ავტორი:

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული ათასობით ფაილი გამოქვეყნდება - ბაიდენმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა

თეთრმა სახლმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ათასობით დოკუმენტის სრულად გამოქვეყნების შესახებ ბრძანება გასცა.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ არსებული ჩანაწერების 97% (ჯამში 13 173 ფაილი) გასაჯაროვდება. ამ ფაილებიდან რაიმე განსაკუთრებული სიახლის გამოვლენას არავინ ელის, თუმცა ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ სავარაუდო მკვლელის შესახებ მეტ ინფორმაციას შეიტყობენ.

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატში, დალასში ვიზიტის დროს მოკლეს. 1992 წელს მიღებული კანონის მიხედვით, მთავრობა ვალდებული იყო 2017 წლის ოქტომბრამდე მკვლელობის საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი გამოექვეყნებინა, თუმცა მაშინ მასალები არ გამოუქვეყნებიათ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლახან გამოსცა ბრძანება, რომელიც ფაილების გასაჯაროვების ნებას იძლევა. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი 2023 წლის ივნისამდე ზოგიერთ ფაილს მაინც შეინახავენ, რათა თავი დაიცვან შესაძლო "ზიანისგან".

აშშ-ის ეროვნული არქივის ცნობით, 515 დოკუმენტი მათთან დარჩება, ხოლო 2 545 დოკუმენტი ნაწილობრივ იქნება დაცული.

1964 წლის გამოძიების შედეგად, უორენის კომისიამ დაადგინა, რომ კენედი აშშ-ის მოქალაქემ, ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. სავარაუდო დამნაშავე დალასის პოლიციის შტაბის სარდაფში მოკლეს, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ.

ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს ათწლეულების განმავლობაში ახლდა უამრავი შეთქმულების თეორია.

კენედით დაინტერესებული აკადემიკოსები და თეორეტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ უახლესი ფაილები მეტ ინფორმაციას გამოავლენდა ოსვალდის საქმიანობის შესახებ.

ცნობილია, რომ ის 1963 წლის ოქტომბერში კგბ-ს საბჭოთა ოფიცერს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ Mary Ferrell Foundation-ის მკვლევარებმა მთავრობას უჩივლეს, რათა კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილები გამოექვეყნებინათ. მათი თქმით, CIA ოსვალდის მექსიკაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას მალავდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა