ავტორი:

დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი. დიზაინერის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ვესტვუდი 29 დეკემბერს საკუთარი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

"მსოფლიოს სჭირდება ვივიენის მსგავსი ხალხი, რათა ის უკეთესობისკენ შეიცვალოს. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე აკეთებდა იმას, რაც უყვარდა, მუშაობდა საკუთარ დიზაინზე, წერდა წიგნებს და ცდილობდა, სამყარო უკეთესი გაეხადა", - წერია მოდის სახლის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ვივიენ ვესტვუდმა სახელი 70-იან წლებიდან მოიხვეჭა, როდესაც მან მალკოლმ მაკლარენთან ერთად ტანსაცმლის მაღაზია SEX გახსნა და მალევე "პანკის დედოფლის" წოდება დაიმსახურა. მისი მაღაზიის აქტიური მომხმარებლები იყვნენ პანკ როკის ლეგენდის Sex Pistols-ის წევრები. 1981 წელს ვესტვუდმა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Vivienne Westwood დააარსა.

2006 წელს, დედოფალმა ელისაბედ მეორემ ვივიენ ვესტვუდს, მისი სამოქალაქო აქტივიზმისთვის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალი კომანდორის ტიტული მიანიჭა.