ავტორი:

ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

ომის მოგება უცნაური ბომბებით: რას სთავაზობს "ბოინგი" უკრაინას - "ამ არაორდინარულ შეიარაღებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

ბოლო ორი დღეა, დასავლური მასმედია გადავსებულია ინფორმაციებით იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი იპოვა საქვეყნოდ ცნობილმა "ბოინგის" კორპორაციამ იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არ დასჭირდეს უკრაინისთვის 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის რაკეტების გადაცემა (და, შესაბამისად, კრემლის უკიდურესობამდე გაღიზიანება), მაგრამ, ამასთანავე, უკრაინის არმიას გამოუჩნდეს შორი მოქმედების ზეზუსტი საბრძოლო საშუალება...

უკრაინის დამცველებს ჰაერივით სჭირდებათ ორ-სამ ასეულ კმ-მდე მფრენი მართვადი რაკეტები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეებს მისწვდნენ და ზუსტად დააზიანონ რუსი ოკუპანტების საშტაბო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რაც სერიოზულ პრობლემებს გაუჩენს რუსეთის არმიას უშუალოდ ფრონტის ხაზის სხვადასხვა უბანზეც.

მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიმდგარი უკრაინის არმია 300 კმ-მდე მფრენი ATACMS -ის რაკეტებით (რომელთა სტარტიც "ჰაიმარსის" დანადგარებიდან ხორციელდება) ბერისლავიდან (ნოვაია კახოვკასთან) ყირიმის ხიდამდეც მიიწევს და მთლიანად დაფარავს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნებისმიერ წერტილს, ხოლო კრამატორსკის მიდამოებიდან გაშვებისას კი - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებსაც "გამოთოფავს"...

მიუხედავად არაერთი თხოვნისა (არა მარტო უკრაინის ხელისუფლების, არამედ - თავად ამერიკელი კონგრესმენების მხრიდანაც), პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ჩანს, ბოლომდე შეიკავებს თავს 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გადაცემისგან, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ქალაქებზე მორიგი რუსული დაუნდობელი სარაკეტო დარტყმების გამო შურისსაძიებლად, უკრაინელმა სამხედროებმა საზღვრიდან 300 კმ-ში მდებარე რუსული ქალაქები - სმოლენსკი, ბრიანსკი, კალუგა, ორიოლი, კურსკი, ლიპეცკი, ვორონეჟი, ბელგოროდი ან დონის როსტოვი არ დაბომბონ ATACMS-ის ტონანახევრიანი ზეზუსტი ბალისტიკური რაკეტებით და კრემლის მხრიდან პასუხის პასუხად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქცეს...

და ასეთ სიტუაციაში საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული ავიაკოსმოსური კონცერნი "ბოინგი" თეთრ სახლს ძალზე საინტერესო გამოსავალს სთავაზობს, რისი განხორციელება არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს, ანუ უკრაინელებს, მართალია, გაუჩნდებათ შორსმოქმედი ზუსტი იარაღი, მაგრამ ზემოჩამოთვლილ ბევრ რუსულ ქალაქს მაინც ვერ მისწვდებიან...

ეს შეთავაზება წარმოადგენს ამერიკული "ბოინგისა" და შვედური "სააბის" ერთობლივ, არაორდინარული შეიარაღების სახეობას, რომლის ანალოგები მსოფლიოში, მგონი, არც არსებობს.

თავად განსაჯეთ - წარმოიდგინეთ საავიაციო ბომბი, რომელსაც ბომბდამშენი თვითმფრინავი კი არ აგდებს, არამედ..."ჰაიმარსის" რაკეტა მიწიდან უშვებს და 130 კგ-იანი ეს ბომბი 150 კმ-მდე მიფრინავს (პლანირებს) და უძრავ მიზანს ერთი-ორი მეტრის სიზუსტით ხვდება...

რაკეტისა და ბომბის სიმბიოზის - GLSDB -ის სტარტი „ჰაიმარსიდან"
რაკეტისა და ბომბის სიმბიოზის - GLSDB -ის სტარტი "ჰაიმარსიდან"

საქმე ის არის, რომ "ჰაიმარსიდან" 45, 84,150 და 300კმ-ზე მფრენი სხვადასხვა კალიბრის მართვადი რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ თითოეული ასეთი რაკეტა ძალიან ძვირად ფასობს, ამერიკელმა და შვედმა ინჟინრებმა კი საინტერესო გამოსავალს მიაგნეს - მათ აიღეს "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის სამარშო სარაკეტო ძრავა, მასზე დაამაგრეს პლანირებადი საავიაციო ბომბი GBU-39 და ასეთ სიმბიოზს უწოდეს GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.

რაკეტის ძრავისა და საავიაციო ბომბის "ნაჯვარის" სტარტი ხორციელდება "ჰაიმარსის" დანადგარიდან, განსაზღვრული სიმაღლის მიღწევის შემდეგ 130 კგ-იანი ბომბი შორდება სარაკეტო ძრავას, ხსნის ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებს და იწყებს პლანირებას უძრავი მიზნისკენ, საითკენაც გზას GPS-ის დახმარებით იკვლევს. არსებობს ამ ბომბის გაუმჯობესებული ვარიანტებიც, რომლებიც დამატებით აღჭურვილნი არიან ინფრაწითელი და აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებითაც, რაც, უკვე მოძრავი სამიზნის დიდი სიზუსტით დაზიანების საშუალებასაც იძლევა.

ჩვეულებრივ ვარიანტში კი ეს პლანირებადი საავიაციო ბომბი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა დამზადებული, მხოლოდ 40 ათას დოლარამდე ღირს, რაც ბევრად იაფია იმავე 150 კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" ER GMLRS-ის ტიპის თანამედროვე რაკეტაზე. განაგრძეთ კითხვა