ავტორი:

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ და ჩვენ დავამარცხეთ C"

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ და ჩვენ დავამარცხეთ C"

2021 წ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და ტოქსიკური ნივთიერებებისა დაავადებათა აღწერის სააგენტომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას "სანიმუშო პარტნიორობის“ ტიტული მიანიჭა“.

2015 წლიდან ამერიკული კომპანია "გილიარდის“ თანადგომით და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამით საქართველოს მოქალაქეებს უფასო სკრინინგისა და ძვირად ღირებული უახლესი მედიკამენტებით უფასოდ მკურნალობის საშუალება მიეცათ. უკვე 2022 წელი იწურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე უახლესი ამერიკული პრეპარატით ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა, თუმცა... ჯერ კიდევ ბევრს არ დაუდგენია, აქვს თუ არა C ჰეპატიტი. ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ვინც დღემდე არ იცის საკუთარი სტატუსი, საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარშემომყოფებსაც უქმნის. მიუხედავად მუდმივი საინფორმაციო კამპანიებისა - თუ სახელმწიფოს, თუ უკვე განკურნებული პაციენტებისგან, ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ C ჰეპატიტი მხოლოდ სისხლით გადადის, ეს კი უფრო მეტად ზრდის დაინფიცირების საშიშროებას.

პაციენტთა ორგანიზაციებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დაიწყეს C ჰეპატიტის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია სლოგანით - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის“!

ჩვენი სტატიის გმირმა - ეზეკი ინწკირველმა-ჩხეიძემ მეგობრებთან ერთად განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია "ჩვენ დავამარცხეთ C“ დააარსა. ახლა განკურნებული პაციენტები სხვა ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად იბრძვანს. მართალია, ეს პროცესი კოვიდპანდემიამ შეანელა, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ პანდემიამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები სწორედ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, ვირუსული ინფექციებით დაზიანებული ღვიძლის მქონე ადამიანებს შეუქმნა.

  • საშინელი ელდა და ღრმა დეპრესია

ერთ დღეს მას C ჰეპატიტი აღმოაჩნდა და... მისი ყოველდღიურობა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე სიარულს დაემსგავსა. საბედნიეროდ, "დანაღმულ ველზე“ ხანგრძლივი ბრძოლა სიცოცხლით გამარჯვებით დასრულდა - ჩვენმა გმირმა გაიმარჯვა!

- მახსოვს, 2001 წელი იყო. ორგანიზმში რაღაც მცირედი ცვლილებები ვიგრძენი. მანამდე ჩემს მეგობარს დაუდგინეს C ჰეპატიტი და თავის შეგრძნებებზე რომ მომიყვა, საკუთართან გავავლე პარალელი და დამთხვევები აღმოვაჩინე. იმ პერიოდში უცხოეთში ვიყავით სამსახურებრივი მივლინებით და ინფექციურ კლინიკაშიც მოგვიხდა იქვე ტექსტი ავიღე და... C ჰეპატიტის პირველი გენოტიპი დამიდასტურდა. ეს ვირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა იყო, მაგრამ, თითქოს, მთლად კარგად ვერ გავითავისე, რა რთულ მდგომარეობაში ვიყავი. მაგრამ ეს საშინელი ელდა იყო. რამდენიმე ღამე გავათენე კიდეც, მაგრამ... ხომ იცით, ადამიანი ყველაფერს ეგუება, მით უფრო, როდესაც არაფერი გაწუხებს, არ გტკივა. დაღლილობის შეგრძნებები კი მქონდა, მაგრამ არც ამას მივაქციე ყურადღება და, თითქოს, მივივიწყე ეს ამბავი. თბილისში ექიმთანაც აღარ მივსულვარ, ჩვეულებრივად განვაგრძე ცხოვრება. ქეიფი მიყვარდა, მეგობრები ხშირად ვიკრიბებოდით და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლსაც საკმაოდ ვიღებდი, თუმცა იმ სიხშირით აღარ, როგორც მანამდე... სამწუხაროდ, ამ უყურადღებობამ 2005 წელს ისეთ სავალალო მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ, თამამად შემიძლია ვთქვა - სიკვდილს ჩავხედე თვალებში.

ექიმთან 2005-ში მოვხვდი, უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ინფექციონისტთანაც მივედი და ღვიძლის დაზიანების ანუ ფიბროზის ხარისხი - F4 დამიდგინდა. ეს, ფაქტობრივად, ღვიძლის ციროზი იყო. ექიმმა პირდაპირ მითხრა, - ხვალ კი არა, ახლავე ვიწყებთ მკურნალობასო. მაშინ მხოლოდ ინტერფერონით მკურნალობდნენ და ეს მკურნალობა ძალიან ძვირად ღირებული იყო. ინტერფერონით მკურნალობის ერთწლიანი კურსი დამინიშნეს. მკურნალობა მართლაც ძალიან დიდ თანხას საჭიროებდა, მაგრამ დაყოვნებაც არ შეიძლებოდა და ოჯახმა რაღაცნაირად მოვახერხეთ ამ პრობლემის დაძლევა. სიკვდილს ჩავხედე თვალებში-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს - დედა გარდამეცვალა ციროზით, ჩემ თვალწინ დალია სული. რაც დედას სჭირდა სიკვდილის წინა წუთებში, ზუსტად ის დამემართა მეც და... ჩავთვალე, რომ ვკვდებოდი. ამ მდგომარეობაში მყოფი მივედი ექიმთან და დავიწყე მკურნალობა. ინტერფერონს რიბავერინთან ერთად ვიღებდი და ექიმმა თავიდანვე ამიხსნა ყველაფერი, ჩამომითვალა ყველა სავარაუდო შემთხვევა, რაც ამ მკურნალობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ეს გზა. მე მყავს მეგობრები, მათ შორის - ჩვენი ასოციაციის წევრები, ვინც ვეღარ გაუძლო და შეწყვიტა მკურნალობა. ერთ-ერთს თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. მე მთლად ამ დონემდე არ მივსულვარ, მაგრამ ისე ვიყავი, ოჯახის წევრების დანახვაც კი აღარ მინდოდა, მაგრამ შინ მარტო დარჩენისაც მეშინოდა. ცალკე ოთახში განვმარტოვდებოდი და არც არავინ უნდა შემოსულიყო, არც მე მინდოდა იქიდან გასვლა. ძალიან ღრმა დეპრესია მქონდა, მაგრამ... მაინც ბოლომდე მივიყვანე მკურნალობა. ვირუსის რაოდენობა ნულისკენ წავიდა და, როგორც მახსოვს, რაღაც რაოდენობა რჩებოდა ორგანიზმში, მაგრამ ლაბორატორიული კვლევა მას ვეღარ აფიქსირებდა. ერთწლიანი მკურნალობის შედეგად ვირუსი განულდა. ერთი წლის შემდეგ რომ გადავიმოწმე, აღმოჩნდა, რომ ვირუსი იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე - მკურნალობამდე. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა... როგორც მახსოვს, პირველ გენოტიპზე ანუ რაც მე მქონდა, მკურნალობის ეს კურსი მხოლოდ 40%-ზე მოქმედებდა შედეგიანად, მე კი, სამწუხაროდ, ამ 40%-ში ვერ მოვხვდი. და მაინც, სიმძიმის, გვერდითი მოვლენების მიუხედავად, ამ მკურნალობამ დადებითი შედეგი მაინც გამოიღო, რადგან ერთწლიანი რემისია მქონდა - ფაქტობრივად, ღვიძლმა დაისვენა და ორგანიზმიც მომძლავრდა.

  • უარი ძველ ჩვევებს

- ვირუსის განულების შემდეგ, არათუ იმ წელს, 16 წლის განმავლობაში წვეთი ალკოჰოლური სასმელი არ მიმიღია. ვიცი, რომ ის ღვიძლის ყველაზე დიდი მტერია. თამბაქოსაც არ ვეწეოდი. რაც შეეხება ინტერფერონით მკურნალობას, მან მომცა საშუალება, რომ სახელმწიფოს პროგრამების დაწყებამდე მიმატანინა სიცოცხლე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ გადავრჩებოდი. მაშინ, 2007 წელს, განმეორებით მკურნალობაზე უარი მითხრეს, რადგან ეფექტიც ნაკლები იქნებოდა და ზიანს მეტს მივიღებდი. უცხოეთში, კერძოდ, საფრანგეთში წასვლასაც ვფიქრობდი, მაგრამ ეს ფიქრები მაინც სხვადასხვა პრობლემამდე მიდიოდა, განსაკუთრებით - ფინანსებთან. ამ ფიქრებში დრო გავიდა. დაბინძურებულმა სისხლმა ბევრი თანმხლები დაავადება დამიმატა - ფსორიაზი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვთა ანთება, თანაც - საკმაოდ მძიმე ფორმის, რადგან ისეთი ტკივილი მქონდა, ფეხსაცმლის თასმებსაც ვეღარ ვიკრავდი... მოკლედ, წლების განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიარე... მერე კი ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზეც ალაპარაკდნენ...

თავიდანვე იმედით შევხედე ამ პროგრამას და 2015 წელს, შემოიტანეს თუ არა მედიკამენტის პირველი პარტია, ყველაზე მძიმე პაციენტებს დაგვიწყეს მკურნალობა - ვგულისხმობ მედიკამენტ სოფოსბუვირს, რომელსაც რიბავერინთან ერთად ვიღებდით. ეს იყო 6-თვიანი კურსი. მკურნალობის დაწყებიდან, მალევე, თვალნათლივ ვიგრძენი უკეთესობა. ვასკულიტისგან ფეხის წვივები გაშავებული მქონდა და ნელ-ნელა აილაგმა. თითქოს, ფსორიაზიც დამშვიდდა. ფსიქოლოგიურადაც ბევრად უკეთესად ვიყავი, მაგრამ მკურნალობის დასრულებიდან მალევე ფეხებზე კვლავ შევნიშნე სისხლძარღვთა ანთების ნიშნები. ძალიან გამიკვირდა და სამი თვის შემდეგ, პროგრამით რომ გადამიმოწმეს ანალიზები, ვირუსი კვლავ აღმომაჩნდა. ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათი იყო, რადგან, როგორც მახსოვს, ამ მკურნალობით 80% იკურნებოდა და 20% - ვერა. ჩემზე კვლავ არ გაჭრა მკურნალობამ. ექიმმა მითხრა, რომ სახელმწიფოს უფასო პროგრამით კიდევ ერთი ახალი პრეპარატი შემოდიოდა - ჰარვონი, რომელიც უშუალოდ პირველი - ყველაზე რთული გენოტიპისთვის შეიქმნა და ის იქნებოდა ეფექტიანი. და მართლაც შემოიტანეს ჰარვონი, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერილი ჩემს ვირუსს! ყოველწლიურად მაინც ვიმოწმებ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა - ნელ-ნელა ღვიძლის დაზიანების ხარისხი იკლებს - მაჩვენებელი 47-დან 29-მდეა ჩამოსული. ის ოთხი წელი - 2001-დან 2005 წლამდე, როდესაც მე არ მივაქციე ყურადღება ჩემს დიაგნოზს და არ ვიმკურნალე თუნდაც იმ საშუალებებით, რაც იმ პერიოდში არსებობდა, მივედი სავალალო შედეგამდე - ვგულისხმობ, როგორ დავიმძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენჯერ მომიხდა მკურნალობის ხელახლა დაწყება! დღეს კი უდიდესი მადლიერებით დავდივარ, რადგან ამ პროგრამით სახელმწიფომ უფასოდ გვიმკურნალა და უამრავ ადამიანს შეგვინარჩუნა სიცოცხლე - გაგვაცოცხლა.

  • "ჩვენ დავამარცხეთ C“

განკურნების შემდეგ რამდენიმე მეგობარმა შევქმენით განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - "ჩვენ დავამარცხეთ C“ და, იქიდან მოყოლებული, ვცდილობთ, სოციალურ ქსელებით, სატელევიზიო ჩართვებით, ქალაქ-ქალაქ თუ სოფელ-სოფელ მოსახლეობასთან შეხვედრებით ავუხსნათ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია, შეიმოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან უნებლიეთ ან საკუთარ თავს არ მიაყენონ ზიანი, ან გარშემო მყოფ ადამიანებს - ოჯახის წევრებით დაწყებული, მეგობრებით და, თუნდაც, უცნობებით დამთავრებული. სწორედ ამ გაურკვევლობამ შეიწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გავიარეთ ჩვენ მძიმე გზა და ახლა თქვენ გთხოვთ, იგივე არ გაიმეოროთ, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - საკუთარი ოჯახის წევრების და სხვა ადამიანების წინაშე. მით უფრო, რომ კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გადადებთ და ნურც დაიზარებთ - გაიკეთეთ მარტივი ტესტი, რომელიც დაადგენს, გაქვთ თუ არა C ვირუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა, რადგან... იგი სისხლით გადადის და შეიძლება, უნებლიეთ გადასდოთ სხვას შინ თუ გარეთ; რადგან შეიძლება ვირუსი ისე სწრაფად გამრავლდეს, ისე დაგიზიანოთ ღვიძლი, ღვიძლის კიბოც კი განვითარდეს; რადგან დაგვიანებულ მკურნალობას შეიძლება ღვიძლის გადანერგვამაც კი აღარ უშველოს! – "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“

ავტორი: ირმა ხარშილაძე