ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?

"არ გამოვრიცხავ, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს" - რამდენად რეალურია, რომ პუტინმა კიევისკენ სახმელეთო შეტევა კიდევ გაბედოს და რას უნდა ელოდოს რუსეთი უკრაინისგან?

ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ისევ უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციაზე ალაპარაკდა.

"უკრაინამ უნდა შეასრულოს ჩვენი წინადადებები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს", - განაცხადა ლავროვმა. რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, მისი მტკიცებით, ბურთი "რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა".

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლავროვის განცხადების ქვეტექსტში ოკუპანტი ქვეყნის კიევზე მორიგი შეტევა იკითხებოდეს, მეტიც, იმასაც უშვებენ, რომ კრემლმა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად სახმელეთო შეტევებისთვის ისევ გამოიყენოს მოსაზღვრე ბელორუსის ტერიტორია, ან სულაც ომში ჩართოს ლუკაშენკოს არმია. ეს ვერსია ირეალურად ეჩვენება პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს:

"ამ შემთხვევაში ლავროვს არაფერი ახალი არ აქვს სათქმელი და ერთი და იმავეს ატრიალებს. მათ არც არაფრის შეთავაზება შეუძლიათ, გარდა ერთისა - უკან დახევა, რისთვისაც რუსები შინაგანად მზად არ არიან და რაც იმას ნიშნავს, მარცხი აღიარონ. ოკუპანტებს ამის გაკეთების ეშინიათ და ერთი და იმავეს ატრიალებენ. ამ შემთხვევაში ყველანაირი უპირატესობა უკრაინის მხარეზეა. ლავროვი იმეორებს იმავე დემაგოგიას, რაც იყო ადრე. მას რამდენიმე თვის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ომის შეჩერება შეუძლია რუსეთს და უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები. ამაზე რუსეთი პასუხობს, რომ ომი შეაჩეროს უკრაინამ, ანუ გადაბრალების ტაქტიკაა, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ჩაბარდეს, ასეთი რამ კი არ მოხდება. ლავროვის განცხადება არაფერს ცვლის და არც მგონია, ვინმემ სათვალავში მიიღოს იმიტომ, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები არ არის. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსებს წარუმატებლობის, დამარცხების აღიარება არ უნდათ, რაც მათ ამდენი ხნის განმავლობაში აქვთ. კრემლს ყოველთვის აქვს კიევზე იერიშის მიტანის სურვილი, მაგრამ შესაძლებლობები, რაც დღეს უკრაინას აქვს, ძალიან განსხვავდება - დღეს მას თავდაცვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, მით უმეტეს, როდესაც "პეტრიოტები“ ამოქმედდება, რომელიც ძალზე სერიოზული სისტემაა. უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით ძლიერი იქნება, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ რუსეთს ცდუნება ყოველთვის აქვს, კიევს დაარტყას და ახალი იერიში მიიტანოს მასზე, თუმცა მისი სურვილი ყოველთვის არ შეესაბამება შესაძლებლობებს. ეს დისბალანსი მომავალში კიდევ უფრო ცხადი იქნება, ვინაიდან კიევის თავდაცვისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება.

კიევი, 2022 წლის დეკემბერი

100%-ით ვინმეს მხარეს გარანტიის მიცემა შეუძლებელია, მაგრამ ვიცი, რომ ბელარუსის დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, პირდაპირი ჩარევა თავიდან აიცილოს, რაც თავად მისთვის იქნება სერიოზული პრობლემა. ლუკაშენკო ბოლომდე შეეცდება, რომ არ იყოს პირდაპირ ჩართული საომარ მოქმედებაში. მართალია, მისი ინფრასტრუქტურა გამოიყენება, მაგრამ უშუალოდ ბელარუსების მონაწილეობა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. ზეწოლა ბელარუსზე დიდია, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს კიდეც, ამას გარდამტეხი მნიშვნელობა არ ექნება, რეალურად, ეს არ არის ის თემა, რომელიც ბალანსს შეცვლის“.

რუსი ოკუპანტების ბელორუსიდან შეჭრა და შეტევა კიევზე, რუკა 2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ლავროვის განცხადება უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციაზე უკვე სასაცილოა, ვინაიდან რუსეთს ეს ჩანაფიქრი პირიქით გამოუვიდა - მიაღწია უკრაინის მილიტარიზაციას და უკრაინელი ერის გაერთიანებას.

"მაშინ, როცა რუსეთი მოულოდნელად დაესხა თავს უკრაინას, ლავროვის განცხადება შეიძლება მართლა ყურადსაღები ყოფილიყო, მაგრამ ომის ათმა თვემ აჩვენა ის უდიდესი პრობლემები, რაც რუსეთის ხელისუფლებას და არმიას გააჩნია. კრემლს რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, არაფერი გამოუვიდა - არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკრაინის დაახლოებით 20%-მდე აქვთ ოკუპირებული, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია განახორციელოს უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაცია, უკვე სასაცილოა. ყველაფერი პირიქით მოხდა - ამ ომის შემდგომ უკრაინის არმია გაძლიერდა და მანამდე მისი რიცხვი თუ 250 ათასი იყო (ფურცელზე), დღეს უკვე რეალურად მილიონს მიაღწია - მილიონმა უკრაინელმა, როგორც კაცმა, ისე - ქალმა ხელში აიღო იარაღი (მარტო ფრონტის ხაზი არ იგულისხმება). ასე რომ, რუსეთმა უკრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად, მილიტარიზაციას მიაღწია. არ ვიცი, რას გულისხმობენ დენაციფიკაციაში, მაგრამ აქაც პირიქით მოხდა - უფრო შეიკრა უკრაინელი ერი. ვიდრე რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, უკრაინაში ჩვენზე არანაკლები პრობლემები იყო - პარტიული ორთაბრძოლები რადაში, ხალხი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, მაგრამ ამ ომმა შეკრა ხალხი, მათ ეს კინკლაობა დროებით გვერდზე გადადეს, ვინაიდან გამოჩნდა მთავარი და ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე რუსეთის სახით. ნატოსთან მიმართებაშიც რუსეთს პირიქით გამოუვიდა - ალიანსში 30 ქვეყანა იყო და ორმა ქვეყანამ (ფინეთი და შვედეთი), რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თავს იკავებდნენ გაწევრიანებისგან, ახლა გადაწყვიტეს ნატოსთან შეერთება, ანუ რუსეთმა თავის საზღვართან ნატოს ორი წევრი "გაიჩალიჩა“. ეს ქვეყნები არაა ხელწამოსაკრავი, მათ სერიოზული შეიარაღებული ძალები და სამხედრო მრეწველობა აქვთ მთელს ევროპაში, განსაკუთრებით - შვედეთს", - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, ლავროვის მტკიცებით, ბურთი "რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა“ და "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა". ირაკლი ალადაშვილის აზრით კი, ლავროვის ეს მესიჯი უკრაინის ჩაბარებას გულისხმობს, რასაც არ უნდა მოველოდეთ.

"უკრაინა ამბობს, ერთადერთ შემთხვევაში შევაჩერებთ ომს, თუ მოხდება 1991 წლის საზღვრების აღდგენა. როცა რუსეთი კონფლიქტის შეჩერებაზე საუბრობს, ამაში ჩაბარება იგულისხმება. პროპაგანდისტები და მისი მიმდევრები რომ გაიძახიან, ხალხს ახოცინებს პრეზიდენტიო, ოჯახში რომ ვინმე შემოგივარდეს, უნდა დაუთმო ყველაფერი, თუ მის დასაცავად იბრძოლო? თავის დროზე ეს ჩვენ ვერ შევძელით, ძალა არ გვეყო და ეს გასაგებია, მაგრამ უკრაინამ, მართალია, ქალაქების ნგრევისა და დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ შეძლო დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასრულდებოდა პუტინის ოცნება და ერი დაიკარგებოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები ყველა ძალის კონცენტრაციას ახდენენ, რათა ახალ წლამდე, როგორმე ბოლომდე დაიპყრონ ქალაქი ბახმუტი (სამწუხაროდ, უკვე ყოფილი ქალაქი) და ეს "საახალწლო საჩუქრად" უძღვნან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ბახმუტის დაკარგვა, მართალია, გააადვილებს რუსი ოკუპანტების შემდგომ შეტევებს კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ, მაგრამ უკრაინის არმიისთვის რამე სერიოზულ მარცხს არ გამოიწვევს, რადგან ბახმუტიდან 30-ოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკამდე უკრაინელებმა უკვე მოასწრეს სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოწყობა.

ხარკოვისა და ხერსონის განმათავისუფლებელი კონტრიერიშების შემდეგ, საბრძოლო ინიციატივა უკრაინის არმიის მხარეს გადავიდა და ამ დროს დონბასში ბახმუტის დათმობა, რომლის შემდგომ დასაბრუნებლად უკრაინელებს შეიძლება ათჯერ მეტი დანაკარგი ჰქონდეთ, არ ჯდება ოფიციალური კიევის გეგმებში. დღეს უკვე შეიცვალა თავად შეტევების ტაქტიკაც - თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი უკრაინელების თავდაცვის ზღუდეებზე დიდი ძალებით იერიშებზე კეთდებოდა, ახლა ოცკაციანი მოიერიშე ჯგუფებით ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებიდან დაარტყან უკრაინელების პოზიციებს და ამ საიერიშო მოქმედებებს, ძირითადად, პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯგუფები ახორციელებენ. აქამდე კრემლში იმედოვნებდნენ, რომ ახალ წლამდე ისინი შეძლებდნენ არა მარტო ბახმუტის, არამედ - კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობასაც და დონეცკის ოლქის ადმისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, რათა რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობისთვის დაემტკიცებინათ, რომ ხელისუფლება იცავს მიერთებულ "რუსულ მიწებს"...

ახალ წლამდე კრემლის ეს ოცნებები, საბედნიროდ, ვერ ახდება, დიდი ალბათობით, რუსი ოკუპანტები ვერც ბახმუტს დაიკავებენ ბოლომდე და უფრო მეტიც - უკრაინის არმიამ შეიძლება თავად "შესთავაზოს" დიდი სიურპრიზი ახალი წლის დღეებში რუს დამპყრობლებს ისე, რომ პუტინის არმიას ბახმუტისთვის აღარ ეცალოს.

რუსეთი თავის ხალხს მიულოცავს ამ ქალაქების დაბომბვით, რაკეტებით, სამაგიეროდ, ვფიქრობ, უკრაინელებიც დიდი სიურპრიზს უმზადებენ რუსებს - ჩემი ვარაუდით, რეალურია, რომ კიევმა მოსკოვს საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს, ეს ლოგიკურად მოხდება...“

ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა მართლაც თავის ჭკუაზე გადაიყვანოს ლუკაშენკო, რომელიც დღემდე ცდილობს, ომში არ ჩაერთოს, ან შესაძლოა, ეს რუსების ეშმაკური გათვლაა, რაც უკრაინის არმიის დიდი ძალების ბელარუსის საზღვართან გადასროლას გულისხმობს.

"ბელარუს-უკრაინის საზღვრთან უმთავრესად ჭაობებია, არ არის გაშლილი ველები. თავიდან, 24 თებერვალს, როდესაც თავდასხმა მოხდა, ლუკაშენკომ რუსებს ტერიტორია დაუთმო და მათაც უკრაინას ბელარუსის მხრიდან შეუტიეს. ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე სულ რაღაც 90 კილომეტრია. ახლა განმეორდება თუ არა იგივე შეტევა, ძნელი სათქმელია. გასაგებია, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვა არ უნდა, ხვდებიან, რომ უკრაინასთან ასწლოვანი მეგობრობა აკავშირებთ და არ უნდა გააფუჭონ საქმე.

ორი ვარიანტია:

1. არ არის გამორიცხული, პუტინმა ლუკაშენკო მართლა გადაიყვანოს თავის ჭკუაზე და როცა ნიადაგი გაიყინება, შესაძლოა შეტევა ამ მიმართულებიდანაც მოხდეს.

2. ან ეს ყველაფერი არის თამაში, სამხედრო ეშმაკობა იმისათვის, რომ რუსეთმა მოახდინოს უკრაინის არმიის დიდი ძალების გადასროლა ბელარუსის საზღვართან (მე უფრო მეორე მგონია).

ბახმუტშიც იგივე მოხდა - რუსებმა ბახმუტს რომ შეუტიეს, უკრაინა იძულებული გახდა მთელი ძალები იქ გადაესროლა, მაშინ, როდესაც ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, წესით, შეტევა ყირიმის მიმართულებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე უნდა განხორციელებულიყო. ეს ადრე თუ გვიან მოხდება, ანუ უკრაინა უნდა გავიდეს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ახლა ვერ აკონტროლებს. იმის გამო, რომ რუსებმა მთელი ძალებით შეუტიეს ბახმუტს, უკრაინა იძულებული გახდა, გადაედო კონტრიერიში და თავდაცვაზე გადასულიყო. ბახმუტის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ შემდეგ უკვე კრამატორსკს მიადგებიან და მერე მის უკან დაბრუნებას 10-15-ჯერ მეტი ძალები დასჭირდება“, - ამბობს ალადაშვილი.