ავტორი:

რა ვიცით "აქლემის გრიპის" შესახებ, რომელიც ბოლო კვირებია კატარში ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიით, ამ ვირუსით ფრანგი ფეხბურთელები დაინფიცირდნენ

რა ვიცით "აქლემის გრიპის" შესახებ, რომელიც ბოლო კვირებია კატარში ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიით, ამ ვირუსით ფრანგი ფეხბურთელები დაინფიცირდნენ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, თუმცა ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გუნდს მოუწევს საკმაოდ რთულ გამოწვევას გაუმკლავდეს, რაც ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.

რამდენიმე მოთამაშე "იდუმალი“ ვირუსით დაავადდა, რის გამოც, ისინი სასტუმროში, იზოლაციაში არიან. მედიის ცნობით, ვირუსი აქვთ დაიო უპამეკანოს, ადრიენ რაბიოსა და კინსლი კომანს.

ფოტოზე - რაბიო, უპამეკანო და გრიზმანი

უცნობია, თუ რა ვირუსით დაინფიცირდნენ ფეხბურთელები, თუმცა მედია წერს, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ე.წ. აქლემის გრიპს, რომელიც კატარში ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდება. აღნიშნული დაავადება დაუდასტურდათ ასევე კატარიდან თავიანთ სამშობლოში, მაგალითად, ინგლისში დაბრუნებულ გულშემატკივრებს.

  • რა არის "აქლემის გრიპი"?

"აქლემის გრიპი“ არის ახლო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი რესპირატორული დაავადება, რომელიც მედიცინაში ცნობილია MERS-ის სახელწოდებით. ის გამოწვეულია MERS-CoV-ით (კორონავირუსის სახეობა), არის ზოოზონური ვირუსი, რაც იმას გულისხმობს, რომ შეიძლება გავრცელდეს ცხოველებსა და ადამიანებს შორის. ცხოველებიდან ადამიანებამდე ამ ვირუსის მთავარი მაკავშირებელი აქლემია, რის გამოც "აქლემის გრიპს" უწოდებენ.

ვირუსი პირველად 2012 წელს, საუდის არაბეთში გამოვლინდა. მას შემდეგ კი აღწერილია ლაბორატორიულად დადასტურებული 2600 შემთხვევა ადამიანებში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა შემთხვევების უდიდესი ნაწილი საუდის არაბეთზე მოდიოდა.

MERS‐CoV გადადის ადამიანიდან ადამიანზეც და ასევე არსებობს ვირუსის ჰაერით გადაცემის რისკი. გასული ათწლეული განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღწერილი შემთხვევებიდან 35% სიკვდილით დასრულდა. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, ან მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი. კატარი არის ერთ-ერთი იმ 27 ქვეყნიდან, რომელმაც ჯანმო-ს ვირუსის გავრცელების შესახებ შეატყობინა.

  • რა სიმპტომები ახასიათებს "აქლემის გრიპს“?

ამ ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სუნთქვის პრობლემა, ქოშინი. ასევე შეიძლება სიმპტომები იყოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ან დიარეა.

ზოგიერთმა მძიმე შემთხვევამ გამოიწვია ისეთი გართულება, როგორიცაა პნევმონია.