვით უნდა დაიწყოს თამაში, რომ კოორდინაციის და წარმატების ელემენატრული შანსი გაჩნდეს 2024 წლის არჩევნებზე.

"ელემენტარული შანსი რომ მქონდეს ამ დისკუსიაში ჩართვის, მათ რომ სერიოზულად შეხედონ ამ საქმეს, მე მართლა წარვდგებოდი გეგმით, რა გეგმითაც ჩემი აზრით, ეს პარტია იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, ძლიერი და ა.შ. რისი სჯერათ, ამაზეც ხომ უნდა დაიწყოს საუბარი. "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა როდესღაც ერთი იყო, რიტორიკა მეორე, ახლა საერთოდ გაუგებარია დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფ ხალხს საერთოდ რისი სჯერა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.