ავტორი:

საქართველო - ერთ-ერთი პირველი სამოდელო ქვეყანა, სადაც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ხელსაწყო დაინერგება

საქართველო - ერთ-ერთი პირველი სამოდელო ქვეყანა, სადაც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ხელსაწყო დაინერგება

წლების განმავლობაში საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორის იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა და სამედიცინო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის პრობლემებმა უარყოფითი გავლენა იქონია უსაფრთხო ინიექციების, ინფექციის კონტროლისა და სისხლის უსაფრთხო დონაციის პრაქტიკაზე. აღნიშნულმა ფაქტორებმა, ნარკოტიკების ინიექციურად მომხმარებლებში შპრიცების გაზიარების პრაქტიკასთან ერთად, ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას, ზოგადად, მოსახლეობაში. 2015 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც), ასევე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ჩატარებული C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის (სეროპრევალენტობა - იმ პირთა რიცხვი მოსახლეობაში, რომელთა ტესტი სეროლოგიურ (სისხლის შრატი) ნიმუშებზე დაყრდნობით დადებითია კონკრეტულ დაავადებაზე - ავტ.) პოპულაციური კვლევის მიხედვით, საქართველოში С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა მოზრდილი მოსახლეობის 7,7%-ს, ხოლო აქტიური დაავადება ჰქონდა - 5,4%-ს. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა მოსახლეობაში HCV ინფექციის გავრცელების დადგენას ასაკობრივი ჯგუფების, რეგიონებისა და საცხოვრებლის მიხედვით, ასევე, HCV ინფექციის რისკ-ფაქტორების შეფასებას, საქართველოში გავრცელებული გენოტიპების აღწერას, C ჰეპატიტის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ცოდნისა და აღქმის შეფასებას.

იმავე 2015 წლის მაისიდან საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ამერიკული კომპანია "გილიარდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც დღემდე გრძელდება და იგი უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. სკრინინგით და ვირუსის გამოვლენით დაწყებული, C ჰეპატიტის დასამარცხებლად ყველა კვლევახ და მკურნალობის სრულ კურსს ვირუსის აღმოფხვრამდე აფინანსებს საქართველოს ხელისუფლება.

დავინტერესდით, C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, რა რესურსები გვაქვს B ჰეპატიტისა და სხვა ინფექციების წინააღმდეგ? ამ საკითხზე გვესაუბრება დკსჯეც-ის აივ ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და ტუბერკულოზისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამმართველოს უფროსი მაია წერეთელი:

- იქიდან გამომდინარე, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციაში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, შევისწავლეთ, რა ხდება B ჰეპატიტის კუთხითაც და მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, ამ მხრივაც დავიწყოთ მუშაობა. B ჰეპატიტის შემთხვევაში, ვირუსის სრული ელიმინაცია არ მოხდება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ამჟამად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 39 სამკურნალო დაწესებულება, მათ შორის, ერთი - სასჯელაღსრულების სისტემაში. მკურნალობაში აქტიურად ჩაერთო პირველადი ჯანდაცვის სექტორიც; CDC-სთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს HCV ზედამხედველობის გაძლიერებისკენ მიმართული სამეცნიერო პროექტები - C ჰეპატიტთან ასოცირებული ღვიძლის პირველადი კიბოს გავრცელების შესწავლა, ენდოსკოპიური პროცედურების დროს C ჰეპატიტის გადაცემის რისკის შეფასება, C და B ჰეპატიტების ზედამხედველობის ეფექტიანობის გაძლიერება ზიანის შემცირების ცენტრებში, GHOST ტექნოლოგიის გამოყენებით, HCV-ინფიცირებული დედების შვილების მიდევნება, მეთვალყურეობიდან დაკარგულ პირთა მიდევნება და სხვა.

2016 წელს შეიქმნა C ჰეპატიტის კლინიკური და სამეცნიერო კომიტეტები. კლინიკური კომიტეტის მიერ შემუშავდა C ჰეპატიტის კლინიკური მართვის ეროვნული გაიდლაინი, რომელიც პერიოდულად ახლდება. 2022 წლის მარტის მდგომარეობით, სამეცნიერო კომიტეტმა განიხილა 83 საპროექტო წინადადება და დაამტკიცა - 75.

დკსჯეც-ის მხარდაჭერით, შეიქმნა "C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია“, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰეპატიტთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელებამ 1.8% შეადგინა, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 6 წლის განმავლობაში ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელებამ 67%-ით იკლო (5.4% 2015 წელს და 1.8% 2021 წელს). კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც - ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელების კუთხით. ტესტირებულთა ბავშვებს შორის B ჰეპატიტის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა (0,03%), რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმა იქნება ახალი გზამკვლევი პროგრამის ელიმინაციის მიზნების მისარწევად. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიაღწევს C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას.

P.S.

2017 წლის 1-ელ ნოემბერს ბრაზილიაში, ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მიენიჭა "NOhep Visionary“-ს საპატიო სტატუსი;

2019 წლის EASL ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს მიენიჭა ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული;

2021 წლის ივლისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), CDC-ისთან ერთად, საქართველოში ჩაატარა საორიენტაციო შეხვედრა ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ხელსაწყოს გასაცნობად. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სამოდელო ქვეყანა, სადაც დაინერგება აღნიშნული ხელსაწყო;

CDC-ის დირექტორმა C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართულ პროგრამას სანიმუშო თანამშრომლობისთვის CDC-ის უმაღლესი ჯილდო - "Honor Awards“ მიანიჭა!

  • ავტორი: ირმა ხარშილაძე

ირმა ხარშილაძე