ავტორი:

"დედაჩემის პანაშვიდებზე, დაკრძალვაზე ძალიან ცივად ვიყავი... ვიღაცამ მითხრა, სანთლის ფიგურასავით იდექიო" - რას იხსენებს გიორგი გაბუნია?

"დედაჩემის პანაშვიდებზე, დაკრძალვაზე ძალიან ცივად ვიყავი... ვიღაცამ მითხრა, სანთლის ფიგურასავით იდექიო" - რას იხსენებს გიორგი გაბუნია?

გიორგი გაბუნია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დედის გარდაცვალების დროს არ უტირია, რადგან ცოტა ხნით ადრე მეგობარმა თავი მოიკლა და სრულიად გამოფიტული იყო. თუმცა მოხდა ისე, რომ დაკრძალვის შემდეგ, ნიკა გვარამიასთან სტუმრად მისულმა მისმა გოგონამ რომ გაიგო, გიორგის დედა დაიღუპა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. გაბუნიამ გაიხსენა ის პერიოდიც, როდესაც ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა...

გიორგი გაბუნია:

- რომ არა დედა, ტელევიზიაში არ ვიქნებოდი... პირველად რეპორტიორი მის გადაცემაში ვიყავი. როდესაც სტიქარი მეცვა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს იყო ის, რაც ძალიან მინდოდა, ოღონდ მორიდებული ვიყავი, ოცნებასავით იყო ჩემთვის. ერთ დღესაც მოძღვარმა საკურთხეველთან მიმიყვანა და გიგი უგულავას ეკავა ნაკურთხი წყალი და სტიქაროსნად მაკურთხა. ძალიან ბედნიერი ვიყავი...

დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ არ მიტირია. მანამდე ჩემმა მეგობარმა თავი მოიკლა და ძალიან გამოფიტული ვიყავი, რომ აღარც ტირილის და არაფრის თავი არ მქონდა. დედაჩემის პანაშვიდებზე, დაკრძალვაზე, ძალიან ცივად ვიყავი. ვინც მნახა, შეამჩნევდა კიდეც. ვიღაცამ მითხრა, სანთლის ფიგურასავით იდექიო. მაგრამ ამის შემდეგ ნიკასთან რომ მივედი სახლში, მისმა მეუღლემ სოფომ თავის პატარა შვილს ქექეს უთხრა, რომ გიორგის დედა გარდაიცვალაო. ამ ბავშვმა ისეთი ტირილი დაიწყო, რომ არავის ასე არ უტირია. ეს წარმოუდგენელი იყო, მეხუტებოდა, ვამშვიდებდი. ისე ტიროდა, რომ ვერ შევიკავე თავი და ცრემლები მომდიოდა. იმიტომ რომ ენით აღუწერლად დაიტირა დედაჩემი ამ ბავშვმა.

ჩემი ცხოვრება თავგადასავალია, არ ვებრძვი იმ ცხოვრების დინებას, რომელიც ჩემთან მიდის კალაპოტში და ამის გადათხრას არ ვცდილობ. მშვიდად მივყვები, მაგრამ ვცურავ. ხშირად მეკითხებიან, ტელევიზიაში როდის დაბრუნდებიო, მაგრამ წინასწარ არ ვიცი...